როგორ ვიკვებოთ მარხვის დროს, რომ ჯანმრთელობას სარგებელი მოვუტანოთ

1424

მარხვა მხოლოდ დიეტა არაა, ამბობენ მართლმადიდებელი მღვდლები. მიუხედავად ამისა, ბევრი აღდგომის მარხვის პერიოდს იმისთვის იყენებს, რომ ზაფხულისთვის სხეულის მოხდენილი ფორმები დაიბრუნოს, განტვირთვა მოაწყოს და ორგანიზმი გაწმინდოს.

ცხოველური წარმოშობის საკვებზე უარის თქმა ორგანიზმში მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს, როგორც პოზიტიურს, ასევე ნეგატიურს. ერთი მხრივ, მცენარეულ რაციონზე გადასვლა ორგანიზმს წიდებიგან წმენდს, იმუნიტეტს აძლიერებს, შინაგანი ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს და ზოგადად განწყობას ამაღლებს. მეორე მხრივ, ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს ვკარგავთ. მარხვის დასრულებამდე კიდევ 1 თვე დარჩა და მარხვაზე მყოფმა ადამიანებმა, ალბათ, უკვე იგრძნეს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური შედეგები. ბალანსის დასაცავად და უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად 5 მარტივი წესის დაცვა საკმარისია.

რაციონი მოიფიქრეთ

მარხვაზე ყოფნა ორცხობილასა და კაკალზე გადასვლას არ ნიშნავს. რელიგიური მარხვა ძალიან მკაცრია, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების რიტმი და დატვირთვა საკუთარ წესებს გვკარნახობს. სრულყოფილი აქტიური ცხოვრების შესანარჩუნებლად დაბალანსებული კვება არის საჭირო. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს რაციონში შედიოდეს ფაფები: შვრია, წიწიბურა, ბრინჯი, ფეტვი და ქერი. ისინი უჯრედისის წყაროს წარმოადგენენ, რომელიც საჭმლის მონელებას ხელს უწყობს და ნაწლავების მიკროფლორას აღადგენს. ასევე მდიდარია B1, B2, B5 და PP ვიტამინებით და K, Mg, Si, Cu, Mn მინერალებით. მცენარეული ცილებით მდიდარი პარკოსანი პროდუქტები, სოიო და სოკო შესანიშნავად ჩაანაცვლებს ხორცსა და თევზს. რა თქმა უნდა, ხილი და ბოსტნეული არ დაივიწყოთ. ახალი სალათები, მოთუშული ან ორთქლზე მომზადებული, ვიტამინების და მინერალების შეუცვლელი წყაროა.

ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი აღადგინეთ

დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვების სისტემა მკაცრი მარხვის დროსაც ორგანიზმს ყველა აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით დააკმაყოფილებს. ამ პერიოდში ორგანიზმი რკინის და B12 ვიტამინის დეფიციტს განიცდის. ამ შეუცვლელი კომპონენტების ძირითადი წყარო ხორცი და ზღვის პროდუქტებია. მაგალითად, მიდიები დიდი რაოდენობით რკინას შეიცავენ. სწორედ ამიტომ, დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებმა ექიმთან კონსულტანცია უნდა გაიარონ და ვიტამინები და მიკროელემენტები მედიკამენტების სახით მიიღონ.

ბევრი არ ჭამოთ

როგორი სასაცილოც არ უნდა მოგეჩვენოთ, თესლის და ვაშლის გადაჭარბებაც შეიძლება. უნდა გახსოვდეთ, რომ მარხვა, პირველ რიგში, არის თავშეკავება, ზომიერებისკენ სწრაფვა. „მარხვის დროს დღეში 5-6-ჯერ რეგულარულად და დაბალანსებულად უნდა იკვებოთ, ამასთან საკვების მოცულობა ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ კაკლის, თესლების, მცენარეული ზეთის, ტკბილი პროდუქტების და ხილის მოხმარებას. ამ პროდუქტების ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, კანის მდგომარეობის გაუარესება და ჭარბი წონა გამოიწვიოს“ – ამბობს დიეტოლოგი სვეტლანა ფუსი.

თევზით ხსნილი დღეები არ გამოტოვოთ

მარხვის დროს არის ორი დღე, როცა თევზის ჭამა არის ნებადართული – ხარების და ბზობის დღესასწაულზე. „თევზის“ დღეები არ უგულებელყოთ და რაციონი თევზის პროდუქტებით აუცილებლად გაამდიდრეთ. ასე ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტს აღადგენს. აირჩიეთ ცხიმიანი თევზის სახეობები, მაგალითად, ნორვეგიული ორაგული. ჩრდილოეთ ზღვის თევზები მდიდარია ისეთი მნიშვნელოვანი ნივთიერებებით, როგორიცაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა და D ვიტამინი. მარხვის პერიოდში ეს ელემენტები უბრალოდ შეუცვლელია.

წყალი დალიეთ

ჩვენი ორგანიზმი 75%, ტვინი 85%, ხოლო სისხლი 94% წყლისგან შედგება. ორგანიზმის მოლეკულების 99% წყლის მოლეკულებია. წყალი ორგანიზმის საფუძველია. დაბადებისას სხეულის 90% წყალს შეიცავს, გარდაცვალებისას კი 65%-ს. წყლის დაკარგვა დაავადებების გაზრდას და სიბერის დაჩქარებას იწვევს. საკვების გარეშე შეგვიძლია 40 დღე გავძლოთ, წყლის გარეშე კი მხოლოდ 5-7 დღე, ბავშვებს კი მხოლოდ 2-3 დღით. წყალი ორგანიზმში სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს. რაც უფრო კარგი ხარისხისაა წყალი, მით უფრო დიდხანს ვცხოვრობთ. მარხვის დროს წყლის რეჟიმის დაცვა არ დაგავიწყდეთ.

მარხვიდან თანდათანობით გამოდით

როგორც წესი, მარხვა როგორც წესი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დიდი სუფრით, წვეულებით, მწვადების შეწვით, კვერცხით და პასკით სრულდება. ხანგრძლივი პერიოდით შეზღუდვის შემდეგ ორგანიზმისთვის ეს ნამდვილი შოკია. რაც ყველაზე უსიამოვნოა, ასეთ სუფრას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები მოჰყვება. სწორედ ამიტომ, ფრთხილად იყავით. ჩვეულ რეჟიმს თანდათანობით დაუბრუნდით. სასურველია არაა ხორცის და ძეხვეულის ნაწარმი იმწამსვე ჭამოთ. დაიწყეთ თევზით, რძის პროდუქტებით, უცხიმო ფრინველის ხორცით და კვერცხით. პირველი ორი კვირის განმავლობაში რაციონში ყოველდღე 1 სახეობა თევზის, ფრინველის, კვერცხის კერძი და 1 რძის პროდუქტი დაუმატეთ. თვის ბოლოს კი ამ პროდუქტების მოხმარების ნორმალურ კვების რეჟიმზე გადადით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს