თითის მოხრის უუნარობა, ხელების ჩხვლეტა და გაშეშება შეიძლება მე-2 ტიპის დიაბეტის მოულოდნელი სიმპტომები იყოს. გარდა ამისა, დიაბეტზე მიგანიშნებთ ღრძილების დაავადებები, მადის გაზრდა და გადაძღომა, წერს Health Site.
როგორც წესი, მე-2 ტიპის დიაბეტს თვალსაჩინო სიმპტომები თან არ ახლავს. სისხლში შაქრის მაღალი დონის შესახებ მინიშნება სხეულმა შეიძლება მოულოდნელი სიმპტომებით მოგცეთ. დაავადების ცნობილი ნიშნების გარდა, როგორიცაა ხშირად წყურვილის შეგრძნება და უჩვეულოდ ხშირი შარდვა, დიაბეტის შესახებ სხვა ცვლილებებიც საუბრობს.
თითის მოხრის უუნარობა. ახლახანს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მდგომარეობა, როცა თითის მოხრა ან გასწორება შეუძლებელია, სისხლში შაქრის მაღალ დონეს და დიაბეტს უკავშირდება. თითებში სახსრების ასეთ „დაბლოკვას“ მომხრელი კუნთების (თითების მოქნილობას და მოძრაობას უზრუნველყოფს) დამცავ საფარში ქსოვილის ჭარბი ზრდა იწვევს. თავის მხრივ, ქსოვილების ზრდაზე სისხლში გლუკოზის გაზრდილი კონცენტრაცია გავლენას ახდენს.
ღრძილების პრობლემები. ჟურნალში BMJ Open Diabetes Research&Care გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ღრძილების ინფექცია შეიძლება სისხლში შაქრის მაღალი დონის, პრედიაბეტის და დიაბეტის ნაადრევი ნიშანი იყოს. პირის ღრუს მდგომარეობასა და მეორე ტიპის დიაბეტს შორის ასეთი კავშირი ღრძილების მძიმე ინფექციის მქონე ადამიანებში მკაფიოდ გამოხატულია.
ბევრი ჭამა. სისხლში გლუკოზის სტაბილური დონის გაკონტროლების უუნარობის გამო მე-2 ტიპის დიაბეტიკები მუდმივად შიმშილის გრძნობას განიცდიან – ზოგჯერ დანაყრებას ჭამის შემდეგაც ვერ გრძნობენ. სისხლში შაქრის მაღალი დონით გამოწვეული შიმშილი ბევრ ჭამას გაიძულებთ.
ჩხვლეტა და გაშეშება. სისხლში შაქრის მაღალი დონე ნერვების დაზიანებას იწვევს, სწორედ ამიტომ, ხელებსა და ფეხებზე თქვენს შეგრძნებებს ყურადღება მიაქციეთ. მუდმივი ჩხვლეტა ან გაშეშება შეიძლება დიაბეტის სიმპტომები იყოს.