კვლევამ აჩვენა, რომ ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი მე-2 ტიპის დიაბეტის მკურნალობაში დაგეხმარებათ. სავსებით შესაძლებელია, რომ კაცობრიობამ გავრცელებულ მეტაბოლურ აშლილობასთან საბრძოლველად კიდევ ერთი ხელმისაწვდომი წყარო მიიღოს.
ბევრისთვის ცნობილია, რომ ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი ჯანსაღი კვების შესანიშნავი კომპონენტები არიან. ისინი არა მხოლოდ ანტიოქსიდანტების და ჯანსაღი ცხიმების, არამედ დიეტური ბოჭკოების მაღალ დონეს უზრუნველყოფენ. ახლა აღმოჩნდა, რომ ზეთისხილის ფოთლები ჯანმრთელობისთვის შესანიშნავად გამოდგება. ჟურნალში American Journal of Plant Sciences გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ფოთლების ექსტრაქტი სისხლში შაქრის დაბალანსების ხარჯზე მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კვლევითი სამუშაოები Fatih Sultan Mehmet უნივერსიტეტის თურქმა მეცნიერებმა სტამბოლში ჩაატარეს. მათ დაადგინეს, რომ ფოთლებს ანტიმიკრობული, ანტიჰიპერტენზიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნიათ. ფოთლების ანტიჰიპერგლიკემიური ზემოქმედება უფრო ძლიერი იქნება, თუ ექსტრაქტს ჩაის სახით მოადუღებთ. დიაბეტის მსხვერპლ ადამიანებს დიდწილად ინსულინის მომატებული დონე და სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებელი აქვთ. ეს ინსულინის რეცეპტორების დეფიციტს უკავშირდება, რომლებიც უჯრედებში გლუკოზის შესვლას და მათ ცვლას ხელს უშლიან.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ზეთისხილის ფოთლებში პოლიფენოლების წყარომ შეიძლება ინსულინის მიმართ მგრძნობელობა და მისი აქტივობა გაზარდოს, ასევე სისხლში შაქრის ცვლის პროცესების დროს თირკმელზედა ჯირკვლის რეაქცია გააძლიეროს. კვლევის ფარგლებში ზეთისხილის ზრდასრული ფოთლები გამოიყენებოდა, რომლებიც თურქეთში შეაგროვეს. მეცნიერებმა ექსტრაქტის გამოყოფის სხვადასხვა მეთოდები სცადეს – დუღილით დაწყებული ცივი დაწურვით და ექსტრაქტის სპირტიან ხსნარში მოთავსებით დამთავრებული. გაირკვა, რომ მეთანოლის გამოყენება ყველაზე უფრო ეფექტურია კონცენტრირებული და სტანდარტული ფორმის ოლეუროპინის მისაღებად – პოლიფენოლის და კომპონენტის, რომელიც ზეთისხილს სპეციფიკურ არომატს ანიჭებს. ეს ხსნარი მეტნაკლებად უფრო სტაბილურიც იყო.