9 ნოემბერს მსახიობის ვაჟი დანილ პეროვი 55 წლის გახდებოდა.
შვილის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა, მაგრამ რაისა რიაზანოვა კვლავ ვერ შეეგუა დანაკარგს.
რა შეიძლება იყოს დედისთვის საკუთარი შვილის დაკარგვაზე უარესი? მაშინაც კი, თუ შვილები მოზრდილ ასაკში გარდაიცვალნენ, დედისთვის ისინი ყოველთვის ბავშვებად რჩებიან, რომლებიც მან გაზარდა და რომელთაც მისი სიბერე უნდა ენახათ. მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ სასტიკია და ზოგჯერ სწორედ მშობლები არიან იძულებულნი მოინახულონ შვილების საფლავები.
ეს მოხდა ფილმის “მოსკოვს არ სჯერა ცრემლების” ვარსკვლავის ცხოვრებაში, რომელმაც დაკარგა ერთადერთი ვაჟი, მსახიობი დანილა პეროვი. დანილამ დედის მსგავსად დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, თეატრში თამაშობდა, მონაწილეობა მიიღო ბევრ ფილმში და სამომავლო გეგმებს აწყობდა. მისი ცხოვრება მოულოდნელად დასრულდა სამი წლის წინ – თრომბი მოწყდა – და მთელი ამ ხნის განმავლობაში რაისა რიაზანოვა გლოვობს გარდაცვლილ შვილს. ტკივილი არ შემცირებულა. მსახიობი ხშირად ნანობს, რომ ზოგჯერ სასტიკი იყო თავისი მემკვიდრის მიმართ. ბავშვობაში ის დანილას სჯიდა კიდეც.
„მე და მამამისი დაშორებულები ვიყავით. ხშირად მივემგზავრებოდი ფულის საშოვნელად. ვბრუნდებოდი და დღიურში ყოველ გვერდზე მხვდებოდა წითელ მელნით ნაწერი: „გაკვეთილზე ხელს გვიშლიდა“, „გოგოებს ნაწნავებს უქაჩავდა“, „ყვიროდა“. მე ვეუბნებოდი: ‘“დან, როდემდე გაგრძელდება ეს? თუ ისევ ვნახავ მსგავს ჩანაწერს, უბრალოდ სახლიდან გაგაგდებ, წადი სადაც გინდა“. მამამისი უკვე მეორედ იყო დაქორწინებული“, – თქვა რიაზანოვამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
მეორე დღეს დღიურში გაჩნდა ჩანაწერი: „ძალიან გვიშლიდა ხელს გაკვეთილზე“. დედამ თავი ვერ შეიკავა და თქვა, რომ დანილას შეეძლო წასულიყო იქ, სადაც უნდოდა.
„მე ვუთხარი: „რაზე ვისაუბრეთ გუშინ? რას დაგპირდი, რას ვიზამდი? სახლიდან გაგაგდებ. ასე რომ, აიღე შენი წიგნები და წადი სადაც გინდა“. წიგნები ჩაალაგა, სპორტული ფორმა აიღო და წავიდა. ჟენია, მისი მეგობარი, ამ დროს ფანჯრის ქვეშ იდგა და ელოდა. ისინი წავიდნენ. მე კი ადგილს ვერ ვპოულობდი ჩემთვის, არ ვიცი სად არის, რას აკეთებს“, – თქვა რაისა ივანოვნამ. ბავშვი თურმე მამასთან წავიდა. იური პეროვის ახალმა მეუღლემ დაურეკა რიაზანოვას და უთხრა, რომ ბიჭი მათ სახლში იყო.
რიაზანოვამ უთხრა, რომ ბავშვი გამოეკვებათ და მამის დაბრუნებას დალოდებოდნენ – დაე, მამამისი სერიოზულად დაელაპარაკოს.
„მოგვიანებით გაირკვა, რომ კლასის მასწავლებელმაც უსაყვედურა და მამაც ეჩხუბა. დღეს, რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ ასეთი მკაცრი ვიყავი“, – გაიხსნა საბჭოთა კინოს ვარსკვლავმა.
ახლა რიაზანოვა მარტო ცხოვრობს და მუდმივად იხსენებს შვილთან ბედნიერი ცხოვრების მომენტებს. რა კარგი იყო და რამდენი მხიარული მოგონება დარჩა მის გულში.
„მე მეუბნებიან: თქვენ თავს იტანჯავთ ამით. მე ვამბობ: როგორ მოვიშორო ეს ფიქრები, როგორ? თავის ქალა გავიტეხო და ყველაფერი ამოვიღო? თავი გავისულელო? როგორ? როგორ განიცდის ყველა დანარჩენი, როგორ განიცდის ყველა დედა? იქნებ ცოლები ეგუებიან – მე არ ვიცი. ჩემთვის ის თითქოს ცოცხალია“, – თქვა რუსეთის სახალხო არტისტმა.
ერთადერთი სიხარულია შვილიშვილი – ანდრეი პეროვი, რომელიც ბებიის და მამის კვალს გაჰყვა და გახდა მსახიობი. ის ძალიან ჰგავს მამას და მასთან შეხვედრა ცნობილი ბებიისთვის ყოველთვის დიდი სიხარულია.