ზოგიერთი ადამიანი 90 წლის ასაკშიც საღად აზროვნებს, მის ტვინში ცოტა ამილოიდური ცილის დაფაა (ალცჰაიმერის დაავადების ნიშანი). რატომ?
მკვლევარები ამ კითხვაზე პასუხს ეძებდნენ 100 ადამიანში, რომელთაც დემენცია არ ჰქონდათ. კვლევის სუბიექტების საშუალო ასაკი 92 წელია. მათ თითქმის 14 წელი აკვირდებოდნენ. მათი პასუხი? გენეტიკური წარმატების და ჯანმრთელობის კომბინაცია, სრულყოფილი ცხოვრების წესი.
კვლევის ანგარიში 22 ივლისს ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა.
„სიბერის პრობლემების და ალცჰაიმერის დაავადებების შემსწავლელი მეცნიერული კვლევების უმეტესობა ცდილობს გაარკვიოს, თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს დაავადებას და მეხსიერების გაუარესებას. ჩვენ ეს საკითხი თავიდან ბოლომდე გადავაყირავეთ ერთი კითხვის დასმით: „რა გვიცავს დაავადებებისა და დარღვევებისგან, როცა 90 წლის ვართ?“ – ამბობს კვლევის ლიდერი ბეტ სნიტცი, ნევროლოგიის პროფესორის ასისტენტი პიტსბურგის უნივერსიტეტში. – „ამ ტიპის გამძლეობის გაცნობიერება შეიძლება დემენციის თავიდან აცილების გზების დადგენაში დაგვეხმაროს“ – ამატებს სნიტცი.
გენეტიკა
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს გენის მუტაციით APOE2, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების უფრო დაბალ რისკს უკავშირდება, ამილოიდური დაფების განვითარების ალბათობა უფრო ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც ამ ვარიანტის გენი არ ჰქონდათ. ფაქტიურად, შედეგებმა აჩვენა, რომ მუტაცია APOE2 დაფების განვითარების რისკს 6-ჯერ ამცირებს.
ცხოვრების წესი
„ზოგიერთი მახასიათებელი, რომლებიც ალცჰაიმერის პათოლოგიის რეზისტენტობას ან გამძლეობას უკავშირდება, შეიძლება კორექტირდეს: მაღალი წნევა, თამბაქო და ზოგადი კმაყოფილება ცხოვრებით“ – ამბობს მარია კორადა, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეხსიერების დარღვევის და ნევროლოგიური აშლილობის ინსტიტუტში ეპიდემიოლოგიის პროფესორი.
ამ მიზნების მიღწევა შეიძლება იყოს მეთოდი, რომ ალცჰაიმერთან დაკავშირებული ტვინის ანომალიის მიმართ უფრო გამძლე გავხდეთ.
„ჩვენ ვთვლით, რომ არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც ცხოვრების წესთან მიმართებაში შეიძლება. მას შეუძლია კარგი კოგნიტური ჯანმრთელობის მხარდაჭერაში დაგვეხმაროს“ – ამბობს ის.