ზოგჯერ ყოველდღე თმის დაბანა და ახალი ვარცხნილობის გაკეთება ძალიან გვეზარება. ექსპერტი გვიმხელს საიდუმლოს, როგორ არ დაიბანოთ თავი მთელი 5 დღე და მაინც მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ.
საწყენია, როცა ლამაზი ვარცხნილობა მოცულობას და სისუფთავეს სწრაფად კარგავს. თმის სტილისტი, ადამ რიდი, რომელიც დიანე კრუგერთან მუშაობს, Daily Mail–თან საუბრობს, როგორ გამოიყურებოდეთ დიდებულად მთელი 5 დღის განმავლობაში თავის დაბანის გარეშე.
დღე 1. მოცულობითი კულულები
თმაზე მსხვილი კულულები გაიკეთეთ. სტილისტი გირჩევთ, დავარცხნამდე თმა კარგად მოამზადოთ. თმის ძირებში მოცულობის საშუალება, მთელ სიგრძეზე თერმოდამცავი სპრეი წაისვით.
თმა მსხვილი მრგვალი ჯაგრისით გაიმშრალეთ, ძირებთან აწიეთ. შემდეგ უთოთი კულულები გაიკეთეთ. „შემდეგ თმის ლაქი წაისვით. უმჯობესია, საშუალება ხელისგულებით დაბეჭდოთ, ხოლო ლაქი ხელებზე უნდა წაისვათ“ – ირწმუნება რიდი.
დღე 2: მსუბუქი ტალღები
თუ თმა ვარცხნილობას კარგად ინარჩუნებს, მეორე დღეს მსუბუქი ტალღები დაგრჩებათ. ფრთხილად დაივარცხნეთ და ლაქი შეასხურეთ.
თუ ვარცხნილობა გაფუჭებულია, სტილისტი გირჩევთ, რომ თმა მსხვილ სახვევზე ოდნავ დაახვიოთ და ვარცხნილობა ისევ დააფიქსიროთ.
დღე 3: დაბალი კუდი
მესამე დღეს თმას მოცულობა და სისუფთავე უნდა დაუბრუნოთ. ამისთვის გამოიყენეთ გოფრირებული უთო თმის ძირებზე. კეფის არეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. თმის ძირები მშრალი შამპუნით კარგად დაამუშავეთ.
შემდეგ კეფის არეში თმა მსუბუქად აიჩეხეთ და თმა დაბალ კუდად შეკარით. ოდნავ შეგიძლიათ დაახვიოთ.
დღე 4: სწორი თმა
ისევ მოცულობის სპრეი დაგჭირდებათ. თმის ძირებზე წაისვით და ფენით მსუბუქად გააშრეთ.
სარკისებრი გლუვი სწორი თმის შესაქმნელად უთო გამოიყენეთ და შედეგი ბზინვარების საშუალებით დააფიქსირეთ.
დღე 5: მაგრად მოჭერილი კუდი
ალბათ, საყვარელი ვარცხნილობა ყველა გოგოსთვის, რომელმაც დილით შხაპის მიღება ვერ მოასწრო. ისიც დიდებულად შეიძლება გამოიყურებოდეს. მთავარია, გლუვი კუდი სწორედ კეფასთან შეაგროვოთ.
„ურჩი“ კულულები უხილავებით დააფიქსირეთ. სტილისტი თავად კუდისთვის გირჩევთ ჩვეულებრივი რეზინის გამოყენებას, ხოლო ზემოდან ლამაზი ლენტით შეკვრას. ბოლო შტრიხია ხელისგულზე ლაქის წასმა და თმაზე ხელის გადასმა. დაგვეთანხმეთ, კარგი რეკომენდაციებია მათთვის, ვისაც დილით დაბანის დრო ან სურვილი არ აქვს.