3,5 წელია, რაც გათხოვილი ვარ. ჩემი ქმარი 33 წლისაა, ჩემი ქალიშვილი 2 წლის. ის საოცრად წესიერი ადამიანია. მისი ოჯახი პატრიარქალურია, მამას და დედას დიდ პატივს სცემს. ის კარგად მექცევა მე და უყვარს ჩვენი ქალიშვილი. ჩვენ შორის ჩხუბი არასდროს ყოფილა და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება. მაგრამ არის ერთი პრობლემა – ვიცი, რომ მას სხვა უყვარს.
თავისი წესიერების გამო, ის გააგრძელებს ასე ცხოვრებას, თავისი მშობლებისა და შვილის გულისთვის. იმ ქალს ჩემზე ადრეც იცნობდა, მასზე უმცროსია. სკოლაში სწავლის დროს გაიცნეს ერთმანეთი. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი მხოლოდ ის, რომ გოგონას მშობლებმა აუკრძალეს მათ ერთად ყოფნა. ახლა ის მარტო ცხოვრობს და არ თხოვდება.
ჩემს ქმარს საფულეში მისი ფოტო აქვს. ვიცი, რომ ერთმანეთს ურეკავენ. რა თქმა უნდა, თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ არ აქვთ ინტიმური ურთიერთობა. უბრალოდ, კარგად ვიცნობ ჩემს ქმარს, ის არასდროს არავის მოატყუებს. ერთხელ, ამ თემაზე საუბარი წამოვიწყე. მან მითხრა, რომ ის მთელი ცხოვრება უყვარდა, მაგრამ მე არ მიმატოვებდა, თუ თავად არ მოვისურვებდი ამას. თქვა, რომ რადგან ცოლად მომიყვანა და შვილი გვყავს, ახლა ვერ გვიღალატებს.
ასე რომ, ერთი მხრივ, ვიცი, რომ ის არ წავა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისეთი საშინელია იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი შენთან მხოლოდ წესიერების ჯაჭვებით არის „მიბმული“. ზოგის ქმარი ღალატობს, ცოლებს ეშინიათ, რომ მიატოვებენ. მაგრამ ჩვენთან ასე არ არის. ქმარი მყავს და ვიცი, რომ მან სიტყვა მომცა, მაგრამ ეს სიტუაციას არ შველის.
ბოლო დროს, ამ სიტუაციის გამო ძალიან ვნერვიულობ. ამას წინათ ვუყვირე, რომ თავისი კეთილშობილებით ჩემსა და თავის ცხოვრებას ანგრევდა. გამოდის, რომ ისეთი კარგი და პატიოსანია, რომ საყვედურსაც ვერ ეტყვი, მე კი ისეთი „ბოროტი“ ვარ, რომ ძალით ვიჭერ მას. უცხო თვალისთვის ისე ჩანს, თითქოს ჩემი ბრალია და არა მისი. ის „წმინდანია”. მისი ერთადერთი ბრალი ის არის, რომ დაუფიქრებლად დაქორწინდა. ის თუ უყვარდა, მაშინ მე რატომ მომიყვანა ცოლად? შემთხვევითი ორსულობა არ ყოფილა, ქორწინებიდან მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ დავორსულდი
ზოგადად, არ ვიცი, როგორ იქცევიან ასეთ სიტუაციებში. დედა ამბობს, რომ ამაზე არ უნდა ვიფიქრო. მყავს ქმარი, ფული მაქვს და უყვარს თუ არა ვინმე, ეს მისი საქმეა. მისი აზრით, იდიოტი ვიქნები, თუ ასეთ ქმარს მივატოვებ. მაგრამ მიჭირს ასე ცხოვრება. ვგრძნობ, რომ მას არ ვუყვარვარ და არც ახლო ურთიერთობა უნდა ჩემთან.
თუ დავშორდები, ვფიქრობ, მისგან ფინანსური დახმარების პრობლემა არ გვექნება. მას უყვარს თავისი ქალიშვილი და არასოდეს დაუშვებს, რომ მას ან მე გაგვიჭირდეს. მანქანა მყავს (მან მიყიდა), ძვირადღირებული ნივთებს და სამკაულებს მჩუქნიდა. გამოდის, რომ ამ სიტუაციაში ყველა უბედურია. მაგრამ მეშინია, რომ თუ განქორწინებას გადავწყვეტ, მერე მთელი ცხოვრება ვინანებ…