ფარშით კერძის სწრაფად მომზადება გვსურს. კატლეტი, პელმენი, გუფთა. დროდადრო მათგან ვიღლებით. გემო გვბეზრდება, ოჯახის წევრებიც რაღაც ორიგინალურს გვთხოვენ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ კლასიკისგან დაისვენოთ და გემრიელი უკრაინული კერძი, მაზურიკები მოამზადოთ. გემრიელი, არომატული და მარტივი.
მაზურიკები ხორციანი კერძების მოყვარულებს შორის პოპულარულია. კარგად დაგანაყრებთ, თან სტანდარტული და ნაცნობი კატლეტების შემდეგ გემოს განაახლებს. საკმაოდ სწრაფად მზადდება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ფრინველის ხორცის წყალობით მაზურიკები წელში სანტიმეტრებს არ მოგიმატებთ. მთავარია, ულუფებში ზედმეტი არ მოგივიდეთ.
სწრაფი კერძი ფარშით
ინგრედიენტები:
- 500 გ ფრინველის ფარში
- 2 კვერცხი
- 40 გ კარაქი
- 40 გ ხმელი ყველი
- 1 ს/კ რძე
- 1 ჩ/კ მარილი
- 0,5 ჩ/კ დაფქული წიწაკა
- 0,5 ჩ/კ ხმელი ნიორი (სურვილისამებრ)
- 1 ჩ/კ ხმელი ხახვი (სურვილისამებრ)
- საფანელი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
1. მაზურიკებისთვის ინდაურის ხორცი დაგჭირდებათ. თუ არ გაქვთ, ქათმის ხორცი გამოიყენეთ. მთავარია, რომ ნაზი იყოს. გირჩევთ, რომ ხორცი ხორცსაკეპში ორჯერ გაატაროთ. უმეტეს შემთხვევაში მაღაზიაში გასაყიდი ფარში კარგად გატარებულია. ხორცი საკმაოდ დიეტურია, ამიტომ სხვა ინგრედიენტებით გავაზავებთ.
2. ფარშს დაუმატეთ 2 ქათმის კვერცხი, გამდნარი კარაქი, რძე, მარილი, წიწაკა და დანარჩენი სანელებლები. ორიგინალურ რეცეპტში ხახვი და ნიორი არაა, მაგრამ მათთან ერთად უფრო გემრიელი გამოდის. მეორე მხრივ, კერძში მათი დამატება აუცილებელი არაა. კიდევ ერთი კოვზი რძე დაუმატეთ და ხმელი ყველი დაახეხეთ. ასე მაზურიკები უფრო მკვრივი გახდება.
2. ცივ წყალში დასველებული ხელებით ფარშის მასიდან ძეხვები გააკეთეთ. ვიზუალურად ძალიან დიდი არ უნდა იყოს. სადღაც მსხვილი კატლეტის ზომის. საცხობ ფორმაში ფოლგა ჩააფინეთ და ნამზადები გადაიტანეთ. 30 წუთი მაცივარში გასაციებლად მოათავსეთ.
3. ტაფა გააცხელეთ და ზეთი დაასხით. საშუალო ზომის მაზურიკის შუა ნაწილს უნდა წვდებოდეს. ცივი ხორციანი ნამზადები საფანელში ამოავლეთ და ცხელ ტაფაზე ზეთში გადაიტანეთ. საშუალო ცეცხლზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ზეთის მოსახერხებელი რაოდენობის გამო მაზურიკების მეორე მხარეს ერთხელ გადაბრუნება საკმარისია. ამის შემდეგ მზად იქნება.
რედაქციის რჩევა
გირჩევთ, რომ მაზურიკები პირდაპირ ცხელი ამოიღოთ, ქურა არ გამორთოთ. შემდეგ ქაღალდის პირსახოცზე ან სალფეთქზე გადაიტანეთ, რომ ცხელი კერძიდან ზედმეტი ზეთი სწრაფად დაიწუროს. ჯერ კიდევ თბილი კერძი სუფრაზე გაიტანეთ. ცივიც გემრიელია. მასში ნაკლები ცხიმია, რადგან ქათმის ან ინდაურის ხორცი საკმაოდ დიეტურია.
მაზურიკები სალათის ფოთლებით და ლამაზად დაჭრილი პომიდვრებით შეგიძლიათ გააფორმოთ. წვნიანი ბოსტნეული კერძს განსაკუთრებულ აქცენტს მატებს და თან გემოს რეცეპტორებს აახლებს. გარდა ამისა, მაზურიკებს უხდება წითელი სოუსი, განსაკუთრებით ცხარე. გარნირად იდეალურია ახალი სალათი ან კარტოფილის პიურე. კერძი პოპულარული ტყუილად არ გამხდარა. დარწმუნებული ვართ, აუცილებლად მოგეწონებათ.