კუშონი იდეალური კანისთვის: როგორ გამოვიყენოთ სწორად

793

Vivien გიამბობთ, რა არის კუშონი, რატომ გიჟდებიან მასზე კორეელები და როგორ გამოვიყენოთ, რომ კანი თანაბარი, სუფთა და ბზინვარე გახდეს.

კუშონი ტონალური საშუალების საოცრად მოსახერხებელი ფორმატია, რომელიც კორეაში 2008 წელს გამოჩნდა და მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ის წარმოადგენს ტონალურ საფუძველს სარკიან ფუტლარში, რომელიც ძალიან წააგავს საპუდრეს. ყუთში 2 იარუსია:

  • ზედა: სპონჯი, რომლითაც საშუალება კანზე ნაწილდება.
  • ქვედა: სპეციალური ასეპტიკური ღრუბელი–ბალიში, რომელიც ფლუიდის მსგავსი, მსუბუქი ტექსტურის ტონალური საშუალებით გაჟღენთილია.

ფოროვან ღრუბელში გავლისას ტონალური იშლება და კანზე თანაბრად ჯდება, ფორებს არ ბლოკავს: საფარი უფრო უწონო და შეუმჩნეველია, ვიდრე მსუბუქი ბბ კრემი. პატარა ყუთის თან ტარება მოსახერხებელია. ჩანთაში ან ჯინსის ჯიბეში შეგიძლიათ ჩაიდოთ. ასე ყოველთვის ხელთ გექნებათ და არ დაიღვრება.

ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვინც მუდმივად ჩქარობს, ვარჯიშობს და მაკიაჟზე დროის დახარჯვა არ უყვარს.

კუშონის გამოყენება დიდი სიამოვნებაა. დილით რამდენიმე მოძრაობით ტონალური წაისვით და საქმეზე გაიქეცით. თუ საჭიროა, ფუტლარი ამოიღეთ, მაკიაჟი რამდენიმე წამში შეისწორეთ და შეგიძლიათ აღარ იდარდოთ, როგორ გამოიყურება თქვენი სახე. ხელოვნურ „ნიღაბს“ ჩაკეტილი ფორებით ნამდვილად არ მიიღებთ.

არსებობს ერთი „მაგრამ“. ჩვეული ტონალური საშუალებისგან განსხვავებით კუშონი სწრაფად იხარჯება. შეფუთვაში ნაკლები მოცულობაა და კანის ნაკლოვანებების (აკნე, გამოხატული პიგმენტაცია) დასაფარად რამდენიმე ფენის წასმა მოგიწევთ.

სამაგიეროდ, ამ საშუალებით არა მხოლოდ კანს გაათანაბრებთ, არამედ მის ხარისხს გააუმჯობესებთ. მწარმოებლები შემადგენლობას ამდიდრებენ ვიტამინებით, ზეთებით, მცენარეული ექსტრაქტებით, ზოგიერთი საზაფხულო საშუალება ძლიერ სპფ ფილტრსაც (50–მდე) შეიცავს.

სხვათა შორის, კუშონის ფორმატში ჩრდილები, ტუჩსაცხი, რუმიანა, ჰაილაითერი და კორექტორიც შეგიძლიათ შეიძინოთ.

როგორ გამოვიყენოთ კუშონი სწორად

  1. კუშონი კანის ძირითადი მოვლის შემდეგ უნდა გამოიყენოთ. პირველ რიგში, კანი გაიწმინდეთ, ტონერი წაისვით და ჩვეული მეთოდით დაიტენიანეთ.
  2. ფუტლარი გახსენით, სპონჟი საჩვენებელ და შუა თითებზე გაიკეთეთ ან, თუ აუცილებელია, არათითზეც.
  3. სპონჯით ღრუბელს მსუბუქად დააწექით და სახეზე ტყაპუნა მოძრაობით წაისვით, კანზე თანაბრად გაანაწილეთ. შუბლიდან დაიწყეთ და ზემოდან ქვემოთ იმოძრავეთ. პირველი ფენის წასმის შემდეგ კანი განახლებული და დასვენებული გამოჩნდება. თუ საჭიროა, მეორე და მესამე ფენა დაიმატეთ.
  4. ბოლოს ფუტლარი დახურეთ, რომ ტონალური არ გამოშრეს.

საშუალება ისე მოიშორეთ, როგორც ჩვეულებრივი ტონალური. გამოგადგებათ მიცერალური წყალი, ჰიდროფილური ზეთი, დასაბანი ქაფი.

რჩევები

  • პროდუქტი შეიცავს ბევრ დამატენიანებელ კომპონენტს, ამიტომ გამოყენების შემდეგ კანი ოდნავ ბზინავს. თუ ასეთი ეფექტი არ მოგწონთ, კუშონი მატირებით გამოიყენეთ ან ტონალურის შემდეგ პუდრა გადაისვით.
  • სპონჟი და განყოფილება, რომელშიც ის ინახება, პერიოდულად გაწმინდეთ.
  • ზოგიერთ კუშონში სათადარიგო ღრუბელი გათვალისწინებულია. მაგალითად, ქილის ძირში შეიძლება იყოს. ასევე სათადარიგო ღრუბელი ცალკე შეგიძლიათ შეიძინოთ.
  • კუშონი საღამოს მაკიაჟის პრაიმერად გამოიყენეთ. ასე უფრო დიდხანს გაძლებს. თუ ზემოდან სხვა საშუალების წასმას გეგმავთ, მინიმუმ 10 წუთი მოიცადეთ. „პრაიმერი“ კანის ტემპერატურას უნდა მოერგოს და მასზე მაქსიმალურად თანაბრად გადანაწილდეს.
  • უმეტეს შემთხვევაში, კუშონი თვალების ქვეშ კანზე შეგიძლიათ წაისვათ. კონსილერის როლს ასრულებს. ამ შემთხვევაში წინასწარ დამატენიანებელი კრემი აუცილებელად უნდა წაისვათ.
  • საშუალების არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ კორეელებში კანის გათეთრება მიღებულია: რაც უფრო ღიაა, მით უფრო კეთილშობილური და მაღალი სტატუსის მქონეა ქალი. სწორედ ამიტომ, კორეული კუშონი მუქი შეფერილობით მუქ ან გარუჯულ კანზე სასაცილოდ გამოიყურება. თუ ქათქათა არ ხართ, ევროპულ ანალოგებს მიანიჭეთ უპირატესობა.

კუშონის გამოყენება ძალიან მარტივია, ხოლო შედეგი ნამდვილად გაგახარებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს