თითქოს იძულებითი ნაბიჯი იყო, მაგრამ გული საგულეში ვერ ეტევა. 6 თვის წინ დედამთილს ინსულტი დაემართა. ლოგინში ჩაწოლილია (უფრო მჯდომარე, მაგრამ ვერ დგება). მე და ჩემმა მეუღლემ მოვილაპარაკეთ და მაშინვე ავუყვანეთ კვალიფიციური მომვლელი და ექთანი, რომლებიც მასთან მდგომარეობის მაქსიმალურად აღსადგენად მუშაობდნენ. კარგი პროგრესი იყო. მეტყველება, ხელის და თითების მოძრაობა აღდგა. როცა ფეხზე დაყენებას ცდილობდნენ, დედამთილმა ვარჯიშების შესრულებაზე უბრალოდ უარი თქვა. ვერაფერს გავხდით. ექიმებმა გვითხრეს, რომ ასეთი მოვლის პირობებში მოძრაობის 100%–ით აღდგენის შანსი არსებობს, მაგრამ დედამთილი ექთნებთან მუშაობაზე უარს ამბობს. ისინი გააგდო. ვინაიდან საღად აზროვნებს, უფლება არ აქვთ, დააძალონ.
შემდეგ სიტუაცია გამწვავდა. მისი ფეხზე დაყენების მცდელობა შევწყვიტეთ. ახლა საჭმელზე პრეტენზიებს გამოთქვამს. ითხოვს, მხოლოდ ახალი და შინ მომზადებული კერძები მიართვან, თან არა მომვლელის, არამედ ოჯახის წევრის მიერ მომზადებული. მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ. ყოველდღე კერძების მომზადების დრო არ გვაქვს. ქმარმა ისტერიკა დაიწყო, რომ სამსახური უნდა მივატოვო და დედამისზე ვიზრუნო. კარგი ხელფასი მაქვს და ჩემი საქმე მიყვარს. ქმარზე მეტი კარიერული პოტენციალი მაქვს. შევთავაზე, რომ თავად წამოსულიყო სამსახურიდან. უარზეა. მოკლედ, გუშინ ქმარი მივატოვე. თითქოს სხვა ვარიანტი არც მქონდა, მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
თუ გონივრულად ვიმსჯელებთ, სამსახური ორივეს უნდა შეგვენარჩუნებინა და დედამთილის ახირებებზე ყურადღება არ მიგვექცია. ვფიქრობ, გამოუვალ სიტუაციაში ყველაფერს შეეგუებოდა. მომვლელი მოამზადებდა, თუ არ მოეწონებოდა, მშიერი იქნებოდა, შემდეგზე ნამდვილად შეჭამდა. ქმარს სხვა მიდგომა აქვს. ამბობს, „როგორ ვაშიმშილო დედა?“ ის, რომ ეს უბრალო ახირებაა, არ აინტერესებს. უკვე დამოუკიდებლად გადაადგილება შეეძლო, ექთანი რომ არ გაეშვა, მაგრამ არა, საწოლში უნდა იწვეს და ყველა სტარტზე დააყენოს.
სამსახურის მიტოვება არ მინდა. ზრდის და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მაქვს, ხოლო ქმარს უკვე ჭერი აქვს. რომც დაწინაურდეს, ხელფასი თეთრებით მოემატება. მომვლელის აყვანის შესაძლებლობა გვაქვს, ამიტომ არ მესმის ქმრის სურვილი, რომ ოთხ კედელში დედამისთან გამომკეტოს. „მე ხომ მამაკაცი ვარ, სამსახურს ვერ მივატოვებ. შენ ქალი ხარ, შენთვის სახლში ჯდომა ნორმალურია, თან კიდევ ერთი ბავშვი შეგვიძლია გავაჩინოთ. დედაც ცუდადაა, დედა ავადაა“ – ეს მისი არგუმენტია. თითქოს მისგან ყველაფერი ნორმალური და გონივრული აორთქლდა.
მესმის, რომ დედამთილის განწყობა დაავადებას არ უკავშირდება, უფრო მისი ხასიათია. ექიმები ამბობენ, რომ ის ნორმალურ დონემდე გამოჯანმრთელდა. ტვინის ფუნქციები 100%–ით დაუბრუნდა და მოძრაობაც დაუბრუნდებოდა, თერაპია რომ გაევლო. ამბობენ, ხასიათის შეცვლა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ დონეზე აღდგენისას ადამიანი ადეკვატური უნდა იყოს. მიზეზებს და შედეგებს აცნობიერებს, სიკეთეს ბოროტისგან არჩევს, საზოგადოებაში ნორმალურად ფუნქციონირება შეუძლია, ანუ ზრდასრული ქალის ნორმალური აზროვნება აქვს. ამას თავადაც ვხედავ. ჩვენ ხომ ბოლო დრომდე ვურთიერთობდით. ქმარი ამას ვერ ხედავს, მის ტვინში სადღაც გადართვა მოხდა. თუმცა ადრე ბევრ საკითხში ადეკვატური იყო. სწორედ ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. სხვა გამოსავალი არ მქონდა.