მეაგარაკეები კოლორადოს ხოჭოს (კარტოფილის ფოთოლჭამია) წლებია ებრძვიან, მაგრამ ბოლომდე ვერ დაამარცხეს. ნაკვეთზე ყველა ხოჭოს შეგროვება უბრალოდ შეუძლებელია. მის წინააღმდეგ იყენებენ პოპულარულ ინსექტიციდებსაც და ხალხურ მეთოდებსაც. ხოჭოს ფრენა და ერთი ნაკვეთიდან მეორეზე სწრაფად გადასვლა შეუძლია.
ბრძოლა კოლორადოს ხოჭოსთან
ერთ დროს DDT ინსექტიციდი (ხალხურად, დუსტი) პოპულარული და ეფექტური საშუალება იყო კოლორადოს კარტოფილის ხოჭოსთან საბრძოლველად. მოგვიანებით გაარკვია, რომ ძალიან ტოქსიკურია, ადამიანის ორგანიზმში გროვდება და მოწამვლას იწვევს.
მისი გამოყენება აიკრძალა. დაიწყეს ნაკლებად ტოქსიკური და უფრო სწრაფად დამშლელი ინსექტიციდების გამოყენება. ერთ–ერთი რეკომენდებული საშუალება იყო ინსექტიციდი „პრესტიჟი“. შემდეგ იყენებდნენ „ამპლიგოს“, „აკტოფიტს“, „ატაკას“, „კორაგენს“ და სხვას. ნებისმიერი ქიმიკატის გამოყენებისას სიფრთხილე უნდა დაიცვათ და ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენოთ.
ახლა სულ უფრო ბევრი მეაგარაკე ინტერესდება ნატურალური ნივთიერებებით და ხელმისაწვდომი საშუალებებით, რომლებიც კარტოფილის ფოთოლჭამიას ანადგურებს ან კვლებიდან იშორებს, და მათ საკუთარ ნაკვეთზე იყენებენ.
ხალხური მეთოდები მავნებლის წინააღმდეგ
ქვემოთ ჩამოთვლილია ხალხური საშუალებები, რომლებიც კოლორადოს კარტოფილის ხოჭოს მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
1. ხის ნაცარი, ორგანული ფერფლი. გაზაფხულზე კარტოფილის დარგვისას ორმოებში ფერფლი ჩაყარეთ. მოგვიანებით ნაცარი მცენარის ქვეშაც შეგიძლიათ დაყაროთ. ბევრ მავნე მწერს მოიშორებთ.
2. ბალახების ნახარში. ხოჭოს მოსაშორებლად აბზინდა, ქრისტესისხლა ან ბაბუაწვერა დაჭერით, წყალი დაასხით და 10 წუთი ხარშეთ. 500 მლ ცივი ნახარში 10 ლ წყალში გააზავეთ. ამ ნარევით კარტოფილი დაამუშავეთ.
3. თამბაქო. მფრინავი მწერების მოსაშორებლად თამბაქო კვლებს შორის დარგეთ. წეკოს ნაყენით მცენარე შეგიძლიათ დაამუშავოთ.
4. კაკლის ფოთლები. შემოდგომაზე შეაგროვეთ და ჩამარხეთ კვლებში, სადაც კარტოფილის დარგვას გეგმავთ. ზაფხულში კაკლის ფოთლებიდან ნაყენი მოამზადეთ. ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე საათი გააჩერეთ. ცივი ნახარში სუფთა წყალში გააზავეთ და კარტოფილი დაამუშავეთ.
5. ხახვის ფურცლები. ხახვის ფურცლები შეაგროვეთ, გაახმეთ და გაზაფხულამდე შეინახეთ. როცა კარტოფილის დარგვას დააპირებთ, ამოთხრილ ორმოებს გამხმარი ხახვის ფურცლები დაუმატეთ.
6. მდოგვი და ძმარი. 200 გ მდოგვის ფხვნილი და 100 მლ სუფრის ძმარი აურიეთ. 10 ლ თბილი წყალი დაუმატეთ და აურიეთ. ცოტა ხნით გააჩერეთ. პულვერიზატორში გადაიტანეთ და მცენარე დაამუშავეთ. თუ ხოჭომ კვერცხები უკვე დადო, პროცედურა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, როცა ლარვები მომწიფდება.
7. ხავერდა და გულყვითელა. ყვავილები რიგებს შორის დარგეთ. მათი სპეციფიკური სუნი მწერებს არ მოსწონთ.
8. ხაფანგი. დაგჭირდებათ ვიწროყელიანი ბოთლი და კარტოფილის ნაჭერი. ბოთლში კარტოფილის ნაჭერი ჩადეთ, შემდეგ კვლებში მიწაში ნახევრად ჩამარხეთ. ხოჭო კარტოფილის შესაჭმელად ბოთლში შევა, მაგრამ გამოსვლას ვეღარ შეძლებს.
შინაური და ველური ფრინველიც მწერის მოშორებაში თქვენი დამხმარეა. ციცარი და ინდაური ბოსტანში გაუშვით, მწერებს შეაგროვებენ. ნაკვეთზე საშოშიე ჩამოკიდეთ. შოშია ზოლებიანი მავნებლის ბუნებრივი მტერია. გაითვალისწინეთ, რომ შოშიას მწიფე ალუბალიც უყვარს.
კოლორადოს ხოჭო სწრაფად ადაპტირდება და ქიმიურ პრეპარატებსაც ეგუება, მაგრამ ხალხური საშუალებებით მადას დაუკარგავთ.