პოპულარულ ოთახის მცენარეს კალიზიას, რომელიც ხალხში ცნობილია, როგორც ოქროს ულვაში ან შორეული აღმოსავლეთის ულვაში, სახლის ჟენშენს ტყუილად არ უწოდებენ. უნიკალური სამკურნალო თვისებების და აქტიური ბიოლოგიური ნივთიერებების წყალობით სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება.
გარდა ამისა, მცენარე ძლიერი ბიოგენურ სტიმულატორად ითვლება, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ყველა უჯრედის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს.
ოქროს ულვაშის ნაყენი
ოქროს ულვაში, როგორც ალოე, კალანხოე, ნემსიწვერა, ისეთი მცენარეა, რომელიც ხელთ ყოველთვის უნდა გქონდეთ. მისი ღერო და ფოთოლი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს (A, C, B2, B3, B5) და მიკროელემენტებს (მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ქრომი, ნიკელი, ნატრიუმი, სპილენძი, მანგანუმი, ვანადიუმი, კობალტი).
მცენარეში შემავალ ფლავონოიდს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. მას ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია, ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა, თრომბის დაავადებების და სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს. გარდა ამისა, ფლავონოიდი იმუნიტეტს ზრდის და დაბერების პროცესს აფერხებს.
ხალხურ მედიცინაში ოქროს ულვაშს ნაყენის, ნახარშის, ზეთის და მალამოს სახით იყენებენ. შინაგანი გამოყენება რეკომენდებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის, კუჭის და ღვიძლის დაავადების, შარდკენჭოვანი დაავადების დროს და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
მცენარის ახალი ან მშრალი ფოთლებისა და ღეროების ნაყენი და ნახარში ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ასევე მას იყენებენ პირის ღრუს დაავადების, ანგინის, ფარინგიტის და ტონზილიტის დროს. ანტისეპტიკური თვისებების წყალობით მცენარეს ჭრილობის და ნაკაწრების გასაწმენდად იყენებენ. ახალი ფაფისგან დამზადებული კომპრესი ტროპიკული წყლულების და ძირმაგარას დროს გამოიყენება.
„მცენარის ყლორტები სამკურნალოა მხოლოდ მაშინ, როცა მეწამული ფერი აქვთ და მინიმუმ 9 ძარღვი გააჩნია“ – წერს ვლადიმერ ოგარკოვი წიგნში „ოქროს ულვაში საუკუნის დაავადების სამკურნალოდ“. სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად მცენარის ნაწილი უნდა გააგრილოთ: პოლიეთილენის პარკში შეფუთული მაცივარში (2-4 ტემპერატურა) 10-14 დღით უნდა შედგათ.
სპირტიანი ნაყენი გარეგნულად გამოიყენება ართრიტის, ართროზის, რადიკულიტის, დაჭიმულობის და ტრავმების დროს. ასევე ნაყენის შიგნით მიღება რეკომენდებულია ჰიპერტონიის, გასტრიტის და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ.
მცენარის წვენისგან დამზადებული მალამო და ზეთი კანის დაავადების, დერმატიტის, ჰერპესული ანთების, დამწვრობის, ჭრილობის და ნაკაწრის დროს გამოიყენება.
ზემოთ ჩამოთვლილი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ოქროს ულვაში სამკურნალო მიზნით უნდა გამოიყენოთ. თვითმკურნალობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ მცენარის მიმართ ალერგია არ გაქვთ. მცენარის ახალი ფოთოლი დაჭყლიტეთ და ფაფა მაჯაზე ან იდაყვზე წაისვით, 15 წუთით გაიჩერეთ, თუ სიწითლე და შეშუპება არ გექნებათ, მცენარე შეგიძლიათ სამკურნალო მიზნით გამოიყენოთ.
თუ ოქროს ულვაშის ნაყენი ან ნახარში ადრე არ გამოგიყენებიათ, მითითებული სამკურნალო დოზა სრულად არ გამოიყენოთ. ჯერ 1/3-ით ან უფრო სუსტი ნაყენით დაიწყეთ და მდგომარეობას დააკვირდით.
ქრონიკული დაავადების ან მდგომარეობის გართულებისას მკურნალ ექიმთან კონსულტანციის გავლა არ დაგავიწყდეთ. ოქროს ულვაშზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალების გამოყენება 16 წლამდე ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურე დედებზე, ენდემური ჩიყვის, ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე და შემდეგ რეკომენდებული არააა.
როგორ გამოვიყენოთ ოქროს ულვაში
1. ზეთი
ოქროს ულვაშის ზეთი შეგიძლიათ ორი მეთოდით გამოიყენოთ. პირველი: 15-20 დაქუცმაცებული ღერო ცეცხლგამძლე მინის ან ფაიფურის ჭურჭელში მოათავსეთ. 1 ლ გასუფთავებული მცენარეული ზეთი დაასხით და 40 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 8-9 საათით შედგით. შემდეგ გააგრილეთ და მარლაში გადაწურეთ. მუქი ფერის მინის ბოთლში გადაასხით და გრილ ადგილას შეინახეთ.
ზეთის მომზადების მეორე მეთოდი უფრო რთულია. 1 კგ მცენარის ახალი ღერო აიღეთ. ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და წვენი გამოწურეთ. გაწურული ღეროები გაახმეთ და ზეითუნის ზეთი პროპორციით 1:10 დაასხით. 3 კვირა დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და მუქი ფერის მინის ბოთლში შეინახეთ.
2. ნახარში
ოქროს ულვაშის ახალი ფოთლები და ღეროები (15-20 ღერო) დააქუცმაცეთ და ქვაბში მოათავსეთ. ცივი წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ. გააგრილეთ და რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ. მაცივარში მაქსიმუმ 2 დღით შეინახეთ. 3 კვირის განმავლობაში დღეში 3-ჯერ 1 ს/კ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
3. ნაყენი
ნაყენის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ ოქროს ულვაშის ფოთლები დაგჭირდებათ. ისინი 20 სმ-ზე მოკლე არ უნდა იყოს. 200 გრ ფოთოლი დააქუცმაცეთ და თერმოსში მოათავსეთ. 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 24 საათით დააყენეთ. ნაყენი ღია მოყვითალო ფერის უნდა იყოს. გადაწურეთ და მაცივარში მაქსიმუმ 2 დღით შეინახეთ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების და პანკრეასის დროს ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 2 ჩ/კ დალიეთ. სტომატიტის, ანგინის, ტონზილიტის დროს ყელში თბილი ნაყენი დღეში 4-5-ჯერ გამოივლეთ.
4. არაყზე დაფუძნებული ნაყენი
არაყზე ან სპირტზე დაფუძნებული ოქროს ულვაშის ნაყენის მოსამზადებლად შეგიძლიათ მცენარის ღერო, ფოთოლი და გვერდითა ყლორტები გამოიყენოთ. 10-20 ღერო აიღეთ და დანით დააქუცმაცეთ. მინის ქილაში მოათავსეთ და 0,5 ლ არაყი ან სპირტი დაასხით. 2-3 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ. ყოველდღიურად შეანჯღრიეთ. ნაყენს ვარდისფერი ან იასამნისფერი ელფერი უნდა ჰქონდეს. რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ და სუფრა მშრალ ჭურჭელში გადაიტანეთ. მაცივარში ან გრილ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას შეინახეთ.
ოსტეოქონდროზის, დაჭიმულობის და სახსრების ტკივილის დროს სპირტიანი ნაყენი მტკივნეულ ადგილას დღეში 3-ჯერ შეიზილეთ, სანამ ტკივილის შემცირებას არ იგრძნობთ. გასტრიტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს 1 ს/კ არყის ნაყენი ან 15 წვეთი სპირტიანი ნაყენი 0,5 ჭიქა ანადუღარ ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით. დღეში 3-ჯერ დალიეთ: აუცილებლად უზმოზე და 2-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად 1 ს/კ არყის ნაყენი დღეში ერთხელ, ჭამამდე დალიეთ.
5. სიროპი
ეს სიროპი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების, ანგინის და ბრონქიტის დროს. მას დღეში 3-ჯერ 1 ს/კ სრულ გამოჯანმრთელებამდე იყენებენ.
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად აიღეთ 0,5 ჭიქა წვრილად დაჭრილი ოქროს ულვაშის ფოთლები და ალოე ვერა და 1 ჭიქა შაქარი. ინგრედიენტები აურიეთ და 3 დღე ნახევარ ლიტრიან ქილაში დააყენეთ. 3 დღის შემდეგ, როცა სიროპის მოცულობა შემცირდება, ბოლომდე არყით აავსეთ და კიდევ 3 დღე დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და მაცივარში შეინახეთ.
6. მალამო
ოქროს ულვაშის სამკურნალო მალამო ვაზელინის ან ჩვეულებრივი საბავშვო კრემის ბაზაზე მზადდება. მას ტროპიკული წყლულების, კანის დაავადების და ტერფებზე ბზარების დროს იყენებენ.
მცენარის ფოთლები და ღეროები აიღეთ და ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ ისე, რომ თხევადი ფაფა მიიღოთ. რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში გაწურეთ. წყლის ორთქლზე ვაზელინი გაადნეთ და წვენს 3:1 პროპორციით აურიეთ. მალამო მინის ჭურჭელში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.