ერთი შეხედვით, ისეთი რუტინული პროცედურა, როგორიცაა თავის დაბანა, კითხვებს არ ბადებს: დაასველეთ, აქაფეთ, ჩამოიბანეთ! აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ასე მარტივი არაა.
სილამაზის ჟურნალებში რეგულარულად წერენ სხეულის სხვადასხვა ნაწილის მოვლის ინოვაციურ მეთოდებზე. არსებობს პროცედურა, რომელიც მოდას არ ექვემდებარება, არამედ ორგანიზმის ნორმალური პროცესებით და ლოგიკით აიხსნება. ერთ–ერთი მათგანია თავის დაბანა.
ამერიკელმა პარიკმახერმა ფელისიტ ნიკოლმა აღმოჩენა გააკეთა, როცა მიხვდა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის, როგორ დაიბანოს თავი სწორად. სწორედ ამიტომ, მარტივი ჭეშმარიტების სოციალურ ქსელში გაზიარება გადაწყვიტა.
საქმე იმაშია, რომ თავი ორჯერ უნდა დაიბანოთ. დიახ, შამპუნზე დაზოგვა არ გამოვა, მაგრამ შედეგი ღირს.
„პირველად შამპუნი თმას აშორებს ცხიმს, მოვლის და სტაილინგის საშუალებებს. განმეორებითი წასმისას შამპუნს ეტიკეტზე მითითებული ეფექტი ექნება. შამპუნი მხოლოდ სკალპზე უნდა წაისვათ, რომ თმის ბოლოები არ გამოაშროთ. დაბანისას ჩამოსული ქაფი მთელი სიგრძის დასაბანად საკმარისია“ – აცხადებს ფელისიტი ნიკოლი სოციალურ ქსელში.
ექსპერტი მიმდევრებს მოუწოდებს, რომ თმის კონდიციონერი არ უგულებელყონ. ჰყვება, როგორ გამოვიყენოთ იგი სწორად. თმის კონდიციონერი ან ბალზამი თმის შუა სიგრძეზე და ბოლოებში უნდა წაისვათ, შემდეგ თმაზე გადაანაწილოთ, თითებით ან ფართო დაკბილული სავარცხლით ჩამოვარცხნოთ, რამდენიმე წუთი გაიჩეროთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიბანოთ.
ქალებმა, რომლებიც თავს ყოველდღე იბანენ, სილამაზის ჩვევებს უნდა გადახედონ და პროცედურის რაოდენობა კვირაში 2–3–მდე შეამცირონ, რადგან უფრო ხშირი დაბანისას თმა ზიანდება და იმტვრევა.
ტვიტერში ამ პოსტმა ათასობით კომენტარი მოიპოვა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც აღიარეს, რომ პოსტის წაკითხვამდე თავს შამპუნით ორჯერ არასდროს იბანდნენ. რამდენიმე ადამიანმა პროფესიონალის რჩევები გაითვალისწინა და პირველივე ცდაზე ცვლილებები შეამჩნია.
„გუშინ რეკომენდაცია ვნახე და გადავწყვიტე თქვენი რჩევა შამპუნით გამომეცადა, როცა საღამოს თავს ვიბანდი. ღმერთო ჩემო, მადლობა! – დატოვა აღფრთოვანებული კომენტარი გამომწერმა.
„გულწრფელად, ახლა ჩემი თმა უკეთ გამოიყურება! ვერ ვიჯერებ, ისეთი განსხვავებაა. 26 წლის ვარ და მხოლოდ ახლა გავიგე, როგორ დავიბანო თმა სწორად“ – გვიზიარებს გოგონა.
ფელისიტი არ ელოდა, რომ ხალხს ასეთი მარტივი ფაქტებით გააოცებდა.