ყველს ცხიმის მაღალი შემცველობის გამო კარგი რეპუტაცია არ აქვს, მაგრამ ამავდროულად ყველი ცილების კარგ წყაროს წარმოადგენს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებს შეიცავს. ბრიტანელი სპეციალისტები გიამბობენ, თუ რატომ არის სასარგებლო ყოველდღე მცირე პორცია ყველის მიღება. ამის შესახებ Focus.de წერს.
როგორც კვების ექსპერტი ჯულიეტ კელოუ აღნიშნავს, ყველი ხშირად დემონიზირებულია, რადგან მასში ბევრი კალორია, ცხიმები, გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები და მარილი შედის, მაგრამ ამასთან ის ბევრ სხვა მკვებავ ნივთიერებას შეიცავს.
„საკვების „კარგ“ და ცუდ“ ჯგუფებად დაყოფა გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს და შედეგად, ბევრ კარგ პროდუქტს ცუდი რეპუტაცია აქვს. ამასთან ისეთ პროდუქტებს, რომლებიც 100%-ით ნატურალურია. მაგალითად, ყველი“ – თავის კოლეგას მხარს უჭერს დიეტოლოგი რობ ჰობსონი.
ყველის ყოველდღე მიღების ერთ-ერთი მიზეზი: ეს პროდუქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებს შეიცავს. სპეციალისტების თქმით, ყველის სახეობიდან გამომდინარე ის შეიძლება შეიცავდეს A, B2, B6, B12, D და K ვიტამინებს. A ვიტამინი იმუნურ სისტემას მხარს უჭერს, B2 ვიტამინი კანის, თმის და ნერვული სისტემის ჯანსაღ მდგომარეობას უზრუნველყოფს. B6 ვიტამინი ჰემოგლობინის წარმოებისთვის აუცილებელია. B12 ვიტამინი ერითროციტების წარმოებისთვის, D ვიტამინი კალციუმის რეგულირებისთვის, K ვიტამინი კი სისხლის შედედებისა და ჭრილობის უკეთ შეხორცებისთვის აუცილებელია.
ყველი ცილების კარგ წყაროს წარმოადგენს, რომელიც ქსოვილების, უჯრედების და კუნთების ფორმირებისთვის, ასევე ჰორმონების და ანტისხეულების წარმოებისთვის გამოიყენება. ცილების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს ყველი ფეტა წარმოადგენს – ის ყველის სხვა სახეობასთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ცხიმს შეიცავს.
ყველის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა – ის კბილებისთვის ძალიან სასარგებლოა. ყველი დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს, რაც ძვლების და კბილების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. სტომატოლოგი ბილი შეფერის თქმით, ყველი კბილების და ძლიერი ყბის ძვლის წარმოქმნას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ყველი პირის ღრუში PH დონეს ამცირებს და კბილის ნადებს ებრძვის.
„როცა საქმე კბილების ჯანმრთელობას ეხება, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ, რომ პაციენტებმა ყველი მიირთვან, ვიდრე ხილის წვენი დალიონ. კვლევამ აჩვენა, რომ ტკბილი წასახემსებლის ჭამის შემდეგ ყველის მიღება ნერწყვის PH დონეს სწრაფად ნორმალურ მდგომარეობას უბრუნებს და ამით კბილების დაშლის რისკს ამცირებს“ – აღნიშნავს ბილ შეფერი.
რამდენი ყველი უნდა მიიღოთ? ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში ყველის რაოდენობა 30 გრამს შეადგენს. ზოგადად, სპეციალისტების აზრით, დღეში 2-3 ნაჭერი ნაკლებად ცხიმიანი რძის პროდუქტი უნდა მიიღოთ.