ახალგაზრდობის ჰორმონები: მარადიული სილამაზის 5 „ჯადოსნური“ დამხმარე

378

რა თქმა უნდა, ახალგაზრდობის ჰორმონი სამედიცინო ტერმინი არაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სპეკულაციური და საეჭვო სტატუსი აქვს. რამდენიმე განსაკუთრებული ნივთიერება სილამაზის დიდხანს შენარჩუნებაში ნამდვილად გვეხმარება. თან უმეტესობა მათგანის მიღება უბრალოდ კარგი სადილობით შეიძლება.

როგორია ახალგაზრდობის ჰორმონები? – ახალგაზრდობის ჰორმონები განსხვავდება სხვებისგან, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ასზე მეტია. ახალგაზრდობის ჰორმონებს უწოდებენ მათ, რომლებიც არა ირიბ, არამედ პირდაპირ გავლენას ახდენენ დაბერების პროცესის შენელებაზე. ახალგაზრდობის მთავარი ჰორმონებია ესტროგენი, სომატოტროპინი, ტესტოსტერონი, DHEA (დეჰიდროეპიანდროსტერონი) და მელატონინი. თითოეულს დეტალურად განვიხილავთ.

ესტროგენი: ახალგაზრდობა და დღეგრძელობა – ესტროგენი პასუხისმგებელია კანის ელასტიურობასა და ახალგაზრდობაზე, ასევე სექსუალობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე. დადებით გავლენას ახდენს გულის კუნთების მუშაობაზე, იცავს სისხლძარღვებს და უზრუნველყოფს ძვლების სიმკვრივეს. ქალის ორგანიზმში ესტროგენის საკმარისი რაოდენობა მენოპაუზის დადგომას აჭიანურებს. მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო გვიან იწყება კლიმაქსი, მით უფრო დიდხანს ნარჩუნდება ახალგაზრდობა და აქტიურობა, შედეგად სიცოცხლის წლებიც ხანგრძლივდება. ესტროგენს ორგანიზმი გამოიმუშავებს, მაგრამ მას დახმარება სჭირდება. იზოფლავონები ფიტოესტროგენია, რომლის მოლეკულები ძალიან მსგავსია, მაგრამ ქალის ჰორმონის მოლეკულების იდენტური არაა. მას იპოვით სოიოს პროდუქტებში, სვიასა და რევანდიში. იზოფლავონებს ესტროგენის მსგავსი ეფექტი აქვს.

სომატოტროპინი, ზრდის და სილამაზის ჰორმონი – ხშირად გვხვდება განსაზღვრება, რომ სომატოტროპინი ახალგაზრდობის, ზრდის და სილამაზის ჰორმონია.1990-იანი წლების შუა პერიოდამდე სომატოტროპინი უცნობი იყო. მოგვიანებით კვლევამ დაადასტურა, რომ სომატოტროპინის მაღალი დონე არა მხოლოდ ქსოვილების ახალგაზრდობას, არამედ ღრმა სიბერემდე საღი გონების შენარჩუნებას ხელს უწყობს. ამერიკელმა ექიმებმა ექსპერიმენტებით დაადგინეს, რომ სომატოტროპინის 6 თვიანი მიღების შემდეგ კვლევის მონაწილეების (53-62 წლის) კანის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ცხიმოვანი ქსოვილების მოცულობა შემცირდა, კუნთები გაძლიერდა, 45 წლის ადამიანისთვის დამახასიათებელი ტონუსი მიიღეს. სომატოტროპინის წარმოებას ასტიმულირებს უცხიმო ცილოვანი საკვები, როგორიცაა ხაჭო, ზოგიერთი სახეობის ყველი, ოსპი და უცხიმო თევზი.

ტესტოსტერონი: ემოციები, ვნება და სექსუალობა – მამაკაცის ჰორმონი ტესტოსტერონი ქალის ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. ტესტოსტერონი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ემოციურ ფონზე გავლენას ახდენს. ბუნებით ჩაფიქრებულია, რომ ტესტოსტერონი მამაკაცში აგრესიას და ემოციების აფეთქებას, თავდაჯერებულობას და სექსუალურ ლტოლვას იწვევს. ქალის ორგანიზმში უფრო დელიკატურად იქცევა, აღვიძებს სექსუალობას, ზრდის თვითშეფასებას, აქტივობას, ატონიზირებს კუნთოვან ქსოვილებს, აძლიერებს ძვლებს და სახსრებს, ხელს უწყობს კანის უჯრედების აღდგენას. ქალის ორგანიზმში ტესტოსტერონის წარმოებას ხელს უწყობს თუთია და მანგანუმი. ამ ნივთიერებებით მდიდარია ხორბლის ქატო, ფოთლოვანი ბოსტნეული, ისპანახი, წიწიბურა, ზღვის თევზი, ქერი და შვრია.

DHEA, ახალგაზრდობა და მოხდენილი ფორმები – ჰორმონი DHEA, იგივე დეჰიდროეპიანდროსტერონი, ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ის მოხდენილ ფორმებზე პასუხისმგებელია. DHEA იწარმოება თირკმელზედა ჯირკვლებში და მამაკაცის და ქალის ჰორმონების სინთეზს წარმოადგენს. ატონიზირებს კუნთოვან ქსოვილებს, ცხიმოვან უჯრედებს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაში ხელს უშლის, ხელს უწყობს ცხიმის გადაზიდვას კუნთოვანი ქსოვილების მიტოქონდრიაში (სადაც იწვება და ენერგიად გარდაიქმნება). მისი დეფიციტი ზრდის ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა სიმსივნე, ოსტეოპოროზი, ინფარქტი, ასაკობრივი დემენცია. თუ ნორმაშია, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ძილს და ეფექტურად იცავს ორგანიზმს სტრესისგან. 25-30 წლისას ადამიანს DHEA–ს მაქსიმალური დონე აქვს, ხოლო 40 წლისას მისი წარმოება თითქმის ნახევრდება. ზოგიერთი პროდუქტი მარაგის შევსებაში დაგეხმარებათ: ზღვის თევზი, ავოკადო, ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი.

მელატონინი, ახალგაზრდობა უჯრედულ დონეზე –  მელატონინი ორგანიზმის ახალგაზრდობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მთავარი ფუნქციაა დღის რეჟიმების დაცვა. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: მათ ზრდასრული ადამიანი ჩაკეტეს სივრცეში, სადაც მზის სინათლე არ აღწევდა და დროის არანაირი მაჩვენებელი არ იყო. კვლევის სუბიექტმა ამ შენობაში მთელი თვე გაატარა. იმის მიუხედავად, რომ დღის მონაკვეთის გარკვევა არ შეეძლო, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს იძინებდა და იღვიძებდა. ამაში დაეხმარა მელატონინი, რომელიც საღამოს ორგანიზმს სიგნალს აძლევს, რომ დაწოლის დროა, ხოლო დილით კი ენერგიულად ადგომაში ეხმარება. რა შუაშია მარადიული ახალგაზრდობა? ორგანიზმში უჯრედების განახლება ძილის დროს მიმდინარეობს. უძილობა ნაადრევ სიბერეს იწვევს. მელატონინის კარნახით რეჟიმების დაცვით უჯრედების ახალგაზრდობას დიდხანს შეინარჩუნებთ. მელატონინს ანტიოქსიდანტური თვისებებიც აქვს, არეგულირებს ენდოკრინულ სისტემას, აწესრიგებს წნევას, არეგულირებს საჭმლის მონელების ფუნქციას და თავის ტვინის მუშაობას. როგორც DHEA ჰორმონის შემთხვევაში, 40 წლის შემდეგ მელატონინის წარმოება მცირდება. მარაგის შესავსებად არა წამლებს, არამედ რაციონს გადახედეთ. მიირთვით გამომცხვარი კარტოფილი, მყარი ჯიშის ხორბლის პროდუქტები და ცხვრის ხორცი.

ჰორმონების დისბალანსი ხშირად დაავადებების და ნაადრევი სიბერის მიზეზი ხდება. თუ ჰორმონალური ფონი ნორმაშია, ორგანიზმი ჯანმრთელობას ასხივებს. 35 წლის შემდეგ მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ჰორმონების დონე, განსაკუთრებით „დიდებული ხუთეული“. სწორედ ისინი ქალის სილამაზეს და ახალგაზრდობას უზრუნველყოფენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს