წვნიანი, არომატული ტოლმა არის კერძი, რომელიც ბევრ ჩვენგანს ბავშვობას გაახსენებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძი ტრადიციულად ითვლება, ყველა დიასახლისს აქვს ტოლმის მომზადების საკუთარი რეცეპტი. მაგრამ ხანდახან გვინდა ვცადოთ საყვარელი კერძის უჩვეულო ვერსია. ხახვის ტოლმა აუცილებლად მოეწონებათ კლასიკური რეცეპტის მოყვარულებს და ასევე, მათ ყურადღებასაც მიიპყრობს, ვისაც კომბოსტო არ უყვარს.
პირველად ეს უჩვეულო კერძი მეგობრის წვეულებაზე გავსინჯე. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ისრაელში ცხოვრობდა, ამიტომ ბევრი რეცეპტი იქიდან ჩამოიტანა. ასე რომ, მე არ გამიკვირვებია, როდესაც სუფრაზე ხახვის ტოლმა დავინახე. სამაგიეროდ, მე ამ კერძის გემომ გამაოცა. ხახვის ტოლმა ისეთი ნაზი და წვნიანი აღმოჩნდა, რომ არ შემეძლო მისი რეცეპტი არ ჩამეწერა, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ.
როგორ მოვამზადოთ ხახვის ტოლმა
„ბაცალონიმი“ არის ხახვის ტოლმის კიდევ ერთი დასახელება. ტრადიციული ებრაული კერძი, რომელსაც დღესასწაულებზე მიირთმევენ, ტოლმის ერთ-ერთი სახესხვაობაა. გარდა იმისა, რომ ამ ტოლმას აქვს შესანიშნავი გემო, არ შეიძლება არ აღინიშნოს მათი უჩვეულო ფორმა. ამიტომ, თუ გსურთ დღესასწაულზე სტუმრების გაოცება ახალი კერძებით, ბაცალონიმი მოამზადეთ.
ფარშირებული ხახვი „ბაცალონიმი”
ინგრედიენტები:
- 300 გრამი გატარებული ხორცი;
- 4 დიდი ხახვი;
- 100 გრამი ბრინჯი;
- 1 სტაფილო;
- 1 კონა ნიახური;
- 1 პატარა ხახვი;
- 2 ს.კ. ტომატის პასტა;
- 300 მლ ტომატის პიურე;
- 300 მლ ბულიონი;
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი;
- მარილი;
- წიწაკა.
მომზადების წესი:
1.პირველ რიგში, უნდა მომზადდეს ხახვი. გაითვალისწინეთ, რომ ტოლმის შეხვევა ყველაზე ადვილია მოგრძო ფორმის ხახვის ფურცლებში. შეხვევა რომ შევძლოთ, ხახვი უნდა იყოს რბილი. გაფცქვენით დიდი ხახვი და გაუკეთეთ ვერტიკალური ჭრილი შუაგულამდე. ამის შემდეგ ხახვი მოათავსეთ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი. ადუღეთ თავსახურის ქვეშ 10-15 წუთის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ხახვი ოდნავ გაცივდება, ფენებად დაშალეთ.
2. შემდეგ უნდა მომზადდეს შიგთავსი. ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე ან დანით დაჭერით. დაჭერით ნიახურიც. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ იგი ნებისმიერი სხვა მწვანილით, რომელიც მოგწონთ, მაგალითად, ოხრახუშით, კამით ან ქინძით.
3. ცალკე თასში მოათავსეთ გატარებული ხორცი, ბრინჯი, გახეხილი ბოსტნეული და მწვანილი. დაასხით მცენარეული ზეთი, ტომატის პასტა, მარილი და პილპილი. სურვილის შემთხვევაში შიგთავსს შეგიძლიათ დაამატოთ სხვა საყვარელი სანელებლები ან ნიორი. აურიეთ საფუძვლიანად.
4. შიგთავსი აიღეთ კოვზით და ხახვის თითოეულ ფურცელში შეახვიეთ. უნდა მიიღოთ მცირე ზომის ფარშირებული ხახვები. ხახვის ტოლმა გადაიტანეთ ფორმაში, რომელშიც შემდგომ მოხარშავთ.
5. ტომატის პიურე გააზავეთ ბულიონით. მისი არარსებობის შემთხვევაში, ბულიონი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჩვეულებრივი წყლით. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ. დაასხით შიგთავსი ხახვის ტოლმას, დააფარეთ თავსახური და დადგით გაზქურაზე. როგორც კი შიგთავსი ადუღდება, შეამცირეთ ცეცხლი და ხარშეთ 30-35 წუთის განმავლობაში, სანამ არ მოიხარშება.
6. ხახვის ტოლმა სუფრასთან მიიტანეთ ცხლად, მოასხით ტომატის სოუსი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილები. გემრიელად მიირთვით!