მოვამზადოთ ფუნჩოზა: 2 დეტალური რეცეპტი

280

ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებთ სასურსათო მაღაზიის თაროზე მოთავსებულ ბრინჯის ლაფშას? ნუ შეგეშინდებათ მისი მომზადების. რთული არაფერია. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა მოამზადოთ ფუნჩოზა სახლში (სწრაფად და გემრიელად).

აუცილებლად სცადეთ ბრინჯის ლაფშის ეს რეცეპტები. თქვენ ნამდვილად მოგეწონებათ მომზადების პროცესი, განსაკუთრებით მისი სისწრაფე და სიმარტივე. დაწყებიდან 30 წუთში კი სუფრაზე გექნებათ გემრიელი და ცხარე აზიური კერძი.

როგორ მოვამზადოთ ფუნჩოზა: 2 შესანიშნავი ვარიანტი

რეცეპტი ღორის ხორცით

საჭირო ინგრედიენტები:

  • 200 გ ფუნჩოზა;
  • 300 გ ღორის ხორცი;
  • 1 პომიდორი;
  • 1 ხახვი;
  • 3 ტკბილი წიწაკა;
  • 1 სტაფილო;
  • 4 კიტრი;
  • 3 კბილი ნიორი;
  • 1 შეკვრა ქინძი;
  • 1 ს.კ ძმარი;
  • 3 ს.კ სოიოს სოუსი;
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი;
  • 0,25 ჩ.კ ტკბილი დაფქული პაპრიკა;
  • ოხრახუში – გემონებით.
  • წითელი ცხარე წიწაკა (დაფქული) გემოვნებით;
  • მარილი გემოვნებით;
  • 0,5 ჩ.კ. შაქარი.

მომზადების მეთოდი:

  • მოათავსეთ ფუნჩოზა ღრმა ჭურჭელში. დაასხით მდუღარე წყალი. დატოვეთ 15 წუთი ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ ფუნჩოზა გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ. მოათავსეთ საწურში, რომ მთელი წყალი დაიწუროს.
  • გარეცხეთ ახალი კიტრი, დაჭერით ზოლებად. გათალეთ სტაფილო. გახეხეთ კორეული სტაფილოს სახეხზე. მოათავსეთ ბოსტნეული ღრმა თასში. დაუმატეთ მარილი, ოხრახუში და შაქარი. დატოვეთ სამზარეულოში 20 წუთის განმავლობაში.
  • ღორის ხორცი დიდ ზოლებად დაჭერით. შეწვით გახურებულ ტაფაზე მზესუმზირის ზეთით. ხორცს დაუმატეთ სოიოს სოუსი. კარგად აურიეთ.
  • ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ. მოაშორეთ ყუნწი და თესლი. დაჭერით ზოლებად. ხახვი გაფცქვენით და ნახევარ რგოლებად დაჭერით. ღორის ხორცს დაუმატეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა. აურიეთ ყველაფერი და მოთუშეთ ტაფაზე კიდევ 7 წუთის განმავლობაში.
  • გარეცხეთ პომიდორი და ქინძი. პომიდორი დაჭერით პატარა ნაჭრებად, მწვანილი – ძალიან წვრილად. ნიორი გაფცქვენით და დანაყეთ. ხორცს და ბოსტნეულს დაუმატეთ პომიდორი, ქინძი და ნიორი. შემდეგ დაუმატეთ სტაფილო და კიტრი.
  • ცალკე ტაფაზე გააცხელეთ 2 ს/კ. მზესუმზირის ზეთი. ფუნჩოზას და ღორის ხორცს დაასხით მდუღარე ზეთი და ძმარი. დაამატეთ დაფქული წიწაკა და ტკბილი პაპრიკა. საფუძვლიანად აურიეთ.
  • ტაფის შიგთავსს დააფარეთ თავსახური. გააჩერეთ ფუნჩოზა ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად 15-20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!

რეცეპტი საქონლის ხორცით და სოკოთი

საჭირო ინგრედიენტები:

  • 200 გ ფუნჩოზა;
  • 350 გ საქონლის ხორცი;
  • 1 ხახვი;
  • 1 სტაფილო;
  • 300 გ შამპინიონი;
  • 2 ბულგარული წიწაკა;
  • 5 კბილი ნიორი;
  • 6 ს.კ. სოიოს სოუსი;
  • 3 ს.კ. სეზამის ზეთი;
  • 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი;
  • 1 ჩ.კ. შაქარი;
  • დაფქული პაპრიკა გემოვნებით;
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით;
  • მარილი გემოვნებით.

მომზადების მეთოდი:

  • შამპინიონები დაჭერით ნაჭრებად. ნიორი გაფცქვენით და ნივრის სანაყში გაატარეთ. ხორცი დაჭერით დიდ ზოლებად.
  • ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ხორცი და 150 გ შამპინიონი. დაამატეთ დაჭრილი ნიორი. დაასხით 2 ს.კ სეზამის ზეთი და 3 ს.კ სოიოს სოუსი. კარგად აურიეთ. ნარევი შედგით მაცივარში ნახევარი საათით.
  • ხახვი გაფცქვენით და ნახევარრგოლებად დაჭერით. გარეცხეთ ბულგარული წიწაკა, მოაშორეთ თესლი. სტაფილო და ტკბილი წიწაკა ზოლებად დაჭერით.
  • ჩაასხით წყალი ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ მასში მოათავსეთ ფუნჩოზა. ადუღეთ 6 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე. ფუნჩოზა გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ. გადაიტანეთ საწურში.
  • ტაფაში გააცხელეთ მზესუმზირის ზეთი. შეწვით დარჩენილი სოკო 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ხახვი. მზად რომ იქნება, სოკო და ხახვი ტაფიდან ამოიღეთ.
  • შეწვით სტაფილო 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მას დაჭრილი წიწაკა. დატოვეთ ტაფაში მსუბუქად შეწითლებამდე. შეურიეთ სტაფილო და წიწაკა შემწვარ სოკოს.
  • დამარინადებული საქონლის ხორცი შამპინიონების ტაფაში მოათავსეთ და შეწვით. მოაყარეთ მარილი, პილპილი და პაპრიკა. კარგად აურიეთ.
  • ფუნჩოზა მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. დაამატეთ ბოსტნეული, შამპინიონები და საქონლის ხორცი. შემდეგ სოიოს სოუსი და სეზამის ზეთი. დაამატეთ შაქარი და სანელებლები გემოვნებით. საფუძვლიანად აურიეთ.

თუ მოგბეზრდათ ისეთი კლასიკური გარნირები, როგორიცაა კარტოფილი, მაკარონი და ფაფა, სასწრაფოდ გაიქეცით მაღაზიაში და ბრინჯის ლაფშა შეიძინეთ. ფუნჩოზას მომზადებით თქვენ შეძლებთ გააოცოთ თქვენი ოჯახის წევრები ფანტასტიკურად გემრიელი ვახშმით ან ლანჩით.