უხსოვარი დროიდან ადამიანს მკითხაობა აინტერესებს. ქალებს განსაკუთრებით. სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ, რომ გავიგოთ, რა გველის მომავალში, რას გვიმზადებს ბედი, ვინ იქნება საბედო, როდის შევქმნით ოჯახს და ა.შ.
ყველაფრის დეტალურად და სწრაფად გაგება გვსურს, განსაკუთრებით, როცა შეყვარებული ვართ. გვირილით მკითხაობა პოპულარული მეთოდია. Vivien გთავაზობთ მკითხაობის სხვადასხვა მეთოდს, სადაც ამ ლამაზ ყვავილს გამოვიყენებთ.
გვირილით მკითხაობა
გვირილას ყვავილი საკმარისია, რომ მომავალში ჩაიხედოთ. საბედნიეროდ, ყვავილი როგორც სოფელში, ასევე ქალაქში გავრცელებულია. მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ. მკითხაობაც მარტივია. მთელი ყვავილი აიღეთ, შემდეგ ფურცლები სათითაოდ დააწყვიტეთ და თან თქვით „ვუყვარვარ / არ ვუყვარვარ“. ბოლო ფურცელი მომავლის წინასწარმეტყველებაა. რომელი სიტყვაც დაემთხვევა ბოლო ფურცელს, ისაა პასუხი.
ეს მკითხაობის უმარტივესი ფორმაა, თუმცა ამ ყვავილს მეტი შეუძლია. ყვავილით შეგიძლიათ გაიგოთ, როგორი იქნება მომავალი წელი. ადრე ზაფხულის მზებუდობაზე მინდორში ულამაზეს გვირილას ეძებდნენ და ფანჯრის რაფაზე დებდნენ. თუ დილით გვირილა ახალივით დარჩებოდა, მოსავლიანი წელი იქნებოდა. თუ ოდნავ შეიცვლებოდა, ფრთხილად უნდა ემოქმედათ. გამხმარი ყვავილი დიდ უბედურებას ნიშნავდა.
ივნისის დასაწყისში ახალგაზრდა გოგოები შეყვარებულზე ფიქრებში გვირილით გვირგვინს წნავდნენ. შემდეგ გვირგვინს წყალში აგდებდნენ. ჩაძირული გვირგვინი ნიშანი იყო, რომ შეყვარებული ატყუებდათ. დაშლილი გვირგვინი ნიშანი იყო, რომ წელს ქორწილი არ იქნებოდა. გვირგვინის მეორე ნაპირზე გაცურვა ბედნიერი და ხანგრძლივი ქორწინების ნიშანი იყო.
გვირილით მკითხაობის ბევრი მეთოდი არსებობს. ყვავილს ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ ისე, რომ მხოლოდ ორი პასუხი ჰქონდეს „დიახ / არა“, თანდათან ყველა ფურცელი დააწყვიტეთ. სხვა ვარიანტებიც შეგიძლიათ სცადოთ. მაგალითად, „ვუყვარვარ – არ ვუყვარვარ – მაკოცებს – გულში ჩამიხუტებს – მიმატოვებს“.
მკითხაობის წესები
გვირილა ფორმით მზის მსგავსია. მას სამკურნალო თვისებები აქვს. ლამაზი გვირილა სევდიან დღესაც განწყობას ამაღლებს. მას ჯადოსნურ ყვავილად თვლიან. ზუსტი შედეგის მისაღებად წესები დაიცავით.
- დღეში მხოლოდ ერთხელ მკითხაობა შეიძლება.
- მკითხაობისას კარგ განწყობაზე უნდა იყოთ.
- სამკითხაოდ ყვავილი დიდხანს ფიქრის გარეშე აირჩიეთ.
- მკითხაობა მზიან, თბილ დღეს საღამოს საათებში დასაშვებია.
- ურთიერთგამომრიცხავი კითხვები არ დასვათ.
- კლებად მთვარეზე მკითხაობას მოერიდეთ.
- ყვავილს ბოდიში მოუხადეთ და აუხსენით, რატომ მოწყვიტეთ და გაიღეთ მსხვერპლად.
- გვირილა მარჯვენა ხელში დაიჭირეთ, ფურცლები მარცხენა ხელით დააწყვიტეთ.
- ოთხშაბათს, პარასკევს ან შაბათს იმკითხავეთ.
- მკითხაობის ბოლოს ყვავილს მადლობა გადაუხადეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღო.
გვირილით მკითხაობა: 3 მეთოდი
გვირილით სხვადასხვა რამეზე მკითხაობა შეგიძლიათ. კითხვა სწორად დასვით ისე, რომ 2 პასუხი იყოს: „დიახ / არა“.
სიყვარულზე მკითხაობა
ყველასთვის მობეზრებული „ვუყვარვარ / არ ვუყვარვარ“ კითხვის ნაცვლად თქვით 2 ან მეტი კაცის სახელი, რომელიც მოგწონთ. დიდი ალბათობით, ბოლო ფურცელზე დამთხვეული სახელი თქვენი საქმროა. თუ ფურცლების დაწყვეტა არ გსურთ, რამდენიმე ყვავილი მოწყვიტეთ და კონკრეტულ ყვავილზე კითხვა ან ბიჭის სახელი ჩაიფიქრეთ. წყალში ჩადეთ. სწორი პასუხია გვირილა, რომელიც ყველაზე დიდხანს არ დაჭკნება.
მეგობრობაზე მკითხაობა
ყველას აინტერესებს გაიგოს, როგორია მისი მეგობარი და რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. 12 გვირილა აიღეთ და დაგუბებული წყალი იპოვეთ. სუფთა წყლით სავსე დიდი კონტეინერიც გამოგადგებათ. ყვავილებს ღეროები მოაშორეთ და წყალში ჩადეთ. დააკვირდით, რამდენი ჩაიძირება. რაც უფრო მეტი ყვავილი ჩაიძირება, მით უფრო ცუდი სიტუაციაა. დასკვნა თავად გამოიტანეთ, რას უნდა ელოდოთ ასეთი მეგობრისგან.
მომავალზე მკითხაობა
ამ მკითხაობით მომავალი 3 თვის პროგნოზს გაიგებთ. როგორი თვეები გელოდებათ, ბედნიერი თუ პრობლემებით სავსე? ახალი გვირილას თაიგული შეკარით და მაგიდაზე 3 დღე გააჩერეთ. თუ 3 დღის შემდეგ ყვავილები არ დაჭკნება, მომავალი 3 თვე ბედნიერებით და სიხარულით სავსე იქნება. თუ გვირილა დაჭკნება, სირთულეებისთვის მოემზადეთ.
გვირილით მკითხაობა მარტივი და საინტერესოა. უვნებელი ჯადოსნური მოქმედების შესასრულებლად ხელმისაწვდომი მეთოდია. ზაფხულში ქალაქში მარტივად იპოვით გვირილას, რომ სიყვარულზე, მეგობრობაზე ან მომავალზე მკითხაობა შეძლოთ.