ბებიების რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა. უცნაურია, მაგრამ დღემდე ბევრს ურჩევნია, სააფთიაქო წამლების ნაცვლად საეჭვო შემადგენლობის საშუალებები გამოიყენოს. „გარეთ 21–ე საუკუნეა“. ამ ფრაზის თქმა გვინდა ქალების ფორუმებზე, სადაც განიხილავენ სხვადასხვა დაავადებებს და მათი მკურნალობის მეთოდებს.
მედიკამენტების მრავალფეროვნების და მედიცინის ხელმისაწვდომობის მიუხედავად ბევრი დღემდე მიმართავს ბებისეულ მეთოდებს და ხალხურ რეცეპტებს. ამბობენ, რომ ჯადოსნურად ეხმარებათ, მაგრამ ექიმები ამ მეთოდების შემხედვარე თავში ხელს ირტყამენ.
პრინციპი „ზიანი არ მიაყენო“ აქ ნამდვილად არ მუშაობს და აი, რატომ.
ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ხალხური მედიცინა დაავადებებს უკეთ უმკლავდება, ვიდრე ოფიციალური. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ თითქმის ყველას შეუძლია იჩივლოს ექიმების რჩევების განსხვავებებზე და „მათი“ სპეციალისტის ხანგრძლივ ძიებაზე.
ეთერზეთი უსიამოვნო სუნის გასაქრობად
ეს უნივერსალური მეთოდი საკმაოდ გავრცელებული აღმოჩნდა. ქალების ფორუმებზე არომატული კომპოზიციის შექმნის ბევრი ვარიანტი არსებობს. ზოგიერთ მათგანს ექიმები ეთანხმებიან, მაგრამ ასეთი მკურნალობის ეფექტი საპირისპიროა.
„ინტიმურ ზონაში უსიამოვნო თევზის სუნის მოშორებაში ეთერზეთი დამეხმარა. კარგად მოქმედებს ლემონგრასი, ჩაის ხის ზეთი, ლიმონი“ – გვიზიარებენ რეცეპტებს ფორუმებზე.
ამ მეთოდს ხანმოკლე ეფექტი აქვს, გარკვეული პერიოდი ზეთი მოქმედებს, უსიამოვნო შეგრძნებას ფარავს. რა თქმა უნდა, მკურნალობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ეს მხოლოდ შენიღბვაა.
„ასეთი მეთოდი უფრო პრობლემას მოგიტანთ, ვიდრე დახმარებას. ეთერზეთების კონცენტრაცია ისეთია, რომ ინტიმური ორგანოები შეუძლია დაწვას. კიდევ ერთი უსიამოვნო ბონუსი: ვულვის ან საშოს კონტაქტური დერმატიტი. განსაკუთრებით კონცენტრირებული ჩაის ხის ზეთი“ – ამბობს გინეკოლოგი ნატალია მუჩაევა.
ამის მიუხედავად, ექიმები პროფილაქტიკის ასეთ მეთოდს გადაჭრით არ უარყოფენ, მაგრამ გირჩევენ, კონცენტრირებული ზეთი გააზავოთ. უნდაგესმოდეთ, რომ ეს ძირითადი მკურნალობის დამატებაა, რადგან უსიამოვნო სუნის პრობლემა ესთეტიკური დეფექტი არაა.
მისი გამოწვევა შეუძლია ვაგინალურ ინფექციებს, საშოში ფლორის დისბალანსს – ბაქტერიული ვაგინოზი, შარდის გაჟონვა. ხოლო ეთერზეთი ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
იოგურტი რძიანას დროს
ეს პრობლემა ბევრი ქალისთვის ნაცნობია. მიკროფლორის დარღვევა იწვევს განსაკუთრებულ გამონადენს, ხოლო რძიანა სახიფათოა იმით, რომ ქრონიკულში სწრაფად გადადის.
„სხვადასხვა სამკურნალო მეთოდი, წამლები, სანთლები ვცადე. არაფერმა მიშველა, სანამ ხალხური მეთოდი არ ვცადე. გოგოებო, ეს ხსნაა! რძიანას დროს დამეხმარა შაქრიანი იოგურტი. 5-6 ტამპონი იოგურტით და რძიანა შეგიძლიათ დაივიწყოთ“ – გვიზიარებს ხალხურ რეცეპტებს მომხმარებლები.
კიდევ ერთი რეცეპტია ჩვეულებრივი კეფირი 7-10 დღის ვადით.
„კეფირი დანამატების გარეშე უნდა იყოს, მაქსიმალურად ნატურალური. დღეში ორჯერ შეისხურეთ“ – ნათქვამია მორიგ რჩევაში.
პირველი მეთოდის გამოყენებით სოკოს გამოკვებავთ და რძიანას ზრდას ხელს შეუწყობთ. აი, კეფირს კარგი სამსახურის გაწევა შეუძლია, მაგრამ იმ პირობით, რომ პაციენტს აქვს „სუფთა რძიანა, ბაქტერიული ვაგინოზის გარეშე“.
სასწაულს არ უნდა ელოდოთ, როცა დაავადება ქრონიკულშია გადასული.
„სოკო Candida, რომელსაც რძიანას უწოდებენ, ძალიან მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართაც. მკურნალობის დაწყებამდე პრეპარატის მგრძნობელობაზე ანალიზი ყოველთვის უნდა ჩაიტაროთ. ხშირად ისე ხდება, რომ სოკოს ძალიან ძლიერი იმუნიტეტი აქვს და მხოლოდ ვიწრო სპექტრის მოქმედების ერთი პრეპარატით ნადგურდება. კეფირი ასეთ მავნებელს ნამდვილად ვერ გაუმკლავდება, თან სიტუაციას გაამწვავებს, რადგან ხელსაყრელ სფეროს ქმნის“ – ასკვნის გინეკოლოგი.
ნიორი სურდოს წინააღმდეგ და არა მხოლოდ
უნივერსალური ბოსტნეული იმუნიტეტს აძლიერებს, სურდოს, ასევე ქალურ დაავადებებს კურნავს. ნივრიან ტამპონებზე ბევრს სმენია.
ყველაზე ხშირად მას ბაქტერიული ვაგინოზის წინააღმდეგ იყენებენ.
„აიღეთ რამდენიმე ნაჭერი ახალი ნიორი, დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ. მიღებული პასტა საშოში წაისვით და 1–2 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ წყლით კარგად ჩამოიბანეთ“ – იძლევა რჩევას მომხმარებელი ფორუმზე.
ექიმები გაფრთხილებთ ასეთ მეთოდებზე: ლორწოვანი გარსი შეიძლება დაწვათ და დამატებითი პათოგენური ბაქტერიები შეიყვანოთ, რადგან სტერილობაზე საუბარი არაა.
„მაღალია რისკი, რომ ნიორთან ერთად საშოში მოხვდება ნაწლავური ბაქტერიები ან სტაფილოკოკები. შეიძლება დაიწყოს ეროზია, ანთება და ლორწოვანის ლპობა. ეს სახიფათო მეთოდია, შემდეგ ბევრი დროის და ძალის დახარჯვა მოგიწევთ, რომ ჯანმრთელობა აღადგინოთ. გირჩევთ, ნიორი სურდოს საწინააღმდეგოდ შეინახოთ“ – გვირჩევს გინეკოლოგი.
ლუბრიკანტები სამზარეულოში
უნდა ვაღიაროთ, რომ ლუბრიკანტები ბიუჯეტური ნამდვილად არაა. სწორედ ამიტომ, ბევრმა ალტერნატივა სამზარეულოში იპოვა.
ფორუმებზე გვირჩევენ გამოვიყენოთ ქოქოსის, ზეითუნის, მზესუმზირის ზეთები. არ ჩამორჩება ყურძნის კურკის ზეთი, ნუშის ზეთი და სხვა. სახელწოდებას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია საცხის ეფექტი ჰქონდეს.
მაგრამ! ამ ხალხურ მეთოდს აქვს მინუსები. პრობლემა უმჯობესია ექიმთან მოაგვაროთ.
„ინტიმური ცხოვრების პრობლემების უმეტესობა თავში უნდა ვეძებოთ. ბუნებამ უზრუნველყო, რომ საცხი წარმოიშვას აღგზნების პროცესში. თუ ეს არ მოხდა, რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება იყოს. ან ზედმეტი სიმშრალის მიზეზი გინეკოლოგიურ სიბრტყეში უნდა მოძებნოთ. სირცხვილი არაა, თუ ლუბრიკანტს გამოიყენებთ. დღეს ამ სფეროში უდიდესი ინდუსტრია მუშაობს. რაც შეეხება ჩვეულებრივ ზეთებს, ისინი ლორწოვან გარსში სწრაფად შეიწოვება და სიმშრალის შეგრძნებას მხოლოდ აძლიერებს“ – ამბობს ფსიქოლოგი, სექსოლოგი ანა კოვალევა.
კონტრაცეფციის ხალხური მეთოდები
ალბათ, ამ კატეგორიის რჩევები სადღაც შუა საუკუნეების ქალებს ეხებათ. არ გავამახვილებთ ყურადღებას ისეთ ცნობილ მეთოდებზე, როგორიცაა ციკლის დღეების დათვლა და ტემპერატურის გაზომვა. ექიმები გაფრთხილებთ, რომ ამ მეთოდებს გარანტია არ აქვს.
2019 წელს ლონდონში გაიხსნა ვაგინის მუზეუმი, ხელოვნების ცენტრი, რომელიც ქალის ანატომიაზე დაფუძნებულია. იქ შეგროვებულია ბევრი მითი ქალის ჯანმრთელობაზე, მათ შორის ის, რომ საშოში ტკბილი გაზიანი წყლის შესხურება არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
თუ დღემდე არსებობენ ამ მეთოდის მიმდევრები, უნდა იცოდეთ: გაზიან სასმელს აქვს მაღალი მჟავიანობა და ლითონზე ჟანგის დაშლაც შეუძლია. საშიშია წარმოდგენა, რა მოხდება საშოში.
კიდევ ერთი საეჭვო ხრიკი არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად – იოდი და რძე. კოქტეილი დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ და ორსულობის რისკის დროს უნდა დალიოთ. რეცეპტის ავტორი გირჩევთ: „ასე იცავდნენ თავს ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები. სვამ და აღარ ნერვიულობ“.
აი, კიდევ ერთი „სასწაული საშუალება“: სქესობრივი აქტის შემდეგ საშოში ჩაიდეთ საპონის ნატეხი, შემდეგ კარგად დაიბანეთ. ტუტე გარემოში სპერმატოზოიდები კვდება.
რჩევა ამავე ავტორისგან: „ჩვენი ბებიები იყენებდნენ ლიმონის წვენს. უნდა შეისხუროთ და ორსულობის საფრთხე გაქრება. ასევე შეგიძლიათ დალიოთ ასფურცელას ჩაი. არა მხოლოდ ორსულობას ხელს უშლის, არამედ ნაყოფის მოშორებას ხელს უწყობს“.
„ამ მეთოდების შემყურე თმა ყალყზე მიდგება. არ არის საჭირო შეგახსენოთ, რა დროში ვცხოვრობთ. თავდაცვის ასეთ მეთოდებზე ფსონის დადება თითქმის იგივეა, რომ სქესობრივი აქტის წინ მონეტა ააგდოთ: დადგება ორსულობა თუ არა“ – ამბობს გინეკოლოგი ნატალია ტომიანინა.