ხშირი გამოყენების გამო, შედარებით ახალ სარეცხ მანქანაშიც კი ჩნდება უსიამოვნო სუნი. ეს მიუთითებს ძლიერ დაბინძურებაზე და ობის შესაძლო გაჩენაზე. იმისათვის, რომ რეცხვის შემდეგ სარეცხს სიახლის სუნი ასდიოდეს და არა უსიამოვნო სუნი, უნდა მიმართოთ გაწმენდის ერთ გადამოწმებულ მეთოდს. ამის გაკეთება შეგიძლიათ თავად (სპეციალისტის დახმარების გარეშე). როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა ქიმიკატების გარეშე? ამის შესახებ ვივიენის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.
ამ მიზნით დაგჭირდებათ ძმარი და საკვები სოდა. ეს ნაკრები უბრალოდ შეუცვლელია, რადგან ის უმკლავდება ყველანაირი ტიპისა და სირთულის ჭუჭყს, რომელსაც ყველა მაღაზიაში შეძენილი პროდუქტიც კი ვერ ერევა.
როგორ გავასუფთავოთ სარეცხი მანქანა ძმრით
პირველი ეტაპი
ღრმა გაწმენდისთვის, ბარაბანში ჩაასხით 2 ჭიქა სუფრის ძმარი. დააყენეთ ტემპერატურა ყველაზე მაღალზე და დაიწყეთ რეცხვა. მას შემდეგ, რაც მანქანა მთლიანად შეივსება წყლით, რეცხვის რეჟიმი დააპაუზეთ. ამ მდგომარეობაში დატოვეთ 1 საათის განმავლობაში. გახანგრძლივებული გაჟღენთის წყალობით, მანქანის კედლებს ნალექი და ნადები მოშორდება. 60 წუთის შემდეგ ისევ ჩართეთ რეცხვის ციკლი და დაელოდეთ რეცხვის დასრულებას.
მეორე ეტაპი
ციკლის დასრულების შემდეგ გაასუფთავეთ სანიაღვრე ფილტრი, რომელშიც ბევრი ჭუჭყი გროვდება. ამოიღეთ ფილტრი განყოფილებიდან, რომელიც სარეცხი მანქანის ქვედა ნაწილშია განთავსებული. სანამ ამას გააკეთებთ, იატაკზე პირსახოცი დაფინეთ. გახსენით და ამოიღეთ სანიაღვრე ფილტრი. ფილტრიდან დაგროვილი ჭუჭყის გროვა გადმოვარდება და სუნი შეიძლება იყოს ძალიან უსიამოვნო – ეს ნორმალურია.
ფილტრი კარგად გარეცხეთ. დაასველეთ ხელსახოცი ძმარში. გაწმინდეთ ფილტრის ხვრელი. დეტალი თავის ადგილზე მოათავსეთ და შემდეგ კი მჭიდროდ დაკეტეთ კარი. ისევ ჩართეთ მანქანა. ამჯერად ჩართეთ მოკლე ციკლი ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე.
მესამე ეტაპი
თუ მანქანაში გაჩენილი ობი გაწუხებთ, უნდა გადახვიდეთ გაწმენდის მესამე ეტაპზე. ბარაბანში ჩაყარეთ 1 ჭიქა საკვები სოდა, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი ნებისმიერი სურნელით (მაგალითად, ციტრუსი, ლავანდა ან სალბი). დააყენეთ სარეცხი ციკლი რაც შეიძლება ხანგრძლივ რეცხვაზე. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს საშუალო. რეცხვის დასრულების შემდეგ გახსენით ბარაბნის კარი და დატოვეთ ღია, რომ კარგად გაშრეს.
ჭუჭყისა და ობის მოცილების ეს მეთოდი არ საჭიროებს განსაკუთრებულ დანახარჯებს, თუმცა ამ მეთოდის შედეგი ბრწყინვალეა. ჭუჭყი ნაწილებად იშლება და ობის კვალიც კი არ რჩება. საბოლოო ჯამში, მანქანა ბევრად უკეთ იმუშავებს.