სადღესასწაულო სუფრები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი და საყვარელი ნაწილია. თუმცა, სასიამოვნო ჩამოსხდომა მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ასეთ სუფრაზე, ხშირად, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. გასაკვირი არაა, რომ დღესასწაულებზე ექიმებს საქმე უორმაგდებათ.
როგორ დავიცვათ თავი ჯანმრთელობის პრობლემებისგან? როდის უნდა გავიქცეთ ექიმთან და როდის შევძლებთ დამოუკიდებლად გამკლავებას? ჩვენ კონსულტაციისთვის გასტროენტეროლოგს მივმართეთ, რომელმაც აგვიხსნა, თუ როგორ მუშაობს საჭმლის მომნელებელი სისტემა, როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა პრობლემის დროს და რომელი ნაღველმდენი ბალახები უნდა მივიღოთ, თუ ეს დასაშვებია.
ნაღველმდენი ბალახები
1. ვსაუზმობ დილის 7-ზე, ხოლო ვვახშმობ 16:00-ის შემდეგ. ულტრაბგერით გამოკვლევაზე აღინიშნა ნაღველსადინარი გზების დისკინეზია. როგორ მოვიქცე?
“საჭიროა სწორი კვება: ხშირი და მცირე ულუფებად. ადამიანი საჭმლის მონელების ნებისმიერ პრობლემას თავად იქმნის. საკვების მიღებებს შორის დიდი ინტერვალები იწვევს ნაღვლის ბუშტში არსებული კოლტების ქვებად გარდაქმნას.”
2. წახემსებისთვის ორცხობილები სჯობს თუ ფუნთუშა კარაქით?
“მეორე ვარიანტი უკეთესია. საქმე ისაა, რომ ცხიმიანი საკვები ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას. შეგიძლიათ მიირთვათ ფუნთუშა მაღალი ხარისხის კარაქთან ან ერთ ნაჭერ მყარ ყველთან ერთად. მშრალ ორცხობილებს კი, ცხელ სასმელთან ერთად მიღების შემთხვევაშიც კი, არ გირჩევთ, რადგან ნაღვლის ბუშტი ამ დროს ბოლომდე ვერ დაიცლება.”
3. როგორ უნდა ვისაუზმოთ?
“მსუყედ. საუზმეზე მიღებული პროდუქტი მსუყე და კალორიული უნდა იყოს. მაგალითად, შეიძლება კარგად ისაუზმოთ ხაჭოიანი არაჟნით, კარაქიანი ფაფით ან ყველიანი ბუტერბროდებით.”
4. როგორ ვივახშმოთ?
“ვახშამზე უპირატესობა უნდა მიანიჭოთ რძემჟავის პროდუქტს, ბოსტნეულის სალათს, გამომცხვარ ბოსტნეულს და მსგავს კერძებს. კარგია, როცა ვახშამი სწრაფად გადამუშავდება და აითვისება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმალურად ვერ დაიძინებთ და დილით დაღლილი გაიღვიძებთ.”
5. რას ფიქრობთ კვირაში ერთ განტვირთვის დღეზე?
“აღვნიშნავ, რომ შიმშილი და განტვირთვის დღეებიც კი, უკუჩვენებულია მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი ან წყლულოვანი დაავადება აქვს. თუ ადამიანი ჯანმრთელია, შეუძლია მთელი დღე გაატაროს მსუბუქ კერძებზე, რომლებიც მცენარეული ცელულოზით იქნება მდიდარი. მთავარია, ამ დროს დიდი რაოდენობით წყალი მიიღოს და საკუთარ შეგრძნებებს მოუსმინოს.”
6. რატომ გვინდება ფეხმძიმობის დროს ცარცის ღეჭვა?
“ორგანიზმი განიშნებთ, რომ ნაყოფს არ ჰყოფნის კალციუმი. ასევე, კარგი იქნება, თუ გემოგლობინის დონესაც განსაზღვრავთ – დიდი ალბათობით, ისიც დაბალი იქნება. ფეხმძიმე ქალბატონებს ხშირად ემართებათ რკინადეფიციტური ანემია და, ამ შემთხვევაში, უბრალოდ რეკომენდებულია რკინით მდიდარი პროდუქტი.”
7. რატომ ავადდებიან პანკრეატიტით ახალგაზრდობაში?
“რისკ-ჯგუფში არიან ნაღველკენჭოვანი დაავადებების მქონე და ალკოჰოლური სასმელების მოყვარული ადამიანები. ხშირი მწეველებიც რისკის დაახლოებით იმავე საფეხურზე არიან. დამღუპველი ჩვევები აუარესებს ორგანოების სისხლით მიწოდებას, ხოლო თუ კუჭქვეშა ჯირკვლის რომელიღაც მონაკვეთს სისხლი სრულყოფილად არ მიეწოდება, ეს დაავადება სავსებით რეალური ხდება.”
8. რა თავისებურებები აქვს ქრონიკულ პანკრეატიტს?
“ამ დაავადების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე. ხშირად, კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიული ანთების დროს, შაქრიანი დიაბეტი ჩნდება. ასეთ პაციენტებს უნიშნავენ ფერმენტებს საჭმლის მონელებისა და ათვისების პროცესის დასარეგულირებლად.”
9. დაახლოებით 6 თვეა, კუჭის ტკივილს ვგრძნობ. რას შეიძლება აღნიშნავდეს ეს ტკივილი?
“შიმშილისებრი ტკივილი – ძალიან გავრცელებული მიზეზია ექიმთან კონსულტაციისა. თუმცა, დიაგნოზისთვის გასტროსკოპიაა საჭირო. თუ ტკივილი არ ყუჩდება საკვების მიღების შემდეგ, შესაძლოა არსებობდეს მჟავასთან დაკავშირებული დაავადება(წყლულოვანი დაავადება ან თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება). ტკივილის მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს მარილმჟავას სიჭარბე – ეს ხშირია ახალგაზრდებში, რომლებსაც დიდი ინტერვალი აქვთ საკვების მიღებებს შორის.”
10. ზედმეტი ჭამის შემდეგ ვგრძნობ სიმძიმეს მარჯვენა გვერდში. შეიძლება ამის მიზეზი ნაღვლის შეკავება იყოს? როგორ დავაჩქარო მისი დენა? რომელი ბალახები მივიღო?
“ჯერ უნდა ჩაიტაროთ უბ-გამოკვლევა და დარწმუნდეთ, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭები არ გაქვთ. თუ ყველაფერი ნორმაშია, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნაღველმდენი პრეპარატებით ან ბალახებით მკურნალობა. თუმცა, თუ კენჭები აღმოგაჩნდათ, ასეთი მკურნალობა დაუშვებელია, რადგან კენჭებს შეუძლია ნაღვლის ძირითადი სადინრის გადაკეტვა და აუცილებელი გახდება გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.”
რაც შეეხება ნაღველმდენ საშუალებებს, ბევრი უპირატესობას ხალხურ რეცეპტებს ანიჭებს. მაგალითად, ხარშავენ პიტნის ფოთლებს. საქმე ისაა, რომ მცენარე შეიცავს მენთოლს, რომელსაც სპაზმოლიტური გავლენა აქვს ნაღვლის სადინრებზე. ამ ბალახის ჩაი გაცილებთ გულისრევასა და სიმძიმეს, აუმჯობესებს მადას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!