ქოლესტერინი: დიეტოლოგი გირჩევთ საკვებს და სასმელს არტერიების გასაწმენდად

1051

ქოლესტერინის მაღალი დონე (როგორც წესი, საუბარია „ცუდ“ LDL ქოლესტერინზე) ათეროსკლეროზის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. ამ დროს არტერიებში გროვდება ფოლაქები, რომლებიც მათ ავიწროებს, სისხლის ნორმალურ მოძრაობას აფერხებს და მიოკარდიუმის ინფარქტს ან გულის სხვა დაავადებებს იწვევს. დიეტოლოგი მარია ალდონინა გირჩევთ, რაციონში ჩართოთ საკვები და სასმელი, რომელიც არტერიების ქოლესტერინისგან გაწმენდას ხელს უწყობს და გულს სხვა გართულებისგან იცავს.

მთელი მარცვლეული. შვრია, ქერი, ქატო მთელი მარცვლეულის პროდუქტებია, რომლებიც შეიცავს ბევრ ხსნად უჯრედისს. უჯრედისი ჭარბ ქოლესტერინს აკავშირებს და ორგანიზმიდან გამოდევნის. მთელი მარცვლეული იძლევა მაგნიუმს, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს, არტერიული წნევის ჯანსაღ დონეს ინარჩუნებს.

ხილი. დიეტოლოგი გირჩევთ, ჭამოთ ხილი, რომელიც ხსნად უჯრედისს შეიცავს. ასეთია ვაშლი, მსხალი, ბანანი, ქლიავი, ფორთოხალი. ეს ხილი შეიცავს საკმარისი რაოდენობის კალიუმს, რომელიც ამცირებს ნატრიუმის მავნე ზემოქმედებას არტერიულ წნევაზე.

ბოსტნეული. ბოსტნეული შეიცავს მცენარეულ სტეროლებს. ამ ნაერთებს ხსნადი უჯრედისის მსგავსი მოქმედება აქვს. დამატებით, ბევრი ბოსტნეული მდიდარია კალიუმით, რომელიც სისხლძარღვებზე მარილის (ნატრიუმის) ნეგატიურ ზემოქმედებას ანაზღაურებს. მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი და კომბოსტო, შეიცავს ბევრ მაგნიუმის, რომელიც არტერიული წნევის დასარეგულირებლად მნიშვნელოვანია.

პარკოსანი. „კვირაში 3-4 ულუფის მირთმევა სცადეთ. პარკოსანი ხსნადი უჯრედისის წყაროა. მიირთვით ოსპი, ლობიო და ბარდა, რომ ცუდი ქოლესტერინის დონე შეამციროთ“ – ამბობს დიეტოლოგი.

თევზი. ცხიმიანი თევზი შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, რომელიც არტერიებში ანთების შემცირებას ხელს უწყობს. ექსპერტის თქმით, ანთება არტერიებში ფოლაქების წარმოქმნის ერთ–ერთი მიზეზია.

მჭლე ხორცი. ზრდასრულ ადამიანს ყოველდღე 85-170 გ ცილა სჭირდება. ხორცი ცილის შესანიშნავი წყაროა, მაგრამ წითელი ხორცის მიღება შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ, რადგან მასში ბევრი ნაჯერი ცხიმია, რომელიც არტერიებში ფოლაქების წარმოქმნას ხელს უწყობს. მჭლე ხორცი უკეთესია.

რძის პროდუქტები. შეიცავს კალციუმს, რომელიც არტერიული წნევის დარეგულირებას ხელს უწყობს. მხოლოდ ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტები მიირთვით.

კაკალი. კაკალი შეიცავს ომეგა 3 უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც არტერიებს წმენდს. ასევე ბევრ მაგნიუმს შეიცავს. მთავარია, დღეში 1 პატარა მუჭით შემოიფარგლოთ, რადგან კაკალი ძალიან კალორიულია.

სასმელი. ექიმი გირჩევთ, თავი შეიკავოთ წვენისა და გადამუშავებული სასმლისგან, რომელიც ბევრ შაქარს შეიცავს. არტერიების და სისხლძარღვებისთვის სუფთა წყალი საუკეთესოა. შავი ჩაი და წითელი ღვინო დასაშვებია. ის შეიცავს ბევრ ფლავონოიდს, ფიტოქიმიურ ნივთიერებას, რომელიც სისხლძარღვების ქსოვილის მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ უკუჩვენებებსა და გვერდით ეფექტებზე. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.