კანზე მექანიკური ზემოქმედება მასაჟის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ლიფტინგ-ეფექტის სწრაფად მისაღებად.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც დიდი ხანია ცნობილია, არის „წებოვანი“ მასაჟი თაფლით.
რა ეფექტს უნდა ველოდოთ მასაჟის კურსისგან:
- კანის ფერის გაუმჯობესება და გათანაბრება;
- ნაცრისფერი ელფერის მოშორება;
- შესამჩნევი ლიფტინგ-ეფექტი;
- კანის ტურგორის გაუმჯობესება;
- მცირე ნაოჭების მოშორება;
- ღრმა ნაოჭების შემცირება.
პროცედურის მთავარი ეფექტი მიიღება მექანიკური ზემოქმედების გამო: თითები სახის კანს ეწებება და მოცილებისას ქმნის მასტიმულირებელ ეფექტს. ქსოვილებში უმჯობესდება მიკროცირკულაცია, კანი იწყებს მეტი კვების მიღებას შიგნიდან. გარდა ამისა, ხდება კანის ზედა ფენების აქერცვლა (მკვდარი უჯრედები ეწებება და ერევა თაფლს). ამის გამო, კანი პირველივე პროცედურის შემდეგ ბევრად უფრო სუფთად გამოიყურება, ფერი კი – თანაბრდება.
კანზე გავლენას ახდენს თავად თაფლიც. მისი თვისებები ცნობილია უძველესი დროიდან:
თაფლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით (ამიტომ ის ძლიერი მებრძოლია თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ), მათ შეუძლიათ შეამცირონ როგორც ნაოჭები, ასევე ასაკობრივი ლაქები. გარდა ამისა, ის არის ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ანთების და აკნეს მოცილებას. ყველამ იცის თაფლის მკვებავი თვისებების შესახებ: ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა კანის მთელი რიგი მიკროელემენტებით გასაჯერებლად.
პროცედურისთვის შესაფერისია მხოლოდ თხევადი თაფლი. თუ თქვენ გაქვთ უარყოფითი რეაქცია ამ პროდუქტზე, მაშინ ეს მასაჟი თქვენთვის შესაფერისი არ არის. თუ აქამდე არასდროს გიცდიათ თაფლი, როგორც კანის მოვლის საშუალება, მაშინ წინასწარ ჩაიტარეთ ტესტი კანის მცირე მონაკვეთზე.
როგორ გავიკეთოთ მასაჟი
მასაჟი კეთდება სუფთა და მშრალ სახის კანზე, მაკიაჟი აუცილებლად უნდა მოიშოროთ. მასაჟის დაწყებამდე არ შეიძლება პილინგის ჩატარება ან ღრმა გამწმენდი ნიღბების გამოყენება მინიმუმ 2 დღით ადრე. მასაჟის შემდეგ ეს პროცედურები არ უნდა ჩატარდეს კიდევ 4 დღის განმავლობაში. სასურველია თმა წინასწარ შეიკრათ, რათა თაფლით არ დასვაროთ.
წაისვით ცოტაოდენი თაფლი თითის წვერებზე და შეიზილეთ მერე ხელის თითებზეც.
მასაჟი უნდა დაიწყოთ სახის ქვედა ნაწილიდან და შეასრულოთ ქვემოთ მოცემულ სურათზე ნაჩვენები სქემის მიხედვით (თვალების ირგვლივ არეალის გამოკლებით):
მსუბუქად დააჭირეთ და აწიეთ თითები კანიდან და გადაადგილდით ხაზების გასწვრივ დარტყმითი მოძრაობებით. თითოეული ხაზი უნდა გაიაროთ 10-ჯერ, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მუშაობა მომდევნოზე.
რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება მასაჟი, მით უფრო საგრძნობი გახდება კანისთვის, რადგან თაფლს შეერევა აქერცლილი კანი და უფრო წებოვანი გახდება. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თაფლი არ გახდეს ძალიან სქელი და დარჩეს ზომიერად წებოვანი: თითების აწევა უნდა იგრძნობოდეს, როგორც სასიამოვნო მასტიმულირებელი ზემოქმედება – კანისთვის ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე. კანი თითების მოძრაობას მიჰყვება, მაგრამ ოდნავ, დაჭიმვის ეფექტის გარეშე. ასეთი მექანიკური ზემოქმედების გამო მას ელასტიურობა უბრუნდება. თუ საჭიროდ იგრძნობთ, შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ რამდენიმე წვეთი თაფლი, რომ ის კვლავ თხევადი გახდეს.
ყველა ხაზის დამუშავების შემდეგ, უნდა გაიმეოროთ კიდევ ერთხელ, ქვედა ხაზებიდან დაწყებით.
რამდენად ხშირად უნდა გაკეთდეს მასაჟი
მასაჟი რეკომენდებულია კვირაში ერთხელ, მაგრამ თუ კანი მგრძნობიარეა, მაშინ 10 დღეში ერთხელ.
მასაჟის შემდეგ აუცილებლად წაისვით თქვენი საყვარელი ნიღაბი კანის გამოსაკვებად ან დასატენიანებლად. თაფლის მასაჟის შემდეგ კანი კარგად გაიწმინდება და გათბება, რაც საშუალებას მისცემს უკეთ აითვისოს მზრუნველი კოსმეტიკის სასარგებლო კომპონენტები.