ერთი შეხედვით, თითქოს დასუფთავებაზე მარტივი რა უნდა იყოს? თუმცა, ზოგს ამისთვის მხოლოდ ორი საათი სჭირდება, ზოგს კი მთელი დღე. რა იციან პირველებმა და რა უნდა იცოდნენ მეორეებმა? ამის შესახებ ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.
არავინ შეიგრძნობს დროს ისე კარგად, როგორც პროფესიონალი დამლაგებლები, რადგან მათ საათობრივად უხდიან, რაც ნიშნავს იმას, რომ სახლი მოკლე დროში უნდა მოწესრიგდეს. სამუშაოს ეფექტურად და დროულად შესასრულებლად, მათ შეიმუშავეს რამდენიმე ხრიკი, რომელიც ჩვეულებრივ დიასახლისებსაც გამოადგებათ.
დასუფთავებას დაუთმეთ მხოლოდ ორი საათი
ქალები ემოციური არსებები არიან, ზოგჯერ კრეატიულები და ისეთ რუტინულ საქმეშიც კი, როგორიცაა დასუფთავება, ცდილობენ ახალი ინტერესის შეტანას, ამიტომ მუდმივად ეფანტებათ ყურადღება – ხან კაბის მორგებას ცდილობენ, როცა გარდერობში ნივთებს ალაგებენ, ხან აბაზანაში სარკის გაწმენდისას სახეზე ნიღაბს ისვამენ. დამლაგებლები ასეთ ქალბატონებს ურჩევენ, დააყენონ მაღვიძარა და საკუთარ თავს ზუსტად ორი საათი დაუთმონ მთელი ბინის გასასუფთავებლად. ეს დრო მხოლოდ ამას უნდა დაეთმოს და სხვა არაფერს. თუ ორ საათში არ დაასრულებთ, შემდეგ ჯერზე დაასრულეთ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ეფექტურია ამ მეთოდის გამოყენება! თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ 3-4 დალაგების შემდეგ მიეჩვევით.
ვიყენებთ სხვადასხვა ფერის ჩვრებს
დასუფთავების დროს გამოყენებული ორი-სამი ჩვარი სწრაფად სველდება, იგროვებს ჭუჭყს და მტვერს და რაც მთავარია, სწრაფად ირევა, რაც ზედმეტ ქაოსს მატებს სახლის მოწესრიგების პროცესს. გთავაზობთ ხრიკს: იყიდეთ სხვადასხვა ფერის ჩვრები. მტვრის სველი წმენდისთვის – მწვანე, მშრალი წმენდისთვის – ნაცრისფერი, პრიალა ზედაპირის გასაწმენდად – ლურჯი, ხოლო მინებისა და სარკეებისთვის – წითელი. დასუფთავება უფრო სწრაფად და ხალისიანად წარიმართება.
შეიძინეთ მელამინის ღრუბლები
დიასახლისები ყიდულობენ დიდი რაოდენობით საწმენდ საშუალებებს, რომელთაგან ბევრი სულაც არ არის ბიუჯეტური, თუმცა არსებობს იაფი მელამინის ღრუბლები. ისინი შესაფერისია განსაკუთრებით ჭუჭყიანი ზედაპირების გასაწმენდად და არ საჭიროებს დამატებით ძალისხმევას ლაქების მოსაშორებლად. უბრალოდ, მსუბუქად უნდა დაასველოთ ღრუბელი და გაწმინდოთ ჭუჭყიანი ადგილი.
გამოიყენეთ მტვერსასრუტი
„ქალები დასუფთავებისას დროის ნახევარზე მეტს ხარჯავენ მცირე ჭუჭყის გაწმენდასა და ყველა ზედაპირიდან მტვრის მოწმენდაში“, – ამბობს პროფესიონალი დამლაგებელი ლეა სენდასი. „ჩვენ ამას ბავშვობაში გვასწავლიდნენ: სხვადასხვა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს სხვადასხვა გზით: ჩვრით, ჯაგრისით, ღრუბლით. რა მოხდება, თუ ყველა ზედაპირს მტვერსასრუტს გადავატარებთ?
პროფესიონალი დამლაგებელი გვირჩევს სახლის ყველა იატაკის, მათ შორის სველი წერტილებისა და სამზარეულოს მტვერსასრუტით დასუფთავებას. ეს არის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა მტვრის, თმისა და ყველა პატარა ნარჩენების შესაგროვებლად, რომლებიც კუთხეებში იმალება.
ნუ დახარჯავთ ფულს ძვირადღირებულ საშუალებებზე
სხვადასხვა სახის დაბინძურებას და თეთრ ლაქებს კარგად გაუმკლავდება ჩვეულებრივი ძმარი. ის განსაკუთრებით კარგად უმკლავდება აბაზანაში არსებულ თეთრ ლაქებს და ონკანებზე წყლის ნადებს. ლიმონმჟავას 20 გრამიანი შეფუთვა გახსენით 1 ჭიქა ცხელ წყალში. ეს ხსნარი შესანიშნავად მოაცილებს ნადებს ჩაიდნიდან, თეთრ ლაქებს ონკანიდან და ცხიმიან ლაქებს საცხობი ფირფიტებიდან.
დაბინძურებული ღუმლის გასაწმენდად ჩვეულებრივი საცხობი სოდა გამოგადგებათ. მოამზადეთ პასტა, შეურიეთ ¾ ჭიქა საცხობი სოდა და ¼ ჭიქა თბილი წყალი. წაუსვით ეს ნარევი ღუმლის ზედაპირებს, მოარიდეთ შიშველი ლითონის ზედაპირებსა და კარებს და დატოვეთ ღამის განმავლობაში. მეორე დილით, მოაშორეთ ნარევი პლასტიკური სპატულის გამოყენებით და კარგად გაწმინდეთ. სულ ესაა! – ყველაფერი ბრწყინავს.