ნაყინი-ფრჩხილები ზაფხულის უგემრიელესი ტენდენციაა, რომლის გამეორება მარტივია

137

ზაფხულის სიცხის დადგომასთან ერთად ყოველთვის გვსურს გაგრილება. გთავაზობთ ამის გაკეთებას ახალი მანიკურით!

უკვე ბევრჯერ ვთქვით, რომ ჰეილი ბიბერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ახალგაზრდა ვარსკვლავია მოდისა და სილამაზის სამყაროში. მისი ბუნებრივი და დახვეწილი სტილი ხშირად იქცევა ყურადღებისა და მიბაძვის ობიექტად – ყველა მოდის მიმდევარი ცდილობს გაიმეოროს მისი იმიჯი თავიდან ფეხებამდე, სილამაზის პროდუქტები კი გაყიდვების პირველ დღესვე იყიდება. მოდელი გოგონას „მოჭიქულ“ ფრჩხილებს დღესაც აქტიურად იმეორებენ მთელ მსოფლიოში. მისი მინიმალისტური, დახვეწილი დიზაინი და მსუბუქი მბზინვარება მოეწონა მათ, ვინც აფასებს პრაქტიკულობას და ელეგანტურობას ერთ შესრულებაში.

თუმცა კაშკაშა დიზაინის მოყვარულებს ეს მარგალიტის ეფექტი სწრაფად მობეზრდათ. მათ გადაწყვიტეს შეეთავსებინათ ჰეილის იდეა და საკუთარი იდეები და შექმნეს მანიკური, რომელიც მოგაგონებთ დონატის მინანქარს ან გამდნარ ნაყინს.

ეს არის ელეგანტური და ორიგინალური გადაწყვეტა ტკბილეულის და მოდის სამყაროში აქტუალური ტენდენციების მოყვარულთათვის. ასეთი ნათელი და უჩვეულო დიზაინი, რომელიც შთაგონებულია დესერტის ფორმითა და ფერთა გამით, ყოველდღიურად დამუხტავს პოზიტივით არა მხოლოდ მის მფლობელს, არამედ მის გარშემო მყოფებსაც, გახდება იმიჯის მთავარი აქცენტი და დაგეხმარებათ, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეთ. ასე რომ, თუ თქვენც გინდათ ცოტაოდენი მხიარულება და სიტკბო შემატოთ თქვენს ცხოვრებას, მანიკური ამ ნეილ-არტით იდეალური არჩევანი იქნება თქვენთვის!

მის შესაქმნელად გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკა და მასალა: ფერადი გელ-ლაქები, აკრილის საღებავები, გლითერი და სხვა დეკორატიული ელემენტები – ამიტომ გირჩევთ, ამ იდეით პირდაპირ პროფესიონალ ოსტატს მიმართოთ. ფრჩხილის გურუები აჩვენებენ თავიანთ ფანტაზიას და ქმნიან ნამდვილ დონატებს თქვენს ფრჩხილებზე ფერადი მინანქრით, შაქრის პუდრით და პატარა დეტალებით, რაც დიზაინს უფრო თვალწარმტაცს და რეალისტურს ხდის ან სიცხეში გამდნარი ხილისა და კენკრის ჟელატოს იდეას განასახიერებს.

ამ შემთხვევაში რაიმე შეზღუდვები არ არსებობს. ზოგი დიზაინს კიდევ უფრო ნათელს ხდის მთავარი ფერის გაჯერებით, ზოგი ჯერ ნუდს იყენებს (ზოგჯერ მქრქალსაც კი), წვეთებს კი ყველაზე მკვეთრი ფერებით ხატავს, ზოგი კი უბრალოდ ვერ ირჩევს ერთ ფერს და ყველა ფრჩხილს სხავადასხვა ფერში ხატავს. ბრჭყვიალა ქვებისა და სხვა დეკორის დამატება – მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.