ხაჭოკვერა ისე, როგორც რესტორანში: მომზადების საიდუმლოებები

619

ხაჭოკვერა ერთ–ერთ ყველაზე გემრიელ და მარტივ საუზმედ ითვლება, მაგრამ ყველა დიასახლისს მისი მომზადება არ უყვარს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, სახლში ხაჭოკვერა ისეთი მაღალი და ფაფუკი არ გამოდის, როგორც რესტორანში. მეორეც, ხაჭოს ნამზადი შეწვისას იშლება. მესამეც, იწვება. მოდით გავარკვიოთ, როგორ ავარიდოთ თავი მოცემულ პრობლემებს. ვივიენი გასწავლით, როგორ მოამზადოთ ხაჭოკვერა ისე, როგორც რესტორანში.

კერძისთვის ინგრედიენტები დაკვირვებით აირჩიეთ. შეამოწმეთ ხაჭოს ხარისხი, ფქვილის სახეობა და ზეთი, რომელშიც ხაჭოკვერებს წვავთ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. გიზიარებთ აბსოლუტურად ყველა ხრიკს, არაფრის დამალვის გარეშე.

ხაჭოკვერები რესტორნულად: მომზადების ნიუანსები

ძირითადი ხრიკები

  • მთავარი ინგრედიენტების არჩევა. ხაჭოკვერა უჩვეულოდ გემრიელი რომ გამოვიდეს, 9%–იანი ხაჭო გამოიყენეთ. შეიძინეთ მარცვლოვანი პროდუქტი? დააქუცმაცეთ, საცერი გამოიყენეთ. ასე ხაჭო ერთგვაროვანი და ნაზი გამოვა. რძემჟავა პროდუქტს ზედმეტი სითხე აუცილებლად მოაშორეთ. ამისთვის ხაჭო მარლაში მოათავსეთ, საწურზე გადაიტანეთ, ზემოდან სიმძიმე დაადეთ.
  • კვერცხის გამოყენება. ეს ინგრედიენტი ხაჭოკვერებს უხეშს და ზედმეტად მკვრივს ხდის. ამის თავიდან ასაცილებლად 1 კგ ხაჭოზე 1 ქათმის კვერცხი გამოიყენეთ. საჭიროების შემთხვევაში კიდევ 1 კვერცხის გული გამოიყენეთ.

მომზადების რეკომენდაციები

  • ცომთან მუშაობა. ხაჭოს მასას ძალიან დიდხანს არ ურიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იდეალურ ტექსტურას ვერ მიიღებთ. გახსოვდეთ, ხაჭოკვერების ცომი მაცივარში 30 წუთი უნდა გააჩეროთ. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მისი ფორმირება. ასე წვის პროცესში ხაჭოკვერების დაშლის რისკს შეამცირებთ.
  •  ხაჭოკვერების ამოვლება. ხაჭოს რგოლები ფქვილში ამოავლეთ, სანამ თერმულად დაამუშავებთ. ამისთვის ხორბლის ფქვილი არ გამოიყენოთ. რეკომენდებულია აიღოთ ბრინჯის ფქვილი, რომლის წყალობით ხაჭოკვერას ძალიან თხელი ქერქი ექნება.

იდეალური ხაჭოკვერის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ხაჭო
  • 50 გ ბრინჯის ფქვილი + ამოსავლებად
  • 60 გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 10 გ ვანილი
  • ქიშმიში გემოვნებით
  • მწიკვი მარილი
  • კარაქი შესაწვავად
  • მზესუმზირის ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. 9%–იანი მარცვლოვანი ხაჭო მარლაში გაახვიეთ და ზედმეტი სითხისგან გაწურეთ. ხაჭო საცერში გაცერით ან დააბლენდერეთ პასტის მაგვარი მასის მიღებამდე.
  2. ბრინჯის ფქვილი, მარილი, შაქარი და ვანილი დაუმატეთ. კვერცხი ჩატეხეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ქიშმიში დაუმატეთ და ისევ კარგად აურიეთ.
  3. ხაჭოს მასიდან ბურთები გააკეთეთ. ბრინჯის ფქვილში ამოავლეთ (ზედმეტი დაფერთხეთ). ფართო დანა ნამზადს ზემოდან დააკაკუნეთ, ხაჭოკვერების ფორმირება დაიწყეთ. ხაჭოს რგოლები ატრიალეთ, დანით გვერდებზე სასურველი ფორმა მიეცით.
  4. ტაფაზე კარაქი და მზესუმზირის ზეთი (თანაბარი პროპორციით აიღეთ) გააცხელეთ. ხაჭოკვერები ერთი მხრიდან 2 წუთი შეწვით.
  5. ნამზადი გადააბრუნეთ. მეორე მხრიდან შეწვით. ხაჭოკვერები საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი აცხვეთ. მზადაა!

სიტყვაზე, ხაჭოკვერების ფორმირება შეგიძლიათ ხელით, დანის ფართო მხრის ან ჭიქის გამოყენებით. დაინტერესდით ჭიქის მეთოდით? ამ შემთხვევაში ბრინჯის ფქვილი სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ. მასზე ხაჭოს მასის ბურთები დააწყვეთ, თითოეულს რიგრიგობით ჭიქა დაფარეთ. სწრაფად ატრიალეთ. ხაჭოს რგოლები ჭიქის კედლებს უნდა ედებოდეს. შემდეგ ჭიქის ძირით ჩააწექით და ისევ წრიულად ატრიალეთ. შემდეგ კიდევ ერთხელ დააჭირეთ და შედეგით ისიამოვნეთ. იდეალურად მაღალი ხაჭოკვერა შესაწვავად მზადაა.