ალბათ დამეთანხმებით, რომ სახლში ნივთების განლაგება გავლენას ახდენს მისი მობინადრეების კეთილდღეობაზე. თუ ბინაში ბევრი არასაჭირო ნივთია, მაშინ, სავარაუდოდ, მისი პატრონის ფიქრებიც ქაოსურია. ამიტომ, ბევრი ეზოთერიკოსი ამტკიცებს, რომ მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მუდმივი წესრიგის შენარჩუნება იმ სივრცეში, რომელშიც ცხოვრობთ. ფენ შუის თანახმად, ამ შემთხვევაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საწოლის განთავსებასაც.
საძინებელი არის მთავარი ოთახი სახლში, ჰარმონიის დასამყარებლად და ძალების აღსადგენად. იმისთვის, რომ პროცესები სწორად წარიმართოს, დაიცავით ნივთები წესრიგში. საძინებელში საწოლის განთავსებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე კომფორტული საწოლიც კი დისკომფორტს შეგიქმნით, თუ ის არასწორად იქნება განთავსებული. მასზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ძილის ხარისხი, არამედ სახლის ზოგადი ატმოსფეროც. დეტალურად, ამის შესახებ ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.
საწოლის სწორი მდებარეობა
არ დადგათ საწოლი ისე, რომ მძინარე ადამიანის ფეხები იყოს მიმართული დივნის ან სავარძლისკენ. უკეთესი იქნება, თუ ამ ავეჯს საერთოდ გაიტანთ საძინებლიდან. ეს ცუდი ნიშანია, რომლიც უკავშირდება იმას, თუ როგორ ხდება მიცვალებულის გასვენება სახლიდან. ასევე, არ არის რეკომენდებული საწოლის განთავსება ისე, რომ ფეხები კარისკენ იყოს მიმართული, იმავე მიზეზით. თუ საწოლის სხვაგვარი განთავსების შესაძლებლობა არ არსებობს, მაშინ რეგულარულად დახურეთ საძინებლის კარი.
ნუ დადგამთ საწოლს ისე, რომ მისი თავი ფანჯრისკენ იყოს. ძილის დროს ადამიანი მაქსიმალურად მოდუნებულია და დაუცველი. ნიშნების მიხედვით, არ შეიძლება რაიმეს ჩამოკიდება საწოლის ზემოთ. ამ გზით ხდება სივრცის გადატვირთვა და თქვენ გაგიჭირდებათ მოდუნება. მოაშორეთ ყველა არასაჭირო ნივთი და იგრძნობთ შვებას.
საწოლის გვერდით არ უნდა იყოს სარკე. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ისინი ირეკლავენ და უკან აბრუნებენ ადამიანის ენერგეტიკას. ძილის დროს კი ადამიანის აზრები და ემოციები უნდა განიწმინდოს. თუ ახლოს სარკე იქნება, ის უკან გამოგზავნის მთელ ნეგატივს. ეს უარყოფითად იმოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და განწყობაზე. ამავე მიზეზით, არ შეიძლება საძინებელში ტელევიზორი. ის ასევე შეუშლის ხელს სრულფასოვან ძილს.
თუ ვსაუბრობთ კონკრეტულად საძინებელ ოთახზე, ეცადეთ, რომ ის გახადოთ მაქსიმალურად ფართო (პატარა ოთახის შემთხვევაშიც). დეკორატიული ნივთებიდან დატოვეთ ხალიჩა, ყვავილების ლარნაკი და რამდენიმე ჩარჩო ფოტოებით. ეს ყველაფერი კომფორტს შეგიქმნით და ატმოსფეროს უფრო მყუდროს და მშვიდს გახდის.
კიდევ ორიოდე რჩევა
- კარგი იქნება, თუ საწოლიდან დაინახავთ ოთახში შემომავალ ადამიანს. ეს დაკავშირებულია თვითგადარჩენის ინსტინქტთან.
- არ იყიდოთ ძალიან ფართო საწოლი, თუ ოთახში პატარა ადგილია. ეს მაინც არ უზრუნველყოფს ოთახში კომფორტულ დასვენებას.
- მცირე ზომის საწოლი უკეთესია განათავსოთ კედლის გასწვრივ ან კუთხეში, კარსა და ფანჯარას შორის. ასე ადამიანი თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობს.
საწოლის განთავსების ამ წესების დაცვით, შენიშნავთ, რომ ძილი უფრო მშვიდი და სრულფასოვანი გახდება.