მამაკაცი ჩემთან მომავალს ვერ ხედავს, რადგან წარმატებას ჯერ ვერ მივაღწიე

472

23 წლის ვარ, ჩემი შეყვარებული – 33 წლის. თავიდან ყველაფერი კარგად და მარტივად იყო. ვცდილობდით, ერთად მეტი დრო გაგვეტარებინა, მაგრამ ორივე დაკავებული ვართ. მას ბიზნესი აქვს, იმ პერიოდში უნივერსიტეტში ვსწავლობდი და პარალელურად ვმუშაობდი.

რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ დროა ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზულში გადაზრდილიყო, მაგრამ უარი მითხრა. თქვა, რომ მზად არაა (ადრე დაქორწინებული იყო) და ჩემთან საერთო მომავალს ვერ ხედავს. მისი უარის მიზეზი: ცხოვრებაში ისეთი შემდგარი არ ვარ, როგორიც თავად არის. თითქოს მომავლისთვის საერთო ვექტორი არ გვაქვს.

სჭირდება ქალი, რომელსაც, მაგალითად, ექნება საკუთარი ბიზნესი ან სახლი, ვიოლინოზე ვირტუოზულად უკრავს და შემდგარი მუსიკოსია. რაშია პარადოქსი? მოსწონს ახალგაზრდა გოგოები, დაახლოებით ჩემი ასაკის ან მაქსიმუმ 30 წლამდე. თავისი ასაკის არ სურს, რადგან ან შვილები ჰყავთ ან უკვე გათხოვება სურთ. ჩემნაირ ახალგაზრდებთან, რომელთაც მსგავსი კითხვები ჯერ არ აქვთ, ურთიერთობა უადვილდება. სასწრაფოდ გათხოვების და შვილების გაჩენის მიზანი არ მაქვს. ჩემი საქმე მინდა დავიწყო, ამას კი დრო სჭირდება.

ზოგი, ალბათ, ჩემს ასაკში, წარმატების მოპოვებას ახერხებს, მაგრამ, ძირითადად, ახალგაზრდებს არაფერი აქვთ. რა თქმა უნდა, საიდან მექნება 23 წლის ასაკში პატიოსნად ნაშოვნი სახლი? ის, რომ უნივერსიტეტი წელს დავამთავრე, სამსახურს ვიცვლი და საკუთარი გეგმის განხორციელებას ვცდილობ (მაქვს საქმე, რომლის კეთებაც მიყვარს და ამ მიზნისკენ ნელ–ნელა მივიწევ), მისთვის: „ეს კიდევ 1–2 წელია?“ ამდენი დრო არ აქვს, რომ დამელოდოს, სანამ წარმატებას მოვიპოვებ.

მითხრა, რომ ჯერ კიდევ თეთრი ფურცელი ვარ, რომელიც უცნობია, როგორი იქნება. არ აკმაყოფილებს, რომ უნივერსიტეტი დავასრულე, მშობლების სახლიდან წამოვედი, მართვის მოწმობა ავიღე, საკუთარ თავს თავად ვარჩენ, მისგან ფული არასოდეს მომითხოვია. თავად ბიზნესი მხოლოდ 30 წლისას დაიწყო და ისიც ყოფილი ცოლის ფულით (სხვათა შორის, მის ყოფილ ცოლს ფული ჰქონდა, რადგან მდიდარი ოჯახიდან იყო. ძალიან კარგად მღეროდა, მაგრამ შემდეგ სახლში დაჯდა. დაოჯახების შემდეგ მუშაობის მცდელობაც შეწყვიტა).

გამოდის, ახლა თვლის, რომ შემდგარია, რადგან ბიზნესს ფული მოაქვს და განვითარებას ცდილობს, ამიტომ გოგონაც ასეთი უნდა იყოს, თან ახალგაზრდა. სიყვარული მისთვის მეორეხარისხოვანია, მთავარია საერთო მიზანი და არა პირადი თვისებები. ნუთუ ეს ნორმალურია მამაკაცისთვის?

სინამდვილეში, მსგავსი მიზნები გვაქვს. ახლა ჩემი საბუღალტრო კომპანიის გახსნას ვცდილობ, რომ სახლში მის კისერზე არ ვიჯდე, არამედ საკუთარი ფული მქონდეს. მზად არაა დამელოდოს, სანამ სტაბილური შემოსავალი გამიჩნდება. ამავდროულად, დაშორება არ სურს. ჩემთან დროის გატარება და ურთიერთობა მოსწონს, მაგრამ ჩემთან მომავალს ვერ ხედავს. შევთავაზე ყველა ხიდის დაწვა, თითქოს ერთმანეთს არც ვიცნობდით. ასე ჩემთვის უფრო ადვილია, მაგრამ თავს მაინც მახსენებს.