თხილი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და ნოყიერი პროდუქტია ჩვენს რაციონში. და იმის გამო, რომ თხილეული გემოებით განსხვავებულია, ყველას შეუძლია აირჩიოს საუკეთესო თავისთვის. ფისტა ბევრი ჩვენგანისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ თხილად ითვლება. მას მიირთმევენ როგორც სუფთა სახით, ასევე სხვადასხვა კერძებსა და დესერტებში. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ სარგებლის მოტანა ფისტას ნაჭუჭსაც შეუძლია.
ჩვენს ოჯახში ფისტა ყველას უყვარს. უქმეებზე მისი ნაჭუჭის საკმაოდ დიდი გროვა გვიგროვდება. ერთ-ერთ უქმეებზე ჩვენთან მეგობრები მოვიდნენ ფილმის საყურებლად და თან ჩვენი საყვარელი ფისტა გამოაყოლეს. როდესაც ნაჭუჭების გადაყრა დავაპირეთ, მეგობარმა გვითხრა, რომ ამაოდ ვაკეთებდით ამას. აღმოჩნდა, რომ ნაჭუჭი შეიძლება უამრავ რამეში გამოგვადგეს. თუ ეს თხილი შენც გიყვარს, მაშინ ვივიენის დღევანდელი სტატია შენთვის სასარგებლო იქნება.
ფისტას ნაჭუჭი: რაში გამოგვადგება
მთავარი წესი, რომელიც უნდა დავიცვათ, არის ის, რომ ნაჭუჭი არ უნდა იყოს მარილიანი. გამოყენებამდე კარგად უნდა გარეცხოთ წყლით და გააშროთ. მარილი მთლიანად უნდა მოშორდეს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაჭუჭის ყიდვაც შეგიძლიათ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ფისტა და შემდეგ სასარგებლოდ გამოიყენოთ მისი ნაჭუჭი.
რაში გამოვიყენოთ ფისტას ნაჭუჭი
ფისტას ნაჭუჭის გამოყენების რამდენიმე გზა არსებობს. აირჩიეთ ის, რაც ყველაზე მეტად გამოგადგებათ.
მულჩი
ვისაც საკუთარი ბოსტანი აქვს, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მულჩი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფისტას ნაჭუჭი. ნაჭუჭის დაშლა საკმაოდ ნელა ხდება, რაც საშუალებას აძლევს მას ნიადაგში გამოათავისუფლოს მცენარის ზრდისთვის მნიშვნელოვანი მრავალი ნივთიერება. ამ სასუქის კიდევ ერთი უპირატესობა არის დაცვა სარეველებისგან. ვინაიდან ფისტას ნაჭუჭი ხელს უშლის სინათლის მცენარის ფესვებამდე მისვლას, ეს ხელს შეუშლის მცენარისთვის არასასურველი მეზობლების არსებობას.
დრენაჟი ოთახის მცენარეებისთვის
თუ თქვენს სახლს ყვავილების ქოთნები ამშვენებს, მაშინ აქაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფისტას ნაჭუჭი. მაგალითად, ქოთნის ძირში ფისტას ნაჭუჭების პატარა ფენას შეუძლია დრენაჟის ფუნქცია შეასრულოს. ის დაიცავს ნიადაგს ზედმეტი დატკეპნისაგან. გარდა ამისა, ფისტას დრენაჟი ხელს უშლის ნიადაგის დამჟავებას, რაც ნიშნავს, რომ ის დაიცავს ფესვებს ლპობისაგან. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა: ვინაიდან ფისტას ქერქები ცოტას იწონის, ასეთი ყვავილების ქოთნების ტრანსპორტირება უფრო ადვილი იქნება. ამასთან, თქვენ არ მოგიწევთ ფულის დახარჯვა მზა დრენაჟის შესაძენად.
ბაღის დაცვა მავნებლებისგან
თუ თქვენს ნაკვეთს ლოკოკინები შემოეჩვივნენ, ამისგან დაცვა ფისტას ნაჭუჭებით შეგიძლიათ. უბრალოდ დაყარეთ იგი ხის გარშემო და არასასურველი სტუმრები აღარ შეგაწუხებენ. მიზეზი ის არის, რომ ნაჭუჭის ბასრი კიდეები მავნებლებისთვის გადაულახავი ბარიერია.
კომპოსტი
გსურთ დააჩქაროთ თქვენი კომპოსტის დაშლა? გამოიყენეთ ფისტას ნაჭუჭები. ის ამატებს ორგანულ ნივთიერებებს კომპოსტში, რაც ხელს უწყობს დაშლის პროცესის დაჩქარებას. კიდევ უფრო მეტად დაჩქარების მიზნით, ნაჭუჭი ოდნავ უნდა დაჭეჭყოთ.
ცეცხლის ანთება
გინდათ სწრაფად და ეფექტურად აანთოთ ცეცხლი? გამოიყენეთ ფისტას ნაჭუჭი. მშრალი მასალა ხელს შეუწყობს ცეცხლის დანთებას ბუხარში, მაყალში ან უბრალოდ ტყეში. ის ეკოლოგიურად სუფთაა და ძალიან ცოტას იწონის. ამის წყალობით, მწვადის შეწვა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ოდესმე.
ხელსაქმე
სკოლის მოსწავლეების დედებმა იციან, რომ ნებისმიერი ბუნებრივი მასალის გამოყენება შესაძლებელია ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად. არც ფისტას ნარჩენებია გამონაკლისი. მისგან შეგიძლიათ შექმნათ ნახატები, სამგანზომილებიანი ხელნაკეთი ნივთები და კოლაჟები. ნაჭუჭი ადვილად მაგრდება ნებისმიერი წებოთი და იღებება საღებავით.