თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც უნახავს, თუ როგორ შეუცვლია ქილაში თაფლს თავისი მიმზიდველი ფერი. დროთა განმავლობაში ტემპერატურის გავლენით თაფლს აქვს თვისება, რომ ჩაშაქრდეს. ასეთი პროდუქტი, რომელმაც ქილაში უკვე რამდენიმე წელი გაატარა, ეჭვს იწვევს. სწორედ ამ დროს შეიძლება დაფიქრდეს ადამიანი, შეიძლება თუ არა ძველი თაფლის ჭამა.
როგორც ცნობილია, მეფუტკრეები ძველ პროდუქტს ბევრად უფრო დაბალ ფასში ყიდიან, ვიდრე ახალს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს საეჭვოა. ვივიენის დღევანდელ სტატიაში შევეცდებით გავარკვიოთ, დაბალ ფასად ხარისხიან თაფლს ვყიდულობთ თუ ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტს?
საზიანოა თუ არა ძველი თაფლი ორგანიზმისთვის
არსებობს მოსაზრება, რომ ძველ თაფლს ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევა შეუძლია. ამ პროდუქტის გამოყენების მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ დროთა განმავლობაში მასში იზრდება 5-ოქსიმეთილფურფუროლის დონე. ცნობილია, რომ ეს ნივთიერება იწვევს კიბოს.
სპეციალისტებმა გამოიკვლიეს თაფლი, რომელიც ქილაში 5 წელზე მეტ ხანს ინახებოდა. შედეგმა აჩვენა, რომ დუღილი არ მიმდინარეობდა და 5-ოქსიმეთილფურფუროლის დონე არ აჭარბებდა დასაშვებ ზღვარს. კვლევამ დაამტკიცა ძველი თაფლის მოხმარების უსაფრთხოება.
რატომ უნდა მივირთვათ თაფლი, როდესაც ახალია
- მიზეზი №1. ახალი შეგროვებული ფუტკრის პროდუქტი ბევრად უფრო გემრიელია. მას გააჩნია სასიამოვნო ტექსტურა, ძველი თაფლისგან განსხვავებით, რომლის ქილიდან ამოღებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება.
- მიზეზი №2. პროდუქტს, რომელსაც დაკარგული აქვს პირვანდელი სახე, ასევე დაკარგული აქვს ბევრი სასარგებლო ნივთიერებაც. ისინი ხომ დროთა განმავლობაში ქრება. ამრიგად, ძალიან ძველი თაფლი ნატურალური პროდუქტიდან, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია, გადაიქცევა ჩვეულებრივ ტკბილეულად.
როგორ გამოვიყენოთ ძველი პროდუქტი
თუ ძველი თაფლის ქილა იპოვეთ, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე ინახებოდა, გამოიყენეთ იგი არაპირდაპირი დანიშნულებით. რადგან ძველ თაფლს აღარ აქვს პირვანდელი გემოვნური თვისებები, უმჯობესია იგი კოსმეტოლოგიური მიზნებისთვის გამოიყენოთ. თაფლისგან შეგიძლიათ დაამზადოთ კანის მოვლის ნატურალური საშუალება. ასეთი სახლური სკრაბი გარქოვანებული უჯრედების მოშორებაში და კანის ფერის გათანაბრებაში დაგეხმარებათ. ფეხის კანი კი ძალიან ნაზი გახდება.
დაგჭირდებათ:
- 3 ს/კ თაფლი;
- 1 ჩ/კ ზღვის მარილი.
მომზადების წესი:
ღრმა ჭურჭელში შეურიეთ თაფლი და მარილი. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა დაიტანეთ ქუსლების კანზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. 5 – 7 წუთის შემდეგ სკრაბი კარგად ჩამოიბანეთ.
თაფლი უმჯობესია მიირთვათ არა მხოლოდ მაშინ, როდესაც გაციებული ხართ, არამედ რეგულარულად. ეს ხომ სამკურნალო პროდუქტია. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დროს გასვლის შემდეგ ის კარგავს სასარგებლო ელემენტებს. ამიტომ ძველი თაფლი შეგიძლიათ უბრალოდ მიირთვათ, ორგანიზმისთვის რაიმე განსაკუთრებული სარგებლობის გარეშე, ან გამოიყენოთ სკრაბის სახით, რომელიც თქვენს კანს წარმოუდგენლად გლუვს გახდის. მაგრამ თუ თაფლის ზედაპირზე ფხვიერი ქაფი გაჩნდება და გემო გახდება მჟავე, ასეთი პროდუქტი აუცილებლად უნდა გადააგდოთ, ვინაიდან ეს თაფლის გაფუჭების აშკარა ნიშნებია.