ზაფხულის დასაწყისში დგება დრო, მოვკრიფოთ ნივრის ისრები, რათა მეტი საკვები ნივთიერება დარჩეს თავებს. ნუ იჩქარებთ ამ ღეროების გადაყრას, რადგან ისინიც სასარგებლო და გემრიელია.
თუ მწვანე ნიორს დაუმატებთ სალათებს, პიცას, სენდვიჩებს, სოუსებს, ხორცსა და ყველს, ნებისმიერი კერძი უფრო არომატული, სასარგებლო და სასურველი გახდება. ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ და შეინახოთ ეს ვიტამინებით სავსე პროდუქტი მთელი წლის განმავლობაში.
ნივრის ისრები
ნივრის მწვანე ისრები უჩვეულოდ მდიდარია C ვიტამინით, მასში ეს ვიტამინი ბევრჯერ მეტია, ვიდრე მწვანე ხახვში. ნივრის ისრები ძალიან დაბალკალორიულია, 100 გრამში მხოლოდ 40 კალორიაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ ფიგურაზე და ჯანსაღი საკვებით იკვებება.
ნიორი მდიდარია რკინით. მასში რკინის შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე ვაშლში. იგი შეიცავს ორგანიზმისთვის ისეთ აუცილებელ ნივთიერებებს, როგორებიცაა: კალციუმი, იოდი და გოგირდი, რომელიც მცენარეს სპეციფიკურ სუნს აძლევს. ნივრის მწვანე ღეროებისგან დამზადებული ეთერზეთები მდიდარია ბუნებრივი ანტიბიოტიკებით, რომლებიც აფერხებს ბაქტერიებისა და მიკრობების განვითარებას.
როგორც ხედავთ, ნივრის ისრებს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, ამიტომ, თუ თქვენ ჩვენი რეცეპტით მოამზადებთ ნივრის ისრებს ზამთრისთვის, არა მხოლოდ კვების მენიუს გააფართოებთ არამედ ძალიან დიდ დახმარებას გაუწევთ თქვენს ჯანმრთელობას.
როგორ შევინახოთ მწვანე ნიორი ზამთრისთვის
ინგრედიენტები
- 500 გრ ნივრის ისრები
- 2 ცალი მწვანე პილპილი
- 2-3 ჩ.კ. მარილი
- 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ.კ. შავი პილპილი
- 1/2 ჩ.კ. ქინძი
მომზადება
1. გარეცხეთ ნივრის ისრები და მოაჭერით უხეში ნაწილები.
2. დაჭერით რამდენიმე ნაწილად.
3. ჩაყარეთ ბლენდერში, დაუმატეთ მარილი, ზეთი, მწვანე პილპილი და მშრალი სანელებლები.
4. დააფქვიეთ მწვანე მასა, უნდა მიიღოთ პიურესავით სქელი კონსისტენცია.
5. მოათავსეთ პიურე სილიკონის ფორმაში, რომელსაც მაფინების გამოსაცხობად იყენებთ.
6. სილიკონში მოთავსებული ნივრის ისრები შედგით საყინულეში.
7. ეს მასა მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ.
გემრიელად მიირთვით!