სიცხემ და ჭარბმა ტენიანობამ მაღალი წნევის და გულის დაავადებების მქონე ადამიანებზე ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს. ამის შესახებ გვაფრთხილებს ქსენია არტემიევა, კარდიოლოგი.
ცხელი ამინდის და მაღალი ტენიანობის პირობებში კანში სისხლის მიმოქცევა შეიძლება გაიზარდოს. ამ ფონზე გულისცემა ჩქარდება, წუთში უფრო მეტ სისხლს ამოძრავებს, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. კარდიოლოგის თქმით, გულ–სისხლძარღვთა პრობლემების დროს სიცხის და ტენიანობის კომბინაციის პირობებში გულზე დატვირთვა იზრდება და ადამიანის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
„ცხელი და ნოტიო ამინდის პირობებში მაღალი რისკის ქვეშ არიან 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, რომელთაც ჭარბი წონა ან გულის, თირკმლების და ფილტვების დაავადებები აწუხებთ“ – აზუსტებს სპეციალისტი.
გარდა ამისა, სიცხეში ჭარბოფლიანობა ორგანიზმში სითხის რაოდენობას ამცირებს, რაც, თავის მხრივ, სისხლის გასქელებას ხელს უწყობს. ამან გულზე დატვირთვა შეიძლება გაზარდოს.
კარდიოლოგმა დაასახელა გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ ორგანიზმი სიცხის კრიტიკულ გავლენას განიცდის:
- ცივი, წებოვანი კანი
- გონების დაბინდვა
- თავბრუსხვევა და დეზორიენტაცია
- გულისცემის გახშირება
- ჭარბოფლიანობა ან პირიქით: ოფლიანობის უუნარობა
- ძლიერი დაღლილობა
- თავის ტკივილი
- კუნთების სპაზმი
- შეშუპება
თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ამ სიმპტომებიდან ერთი ან ორი აწუხებს, ექსპერტი გირჩევთ დაუყონებლივ სამედიცინო დახმარებას მიმართოთ.
არტერიული ჰიპერტონიის დროს ცხელ ამინდში დაიცავით შემდეგი წესები:
- არტერიული წნევა აკონტროლეთ.
- საკმარისი სითხე დალიეთ.
- დღის ყველაზე ცხელ პერიოდში გარეთ გასვლას მოერიდეთ.
- ჯანსაღი დიეტა დაიცავით.
„გარდა ამისა, მედიკამენტები სწორად შეინახეთ, რომ ზედმეტმა სითბომ ზემოქმედება ვერ მოახდინოს. ზოგიერთი მედიკამენტი ტემპერატურის ცვლილებისას შეიძლება დაიშალოს. მაგალითად, ინსულინი, რომელიც დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება“.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.