მარინადის საუკეთესო და უარესი რეცეპტები. როგორ მოვამზადოთ, რომ ხორცი რბილი და წვნიანი დარჩეს

1520

გაზაფხულიდან სულ უფრო მეტი ადამიანი ბუნებაში გადის, რომ ფიზიკურად და მორალურად დაისვენოს, ნახშირზე შემწვარი მწვადები მიირთვას. მწვადების გემრიელად შესაწვავად მარინადის სწორად მომზადება უნდა იცოდეთ. სწორად დამარინადებული ხორცი წვნიანი და რბილი რჩება.

ხორცის მარინადი

გაითვალისწინეთ, საუკეთესო მარინადიც უხარისხო ხორცს ვერ გადაარჩენს. გემრიელი კერძის მისაღებად ხორცი და მარინადი სწორად უნდა შეარჩიოთ. ადრე სამწვადე ხორცს ღვინოში ან ძმარში ამარინადებდნენ, ახლა მაიონეზს, კეფირს ან კოკა–კოლას უმატებენ. ლუდი, მინერალური წყალი, მარილი და სპეციალური სამწვადე სანელებლებიც გამოიყენება.

Vivien გაგიმხელთ, რომელი პროდუქტებით გამოდის საუკეთესო მარინადი მწვადისთვის. ასევე გიამბობთ, რომელი პროდუქტების დამატება არ ღირს, თუ ორგანიზმისთვის ზიანის მიყენება არ გსურთ.

კარგი პროდუქტები მარინადისთვის

1. ღვინო. ფასს მნიშვნელობა არ აქვს. წითელი ან თეთრი ღვინო, მარილი და სანელებლები ხორცის დასამარინადებლად შესანიშნავია, ლიმონის წვენით უფრო პიკანტურ გემოს მიიღებს.

2. ლიმონის წვენი. სანელებლების, მარილის და ლიმონის წვენის ნარევში დამარინადებული ხორცი ნაზი და რბილი გამოდის.

3. მინერალური წყალი. მარილი, სანელებლები და ლიმონის წვენი კარგად აურიეთ, ხორცი ჩადეთ და ზემოდან გაზიანი მინერალური წყალი დაასხით.

4. ლუდი. მწვადი ნაზი გამოვა, თუ ხორცს სანელებლების, მარილის და ლიმონის წვენის შერევის შემდეგ 1 ბოთლ ლუდს დაასხამთ.

5. სანელებლები და მარილი. სპეციალურად შერჩეული სანელებლები და მარილი საკმარისია, რომ მწვადი დაამარინადოთ. გირჩევთ, ლიმონის წვენიც დაუმატოთ. ასე უფრო გემრიელია.

ცუდი პროდუქტები მარინადისთვის

1. ძმარი. ძმარმჟავა ცილას კრავს და აუხეშებს. ბევრი ძმარი ადამიანის ორგანიზმს აზიანებს. თუ გსურთ, რომ ხორცს მსუბუქი სიმჟავე დაკრავდეს, ლიმონის წვენი დაუმატეთ.

2. მაიონეზი. დიეტოლოგები ამბობენ, რომ მაიონეზში დამარინადებული ხორცი ზედმეტად ცხიმიანი და რთული მოსანელებელია. კუჭქვეშა ჯირკვალი და ღვიძლი შეიძლება დააზიანოთ.

3. კეფირი. ამ შემთხვევაში ორგანიზმს არ დააზიანებთ, მაგრამ სარგებელსაც ვერ მიიღებთ. ხორცი ცილებით და რკინით მდიდარია, მაგრამ რძემჟავა მის ათვისებას ხელს შეუშლის.

4. კოკა–კოლა. სასმელში შემავალი ლიმონის და ფოსფორის მჟავები ხორცს ცილების დაშლის ხარჯზე არბილებს. ხორცი ნამდვილად რბილდება, მაგრამ ასეთმა ხორცმა ორგანიზმი შეიძლება დააზიანოს.

თითოეულ მზარეულს მარინადის საკუთარი საფირმო რეცეპტი აქვს. ექსპერიმენტები ჩაატარეთ, რომ თქვენთვის შესაფერისი და საუკეთესო მარინადის რეცეპტი იპოვოთ. გიზიარებთ ერთ–ერთ საუკეთესო მარინადს. პროპორციები მითითებული არაა. თავად განსაზღვრეთ ხორცის რაოდენობის მიხედვით.

მარინადი რბილი ხორცის მისაღებად

1. დაჭრილი ხახვი თასში გადაიტანეთ და ხელით დასრისეთ, რომ წვენი გამოვიდეს.

2. დაჭრილი კამა დაუმატეთ.

3. ლიმონის წვენი გაწურეთ და დაუმატეთ. მარილი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.

4. 1–2 კოვზი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

5. სეზონზე დაჭრილი პომიდორიც შეგიძლიათ დაუმატოთ.

ხორცი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ბოლოს ღვინო, ლუდი ან მინერალური წყალი შეგიძლიათ დაასხათ, თუ გაქვთ. აუცილებელი არაა. თასს თავსახური დაახურეთ და მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ.

ხორცი დაამარინადეთ და მეგობრებთან ერთად ბუნებაში პიკნიკი მოაწყვეთ. გემრიელად მიირთვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს