კლივლენდ კლინიკის თანახმად, დღეში 4-8-ჯერ შარდზე გასვლა ნორმალურია. მიზეზი, რომელიც ამის უფრო ხშირად გაკეთებას გვაიძულებს – საკმაოდ ბევრია. „ვივიენმა“ გაარკვია, თუ რომელი მათგანია ჯანმრთელობისთვის სახიფათო.
საშარდე გზების ინფექციები. დიაბეტის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების და თირკმლის დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIDDK) თქმით, ამ ინფექციების უმეტესობა შარდის ბუშტში ვითარდება, სადაც პათოგენები ნაწლავებიდან ხვდებიან. ორგანოში ანთება და გაღიზიანება ჩნდება, რაც მუდმივად შარდზე გასვლის სურვილს გვიტოვებს, მაშინაც კი, თუ საკმარისი რაოდენობით შარდი დაგროვებული არაა.
„ასეთი ინფექციები აუცილებლად ექიმთან უნდა იმკურნალოთ, რომელიც აუცილებელ ანტიბიოტიკებს დაგინიშნავთ. ამის გადატანას არ დაელოდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თირკმლის ინფექცია შეიძლება განვითარდეს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლისთვის სახიფათოა“ – გვაფრთხილებენ უროლოგები.
საშვილოსნოს მიომა. იმის მიუხედავად, რომ წარმონაქმნი ისეთ სახიფათოდ არ ითვლება, როგორც სიმსივნე (მიომა – დადებით თვისებიანი სიმსივნეა), ის ზომაში შეიძლება გაიზარდოს. ამ შემთხვევაში შარდის ბუშტზე ზედმეტი ზეწოლა ხდება, რაც ტუალეტში ხშირად გასვლას გვაიძულებს. მიომამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა, მტკივნეული თვიური, ტკივილი სექსის დროს, გართულებები ორსულობის და მშობიარობის დროს.
ინტერსტიციული ცისტიტი. ამ მიზეზს ნევროლოგიური ხასიათი აქვს: მენჯის ნერვების მიერ ტვინისთვის სიგნალების გადაცემა დარღვეულია. ის იღებს შეტყობინებას, რომ შარდის ბუშტი სავსეა და აუცილებელია სითხისგან დაცლა, მაშინაც კი, თუ სითხე მცირეა. ტუალეტში ხშირი გასვლა მენჯის არეში, საშოსა და ანუსს შორის, აგრეთვე ინტიმური ურთიერთობის დროს დისკომფორტს და ტკივილს იწვევს.
დიაბეტი. ტუალეტში ხშირი გასვლის ერთ-ერთი სახიფათო მიზეზია. დაავადებისთვის დამახასიათებელი ჭარბი შაქარი შეიძლება სისხლში დაგროვდეს, რაც თირკმლებს ზეგანაკვეთურად მუშაობას აიძულებს, რომ სისხლი გაფილტროს და ის შთანთქას. როცა თირკმლები დამატებით დატვირთვას ვერ უმკლავდებიან, შაქარი ქსოვილების სითხესთან ერთად შარდში ხვდება – ეს კი ტუალეტში ხშირად გასვლას გაიძულებთ.
მენჯის დიაფრაგმას დაზიანება. მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს, ყველაზე გავრცელებული უკავშირდება მენჯის ღრუს ორგანოების ამოვარდნას, ნაწლავების და შარდის ბუშტის კონტროლის პრობლემებს. მისი გამოწვევა შეუძლია მძიმე მშობიარობას, ტრავმას, ასევე სიბერეს, რომლის დროსაც შარდის ბუშტის კუნთები სუსტდება.
შარდკენჭოვანი დაავადება. უკიდურესად ხშირი შარდვა შეიძლება შარდის ბუშტში კენჭების არსებობის ნიშანი იყოს. მოულოდნელი შეტევები ჩნდება სიარულის, რყევის და ფიზიკური დატვირთვის დროს. შარდვის დროს „რაკეტის გასროლის“ სიმპტომი ჩნდება, როცა ის მოულოდნელად ჩერდება, თუმცა ბუშტი მთლიანად დაცლილი არაა – ამასთან შარდვა მხოლოდ სხეულის პოზიციის ცვლილების შემდეგ ჩნდება.