ყველაზე ხშირად, ყველი მაღაზიაში იყიდება ნაჭრებად დაჭრილი და საკვებ ცელოფანში შეფუთული. ასე მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს პროდუქტი გარეგნულად და შეაფასოს მისი ხარისხი. ჩვენ ვირჩევთ ნაჭერს, ვდებთ კალათში, ვიხდით თანხას და ყველი მოგვაქვს სახლში. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როგორ უნდა შეინახოთ ყველი, სახლში მოტანის შემდეგ.
ყველი საკვებ ცელოფანში, რა თქმა უნდა, მაცივარში დიდხანს ვერ შეინახება. რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდება გაფუჭების პირველი ნიშნები: გამაგრება და ნადები. ერთი კვირის შემდეგ ყველს ობი გაუჩნდება. რა თქმა უნდა, შეიძლება პროდუქტის სწრაფად შეჭმა ან რაიმე კერძში გამოყენება, მაგრამ უმჯობესია ვისწავლოთ ყველის სწორად შენახვა მაცივარში.
როგორ შევინახოთ ყველი სახლის პირობებში, რომ მალე არ გაფუჭდეს
შეფუთვა
ყველს უნდა მოვაშოროთ ცელოფანი. ამ პროდუქტის შენახვა უმჯობესია ჩვეულებრივ პერგამენტში ან ცვილის ქაღალდში. ყველის ნაჭერი შეფუთეთ, მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. ასე პირობებში ყველი დიდხანს შეინახება.
შაქრის ნატეხები
კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც ყველის დიდხანს შენახვაში დაგეხმარებათ. პერგამენტში გახვეულ ყველთან ერთად კონტეინერში მოათავსეთ შაქრის ორი ნატეხი. კონტეინერი მაცივარში მოათავსეთ. თუ შაქარი დადნება, ახალი ნატეხებით ჩაანაცვლეთ. პროდუქტი დიდხანს შეინარჩუნებს სიახლეს, რადგან შაქარი კონტეინერში სწორი ატმოსფეროს შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
ზეთი
ეს მეთოდი ყველასათვის არ არის შესაფერისი, მაგრამ, შესაძლოა ვინმეს მოეწონოს. წაუსვით ყველის ზედაპირს ზეთისხილის ამ სხვა მცენარეული ზეთი და ისე შეინახეთ მაცივარში. ზეთს, რა თქმა უნდა, სუნი არ უნდა ჰქონდეს. ის ხელს შეუშლის ობის გაჩენას და ყველის გამაგრებას. ასეთ მდგომარეობაში ყველი მაცივარში შეგიძლიათ ქაღალდისა და კონტეინერის გარეშე შეინახოთ.
მაცივრის რომელ განყოფილებაში შევინახოთ ყველი
ყველისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურა და ტენიანობა არის ბოსტნეულის კონტეინერში. თუ არის შესაძლებლობა, ეს პროდუქტი სწორედ იქ მოათავსეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველი არ უნდა დადოთ მაცივრის უკანა კედელთან ახლოს, რადგან ის გაიყინება. ზოგიერთ თანამედროვე მაცივარს აქვს ყველის სპეციალური განყოფილება. თუ თქვენს მაცივარსაც აქვს, მაშინ ყველი იქ შეინახეთ.
თუ პროდუქტებს სწორად ინახავთ, ისინი უფრო დიდხანს შეინახება. ალბათ დამეთანხმებით, რომ არასწორი შენახვის გამო გაფუჭებული პროდუქტების გადაყრა არც ისე სასიამოვნოა. თუ ხედავთ, რომ ყველის შენახვის ვადა იწურება, გამოაცხვეთ პიცა ან მოაყარეთ გამომცხვარ კარტოფილს.