
ტანსაცმლისა და პირსახოცების გარეცხვა ერთსა და იმავე ციკლში ბევრი ადამიანისთვის ჩვეული პრაქტიკაა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს დროსა და ენერგიას ზოგავს, ქსოვილების განსხვავებული სტრუქტურა სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
გამოცემა Martha Stewart-ის მასალებზე დაყრდნობით, სისუფთავის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ამ ორ ნივთს განსხვავებული მოვლის რეჟიმი სჭირდება. ტექნიკურად მათი ერთად მოთავსება სარეცხ მანქანაში შესაძლებელია, მაგრამ საბოლოო შედეგი თქვენს მოლოდინს ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს.
დასუფთავების ექსპერტი კიმბერლი ჩიზმენი აღნიშნავს, რომ პირსახოცები გაცილებით მძიმეა და დიდი რაოდენობით ტენს იწოვს. რეცხვის პროცესში ისინი გამოიყოფენ ბუსუსებს, რომლებიც შემდეგ თქვენს საყვარელ სამოსს, განსაკუთრებით კი შავ ლეგინსებსა თუ მუქ ქსოვილებს ეკვრის.
რატომ არის ტანსაცმლისა და პირსახოცების გარეცხვა ერთად დაუშვებელი?
კომპანია Organize With Marie-ს ხელმძღვანელი მარი დრეიერი მიიჩნევს, რომ ნივთების დახარისხება აუცილებელია ჰიგიენისა და ქსოვილის გამძლეობის შესანარჩუნებლად. პირსახოცები ხშირად აბრაზიული და უხეშია, რაც ნაზი სამოსის ბოჭკოების ნაადრევ ცვეთასა და ფორმის დაკარგვას იწვევს.
ვიქტორია გრინი, კიდევ ერთი ავტორიტეტული ექსპერტი, ხაზს უსვამს ქსოვილების სიმკვრივის სხვაობას. როდესაც უხეში პირსახოცი და რბილი მაისური ერთად ტრიალებს, ხახუნის შედეგად სამოსი კარგავს ელასტიკურობასა და პირვანდელ იერსახეს.
გარდა ამისა, პირსახოცების უმეტესობა ბამბისგან მზადდება, რომელიც ტენის შესანარჩუნებლადაა შექმნილი. სინთეტიკური და დელიკატური ტანსაცმელი კი სულ სხვაგვარ დამუშავებასა და ტემპერატურულ რეჟიმს საჭიროებს, რაც მათ ერთობლივ რეცხვას შეუსაბამოს ხდის.
სარეცხის დამარბილებელი და ტემპერატურული რეჟიმი
ვიქტორია გრინი ასევე გვირჩევს, რომ პირსახოცების რეცხვისას არ გამოვიყენოთ სპეციალური დამარბილებელი საშუალებები. კონდიციონერი ქმნის თხელ ფენას, რომელიც პირსახოცს წყლის შეწოვის უნარს უკარგავს, რაც მისი ძირითადი ფუნქციის დარღვევაა.
ეფექტური ორგანიზებისთვის კიმბერლი ჩიზმენი გვთავაზობს სარეცხი ოთახის სწორ მოწყობას. კარგი იქნება, თუ გექნებათ ცალკე კალათა მხოლოდ პირსახოცებისთვის, რათა თავიდან აიცილოთ მათი შემთხვევითი შერევა ყოველდღიურ სამოსთან.
საბოლოოდ, არ დაგავიწყდეთ, რომ პირსახოცები მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს, თუ ეტიკეტზე სხვა მითითება არ არის. ცხელი წყალი საუკეთესო საშუალებაა ბაქტერიების, ცხიმებისა და იმ ნარჩენების მოსაშორებლად, რომლებიც ქსოვილში დროთა განმავლობაში გროვდება.


