ხელოვნური ინტელექტის რეცეპტით ორცხობილები გამოვაცხვე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა

416

რამდენიმე დღის წინ ნუშის ფქვილით გემრიელი ორცხობილები დავაცხვე. რეცეპტი კულინარიულ ბლოგებზე არ მიპოვია. მისი დაწერა ხელოვნურ ინტელექტს ChatGPT–ს ვთხოვე. ექსპერიმენტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი შედეგი მივიღე. გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ხრაშუნა ორცხობილები ChatGPT–ის რეცეპტით. ვერ ვიტყვით, რომ ნუშის ფქვილი ბიუჯეტური პროდუქტია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

ორცხობილები ნუშის ფქვილით – მაცივარში ვადაგასული მიწისთხილის პასტა ვიპოვე. ასე უბრალოდ გადაგდება არ მინდოდა, ამიტომ გავრისკე. მქონდა ნუშის ფქვილიც. ChatGPT–ს დავალება მივეცი, რომ ეპოვა ორცხობილის რეცეპტი, რომელიც მიწისთხილის პასტას და ნუშის ფქვილს შეიცავდა. დავამატე, რომ ვეგანური ორცხობილა უნდა ყოფილიყო, რადგან ცხოველურ პროდუქტებს არ ვჭამ.

ინგრედიენტები:

  • 100 გ ნუშის ფქვილი
  • 80 გ შვრიის ფანტელები
  • 125 გ მიწისთხილის პასტა
  • 50 გ სიმინდის სახამებელი
  • 100 გ შაქარი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • მწიკვი მარილი
  • 60-70 მლ მცენარეული რძე
  • დარიჩინი ან ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ნუშის ფქვილი, შაქარი, სიმინდის სახამებელი და შვრიის ფანტელები (წინასწარ დაფქვით) აურიეთ. შვრიის ნაცვლად ხორბლის ან ბრინჯის ფქვილი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  2. სოდა და მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, არ უნდა დაკურკუტდეს. მიწისთხილის პასტა, მცენარეული ზეთი და რძე (სოიოს ან სხვა რძე) დაუმატეთ.
  3. კარგად აურიეთ და ცომი მოზილეთ. რბილი და დამყოლი ცომი უნდა გამოვიდეს. ცოტა ხნით დაასვენეთ, სანამ ღუმელი 180 გრადუსამდე გახურდება.
  4. ცომი 50-50 გრამ ნაწილებად დაყავით. უფრო პატარაც შეიძლება, უფრო დიდს არ გირჩევთ. ცომის პატარა ნაწილები დაამრგვალეთ და პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ჭიქის ძირი მსუბუქად დააჭირეთ, რომ ფორმა მისცეთ. ორცხობილებს შორის ადგილი დატოვეთ. სურვილისამებრ, თითოეულ ორცხობილას თითო კაკალი დაუმატეთ.
  5. 180 გრადუსზე 15 წუთით აცხვეთ. სუფრაზე ცივი ორცხობილები გაიტანეთ. მზადაა!

ამ რეცეპტით ორცხობილის მომზადებას გირჩევთ. თავად ვადაგასული მიწისთხილის პასტა გამოვიყენე და გემრიელი გამოვიდა, თუმცა გირჩევთ, ახალი პროდუქტები გამოიყენოთ. ნუშის ფქვილი მთლიანად შვრიით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ასე უფრო ბიუჯეტურ ვარიანტს მიიღებთ. ChatGPT–ის რეცეპტებით კულინარიული ექსპერიმენტები ჩაატარეთ და შედეგი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს