ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება შეიძლება ფხიზელ ადამიანსაც ჰქონდა. მსგავსი დაავადების დროს ღვიძლის უჯრედებში ანომალური სიმსუქნე იწყება, რაც ანთებას და საბოლოოდ, შეუქცევად დაზიანებას იწვევს. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ომეგა 3-ის შემცველი პროდუქტები მიირთვით.
ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება შეიძლება იმ ადამიანებსაც ჰქონდეთ, ვინც ნაკლებ სპირტიან სასმელს სვამს ან მათ საერთოდ არ ეკარება. პრაქტიკულად, ამ სახიფათო დაავადების შანსი ნებისმიერ ადამიანს აქვს, მაგრამ 40-50 წლის ასაკში, მუცლის არეში ჭარბი წონის მქონე ადამიანი უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. ცხიმოვანი ქსოვილების ამ ტიპის დაგროვების დროს ხშირად მეტაბოლური სინდრომი ვითარდება, რომელიც მე-2 ტიპის დიაბეტის წინამორბედია. მუცლის არეში ცხიმის მატება ორგანიზმის მიერ ინსულინის ეფექტურად დამუშავებას აფერხებს, მაღალ არტერიულ წნევას და სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მატებას იწვევს.
ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების განსაკუთრებული საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ მან ორგანოს გაცხიმოვნების გარდა შეიძლება ციროზის ან ღვიძლის უკმარისობის გამომწვევი ანთება გამოიწვიოს. ამასთან, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის მოხმარება ორგანიზმს ღვიძლის მექანიზმის დარღვევასთან გამკლავებაში ეხმარება.
ჟურნალში Nutrition Reviews გამოქვეყნებულმა 18 გამოკვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ რაციონში გრძელი ჯაჭვის მქონე ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის დამატება ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების კონტროლის საშუალებას იძლევა. ამ ნაშრომის ავტორები ფაქტიურად აცხადებენ, რომ ომეგა 3-ის მიღება, წონის კონტროლი და ფიზიკური ვარჯიშის გაზრდა მსგავსი დაავადების თერაპიიის პირველ საშუალებებს წარმოადგენენ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ომეგა 3 ღვიძლის ცხიმის შენახვასა და წარმოებაზე პასუხისმგებელი გენების აქტივობას ამცირებს და ანთებას ებრძვის. გარდა ამისა, ომეგა 3 სიმსივნის, ინსულტის და გულის უკმარისობის გამომწვევი ანთების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ ომეგა 3 ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს და აუტოიმუნური დაავადებების (კერძოდ, რევმატოიდული ართრიტი და ალერგია) განვითარებას აფერხებს.
ომეგა 3-ის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა დიდი რაოდენობით გვხვდება თევზებში (ორაგული, თინუსი, სკუმბრია, პალტუსი), ზღვის პროდუქტებში, სელის ზეთში, გაღვივებულ ხორბლის მარცვლებში, კაკალსა და ავოკადოში. ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეული, თეთრი და ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი შეიცავს.
ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების სიმპტომები. ჩვეულებრივ, ღვიძლი უსიამოვნების შესახებ მკაფიო სიგნალს არ იძლევა, თუმცა ანთების დროს მოცულობაში იზრდება. გარდა ამისა, ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების დროს შეიძლება აღინიშნოს:
- მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
- გვერდებში დიფუზური ტკივილი
- დაღლილობა
- ანორექსი
- გულისრევა და ღებინება
- შებერილობა