შემოდგომა ხილ–ბოსტნეულისთვის ნაყოფიერი სეზონია. აიღეთ კომბოსტოს უხვი მოსავალი? დროა გემრიელი, სასარგებლო და კაშკაშა წასახემსებლები გაიხსენოთ. დღეს კომბოსტოს მწნილის უკრაინულ ვარიანტებს შემოგთავაზებთ. მაგალითად, „კომბოსტო პელიუსტკა“. უკრაინული სიტყვა „პელიუსტკა“ ნიშნავს „ფურცელს“. კომბოსტო 3-4 სმ ზომის კვადრატებად იჭრება და ჭარხალთან ერთად მწნილდება, ამიტომ კაშკაშა ლალისფრად იღებება. კომბოსტოს ნაჭრების ფორმები და ფერი ყვავილის ფურცლებს წააგავს. მაგალითად, ვარდს ან ბალბას.
კომბოსტო პელიუსტკა
კომბოსტო გამომცხვარი ჭარხლით
ინგრედიენტები:
- 1-1,5 კგ კომბოსტო
- 1 ჭარხალი
- 5-6 კბილი ნიორი
ინგრედიენტები მარინადისთვის 1 ლ წყალზე:
- 3-4 ს/კ შაქარი
- 2 ს/კ მარილი
- 3-5 მარცვალი შავი და ბაჰარის წიწაკა
- 3 ს/კ მცენარეული ზეთი
- 100 მლ 9%–იანი სუფრის ძმარი (თუ ხილის ძმარია, 150 მლ აიღეთ)
- 1-2 დაფნის ფოთოლი
თუ მეტ მარინადს ამზადებთ, მარილის და შაქრის რაოდენობა წყლის მოცულობის პროპორციულად გაზარდეთ.
მომზადების წესი:
1. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. ჭარხალი გარეცხეთ და ჩანგლით რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ, ფოლგაში გაახვიეთ და 1,5-2 საათით აცხვეთ, ძირნაყოფის ზომის მიხედვით.
2. მწიფე თეთრი კომბოსტო, არა საადრეო, კვადრატებად დაჭერით, წინასწარ ხიკვი ამოჭერით (საადრეო ხრაშუნა არ გამოვა). გაცივებული ჭარხალი ნახევარ რგოლებად ან ზოლებად დაჭერით. გასუფთავებული ნიორი დანის ბრტყელი მხრიდან დაჭყლიტეთ. ბოსტნეული ფენებად ჩააწყვეთ: კომბოსტო, ჭარხალი, ნიორი და ა.შ.
უნივერსალური მარინადი
3. წყლით, მარილით, შაქრით და სანელებლებით მარინადი მოამზადეთ. როცა წყალი ადუღდება, ხოლო მარილი და შაქარი გაიხსნება, ძმარი ჩაასხით და ქვაბი ქურიდან გადადეთ. ოდნავ შეგრილება აცადეთ. ბოსტნეულს დაასხით ცხელი მარინადი ისე, რომ სრულად დაიფაროს. ზემოდან მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ზეთი შექმნის საფარს, რომელიც წასახემსებელს ბაქტერიებისა და ობისგან დაიცავს.
4. მშრალ, ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე 3-5 დღე შეინახეთ და წასახემსებელი მზად იქნება. შემდეგ მაცივარში გადაიტანეთ. ამტკიცებენ, რომ 2 თვის შემდეგაც კარგია. მაგრამ დაგვიჯერეთ, ამდენ ხანს მწნილი არ გაჩერდება. რამდენიმე სადილზე და ვახშამზე დაასრულებთ. განსაკუთრებით მეგობრებთან ერთად. თან ამ გემრიელობის მომზადება მარტივია. ახალ გაზაფხულამდე შეგიძლიათ აკეთოთ.
შემდეგი რეცეპტი კომბოსტოს წასახემსებლის ერთ–ერთი ვარიანტია. ჭარხლის გარეშე, მდოგვის მარცვლებით.
კრიჟავკა ან კრიჟალკა
წასახემსებლის სახელი მოდის სიტყვიდან „კრიჟი“ – „ჯვარი“. კრიჟავკისთვის კომბოსტოს თავი ჯვარედინად იჭრება – ოთხ ნაწილად. ბოსტნეულიდან საჭიროა კომბოსტო და ნიორი, 1–2 კბილი თითოეულ მეოთხედზე. კომბოსტოს რაოდენობა დამოკიდებულია ქვაბის მოცულობაზე, რომელშიც წასახემსებელს მოამზადებთ, და მაცივარში შესანახად მოსახერხებელი კონტეინერის ან უჯრის ქონაზე.
მარინადისთვის ნაკლები შაქარია საჭიროა, სუფრის კოვზი 1 ლიტრ წყალზე. 100 მლ ყურძნის ან ვაშლის ძმარი საკმარისია. მარილის და სანელებლების რაოდენობა იგივეა, რაც წინა რეცეპტში.
კრიჟავკის ხიბლია მდოგვის მარცვლები, რომლებიც კერძს არომატს და პიკანტურობას მატებს. 1,5 კგ კომბოსტოზე გემოვნებით 1–2 სუფრის კოვზი მდოგვის მარცვალი აიღეთ.
მომზადების წესი:
1. დიდ ქვაბში წყალი გააცხელეთ. კომბოსტოს ზედა ფურცლები მოაშორეთ, ოთხად გაჭერით და მდუღარე წყალში ჩადეთ, როგორც ტოლმის მომზადებისას. ზუსტად 10 წუთი. მთავარია, არ გადახარშოთ. გახსოვდეთ, კრიჟავკა მზადდება ხიკვით, რომ ფურცლები არ დაიშალოს.
2. კომბოსტო ცხელი წყლიდან ამოიღეთ და აუცილებლად თავსახურის ქვეშ გააგრილეთ, რომ არ გახმეს. მარინადი ისე მოამზადეთ, როგორც წინა რეცეპტში.
რეცეპტის ხიბლს მივაღწიეთ
3. მდოგვის მარცვლები დანაყეთ. თუ არ გაქვთ, მარცვლები პერგამენტში გაახვიეთ და საგორავი გადაატარეთ. გასუფთავებული ნიორი ფირფიტებად დაჭერით და კომბოსტოს თითოეულ მეოთხედში ჩადეთ. შემდეგ კომბოსტოს მდოგვი წაუსვით. ღრმა და ფართო მინანქრის ან მინის თასში ან ქვაბში მჭიდროდ ჩააწყვეთ და ცხელი მარინადი დაასხით. ზემოდან სუფთა ბრტყელი თეფში დააფარეთ და სიმძიმე დაადეთ. მაგალითად, წყლით სავსე ქილა.
4. სხვათა შორის, მარინადზე შეგიძლიათ დაზოგოთ: პომიდვრის მწნილის მარილწყალი იდეალური შემავსებელია. გემრიელი მარილწყალი აადუღეთ და დაასხით.
5. წასახემსებელი სამი დღე გრილ ადგილას შეინახეთ, შემდეგ – მაცივარში.
6. სუფრაზე გატანისას კომბოსტოს მეოთხედი ხიკვისკენ მიმართულებით რამდენიმე ფირფიტად დაჭერით, თეფშზე დააწყვეთ, დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ და მცენარეული ზეთი მოასხით. ზეთს რამდენიმე კბილი ნიორიც შეგიძლიათ აურიოთ.
სიცივეში სწორედ რომ შესაფერისია! განსაკუთრებით გამომცხვარ კარტოფილთან ერთად! მიირთვით და მეგობრებსაც გაუმასპინძლდით!