გამონაკლისის გარეშე ყველა ბავშვს ზოგჯერ მუცელი სტკივა. მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. Vivien გიამბობთ, როგორ განსაზღვროთ ექიმის გარეშე მუცლის ტკივილი სახიფათოა თუ არა და საჭიროებს თუ არა სწრაფ ჩარევას, რომელი ტკივილი შეგიძლიათ გააყუჩოთ თვითმკურნალობით.
არ არსებობს ბავშვი, რომელსაც მუცელი არასოდეს სტკენია. ზრდასრულ ბავშვს შეუძლია დაწვრილებით თქვას, სად და რა სტკივა, უფრო პატარები თითით გაჩვენებენ. აი, ჩვილები, სამწუხაროდ, ტკივილის მიზეზს თავისით ვერ ამბობენ. მუცლის ტკივილის ბუნებაზე და მის ადგილზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მკურნალობის მეთოდი, არამედ ის, ბავშვი სახლში დარჩება თუ სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანოთ.
მუცლის ტკივილი – ბავშვობიდან ნაცნობი – მუცლის ტკივილის სამკურნალოდ ხელის მოთათუნება ან შოკოლადის მიწოდება საკმარისი არა. უსაფრთხო და ნამდვილი საშუალების შერჩევა მოგიწევთ. ოღონდ წამალი შეგიძლიათ შეარჩიოთ, როცა ტკივილის მიზეზი იცით. მიზეზი კი არა ერთია. მაგალითად, ახალშობილებში მუცლის ტკივილის მიზეზი ინფანტილური კოლიკაა. ჩვილების 70% ამ დროებითი მოვლენით იტანჯება და შეტევის დროს მწარედ ტირის. საბედნიეროდ, ჩვილებში კოლიკა დროებითია და 4-6 თვის ასაკში თავისით ქრება.
ბავშვებში მუცლის ტკივილის გავრცელებული მიზეზები – ახალშობილები ძალიან კონკრეტული და წმინდა ინფანტილური უსიამოვნების, კოლიკის გამო ტირიან. რაც შეეხება მოზრდილ ბავშვებს? რატომ სტკივათ მათ მუცელი? მოზრდილ ბავშვებში (დაწყებული იმ ასაკიდან, როცა რაციონს ემატება დამატებითი საკვები, ხოლო ბავშვი უფრო მოძრავი და აქტიური ხდება) მუცლის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ყაბზობა ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ბავშვებში ყაბზობას სხვადასხვა გარემოება იწვევს.
- გასტროენტერიტი (კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის ანთებითი დაავადება). ტკივილს იწვევს ნაწლავური ინფექციები, თან როგორც ვირუსული (როტავირუსი ყველაზე გავრცელებულია), ასევე ბაქტერიული (მაგალითად, დიზენტერია).
- კვების თავისებურება. ბავშვმა მიირთვა უხარისხო პროდუქტი, რომელმაც დიარეა გამოიწვია, ან რომელიმე პროდუქტმა ალერგია გამოიწვია, ან უბრალოდ ბავშვმა იმაზე მეტი შეჭამა, ვიდრე მონელება შეძლო და ა.შ.
- შხამით და მედიკამენტით მოწამვლა. მაგალითად, ანტიბიოტიკების უმეტესობამ ბავშვებში მუცლის მსუბუქი ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს.
- ქირურგიული „ხასიათის“ დაავადებები. მაგალითად, ნაწლავების გაუვალობა, ბრმა ნაწლავი, წყლული, თიაქარი და სხვა.
როგორ მივხვდეთ, ბავშვში მუცლის ტკივილი სერიოზული დაავადებით გამოწვეულია თუ არა – ფაქტია, რომ ბავშვებს მუცელი ყველაზე ხშირად სტკივათ კოლიკის (თუ ჯერ კიდევ ძუძუთ კვებაზეა) და ყაბზობის გამო (თუ ასაკი 6-12 თვეს გადასცდა). მოგვიანებით, ნაწლავური ინფექციები (როტავირუსი) და ბანალური საჭმლის მონელების დარღვევა (არასწორი რამ ან ბევრი შეჭამა) შეიძლება იყოს. სხვა მიზეზები უფრო იშვიათად გვხვდება. როცა ბავშვი ორად მოკეცილი მუცლის ტკივილის გამო ტირის, სერიოზულ უსიამოვნებას წარმოვიდგენთ. იქნებ ბავშვს ბრმა ნაწლავმა შეაწუხა, იქნებ მოიწამლა, იქნებ წყლულია, გასტრიტი ან თიაქარი? მოკლედ, მშობლის ფანტაზია მაშინვე საშინელებას წარმოიდგენს. სერიოზული დაავადებები, რომლებიც მუცლის ტკივილს იწვევენ და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რამდენიმე ნიშნით შეგიძლიათ განსაზღვროთ. ყველაზე აშკარა და მარტივი ტკივილის ზუსტი ადგილია.
ხშირად ბავშვი, რომელიც ამბობს, რომ მუცელი სტკივა, თითით ჭიპის მიდამოზე მიუთითებს. ეს კარგი ნიშანია. გახსოვდეთ: ჭიპიდან შორს ტკივილის ლოკალიზება ნიშანია, რომ ექიმი სასწრაფოდ გამოიძახოთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი გვერდზე (ნებისმიერ მხარეს) ხელს იკიდებს და ამბობს, რომ ძალიან სტკივა. ამ შემთხვევაში სასწრაფო დახმარება დროულად გამოიძახეთ. არსებობს სხვა სიმპტომებიც, რომლებიც მუცლის ტკივილს უკავშირდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
ბავშვს მუცელი სტკივა: როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა
- ბავშვს მუცელი სტკივა, მაგრამ ტკივილი ჭიპთან ლოკალიზებული არაა.
- ტკივილი 24 საათზე მეტხანს გრძელდება.
თუ მუცლის ტკივილს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- ბავშვს ასხამს ცივი ოფლი, კანი მკრთალია.
- ტემპერატურა მაღალია.
- განავალში ან ღებინებისას სისხლი გამოჩნდა. ერთი წვეთი სისხლიც საკმარისია, რომ ექიმთან წაიყვანოთ.
- სხეულზე გამონაყარი გამოჩნდა.
- ბავშვს შარდვა უჭირს.
- ბავშვს აღებინებს. ნარწყევი ყვითელი, მწვანე ან შავი ფერია.
- ბავშვი დასუსტებულია, ძილიანი. ჭამაზე და სასმელზე უარს ამბობს.
- ბიჭებში მუცლის ტკივილს საზარდულის და საკვერცხეების მიდამოში ტკივილი ახლავს.
- თუ ბავშვს მუცელი სტკივა, მაგრამ ტკივილი მუდმივი არაა, არამედ ეპიზოდური და ერწყმის დიარეას, რომელიც უკვე 72 საათი გრძელდება ან ახლავს ღებინება, რომელიც მთელი დღე არ ქრება.
მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ღებინების შემთხვევაში ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების დამოუკიდებლად მიცემა არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში. უმეტეს შემთხვევაში, როცა ტკივილი ჭიპის მიდამოშია და ზემოთ მოცემული ნიშნები არ ახლავს, სამედიცინო ჩარევა საჭირო არაა. და მაინც, ტკივილი არავის გაუუქმებია. ბავშვი ნამდვილად იტანჯება. როგორ დავეხმაროთ ამ შემთხვევაში, როცა უკვე დავადგინეთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ სჭირდება?
როგორ შევამციროთ მუცლის ტკივილი ბავშვებში? – ბუნებრივია, მკურნალობის მეთოდი ტკივილის მიზეზზეა დამოკიდებული.
- თუ ყაბზობა აწუხებს, ლაქტულოზის სიროფის საფუძველზე ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება მიეცით.
- კვება შეწყვიტეთ. თუ ტკივილი ახალი პროდუქტის რაციონში დამატების ფონზე გამოვლინდა, ამ პროდუქტის მიწოდება შეწყვიტეთ.
- სასმელის რეჟიმი ჩართეთ. იდეალურია, თუ ბავშვი პერორალური რეჰიდრატაციის სპეციალურ პროდუქტებს დალევს. ასე წყალი–მარილის ბალანსი აღდგება. თუ არ გაქვთ, სუფთა უგაზო წყალი მიეცით. არ შეიძლება ტკბილი გაზიანი სასმელი, ნებისმიერი ხილის წვენი და რძიანი სასმელი.
- თუ მუცლის ტკივილის მიზეზი ბევრი გაზია, სიმეტიკონზე დაფუძნებული ნებისმიერი მედიკამენტი შეგიძლიათ მისცეთ.
სათბური გავრცელებული დამხმარე საშუალებაა, როცა ბავშვს მუცელი სტკივა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, ანთებითი პროცესების დროს) სათბურმა მდგომარეობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს. სათბურა მუცელზე მხოლოდ ექიმის ნებართვით შეგიძლიათ გამოიყენოთ და მხოლოდ ზუსტი დიაგნოზის გაგების შემდეგ.
მუცლის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა: რას ნიშნავს? – თუ ბავშვს მუცელი სტკივა და თან მაღალი ტემპერატურა აქვს, ნაწლავურ ინფექციებზე უნდა დაეჭვდეთ. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, დაავადების მასობრივი ხასიათი. ადამიანები (მათ შორის ბავშვები) ნაწლავური ინფექციების დროს ერთნაირად არასდროს ავადდებიან. მსგავს დაავადებას ბევრი ხასიათი აქვს. თუ იცით, რომ საბავშვო ბაღში ან სკოლაში ნაწლავური ინფექციის შემთხვევა გამოვლინდა და ბავშვი მუცლის ტკივილს და მაღალ სიცხეს უჩივის, დიდი ალბათობით, მანაც ინფექცია „აიკიდა“. ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას დროული მკურნალობა სჭირდება, მით უფრო ნაწლავურ ინფექციას. უკვე გითხარით, რომ დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია. სწორედ ამიტომ, მუცლის ტკივილის და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.
საინტერესო ფაქტი: სახიფათო დაავადებების უმეტესობა, რომლის დროსაც მუცელი გვტკივა და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, მაღალი ტემპერატურა არასდროს ახლავს. აღმოჩნდა, რომ სიცხე ინფექციებს „კომპანიონობას უწევს“, მაგრამ ქირურგიული დაავადებებისგან თავს შორს იკავებს.
შევაჯამოთ: ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას დროდადრო მუცლის ტკივილი აწუხებს. ხშირად მიზეზი არის ყაბზობა ან კვების პრობლემები. უმეტეს შემთხვევაში საშიში არაა, ტკივილი მალე გადადის, სერიოზულ თერაპიას არ საჭიროებს, ხშირად ექიმის გამოკვლევაც საჭირო არაა. ამავდროულად, ზოგჯერ ბავშვს მუცელი სტკივა, რადგან სერიოზული და სახიფათო დაავადება თავს დაესხა. ამ შემთხვევაში დროული სამედიცინო ჩარევით ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენთ. ჩამოთვალეთ ყველა ნიშანი, რომელიც აქტიური მოქმედებისკენ მოგიწოდებთ (ბავშვის ექიმთან მიყვანა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და ა.შ.).
თუ დაკვირვებით და გონივრულად იმოქმედებთ, პანიკას არ აყვებით იქ, სადაც საჭირო არაა, მტკიცედ იმოქმედებთ, როცა ამაზე თქვენი ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დამოკიდებულია, ვერც ერთი დაავადება თქვენ და თქვენს შვილს ვერ დაამარცხებს.