გრიპი და გაციება ყველაზე გავრცელებული დაავადებებია, რომლითაც თითქმის ყველა ავადდება. მგონი მათი მკურნალობის და პროფილაქტიკის ყველა მეთოდი ვიცით. იქნებ, რამე გამოგვრჩა? ყველამ ვიცით რესპირატორულ დაავადებებთან გამკლავების ხალხური მეთოდები. ჩვენთან ხახვით, ნივრით, ჟოლოთი და თაფლით მკურნალობა მიღებულია. ვაქცინა უფრო საიმედო დაცვას უზრუნველყოფს. დღეს არა ამაზე, არამედ იმ საშუალებებზე გიამბობთ, რომელთა შესახებ გაცილებით ნაკლები ვიცით.
არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების გარეცხვა! – მიკრობიოლოგების თქმით, მათში ვირუსები 2–3 დღე თავს კარგად გრძნობს, ამიტომ ხელთათმანი კბილებით არასდროს მოიხსნათ! დაინფიცირების რისკის შესამცირებლად ხელთათმანები კვირაში მინიმუმ ერთხელ უნდა გარეცხოთ. ასე თვლის ნაიზია საფდარი, ინფექციების კონტროლის სამედიცინო დირექტორი უისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ). ნაქსოვი შალის ხელთათმანი ადვილად ირეცხება. ბეწვის, ტყავის, ლაქის ან ზამშის ხელთათმანის გარეცხვა შეიძლება გაგიჭირდეთ. ისინი არა ნაკლებ მიკრობებს გადასცემენ, ამიტომ ქიმწმენდაში გაწმენდას გირჩევთ. ეს ხშირად არ ხდება და მსგავსი ნაწარმი ყოველთვის იდეალურად სუფთა არაა. კიდევ ერთი: სველი ხელთათმანი ჩანთაში ან ჯიბეში არ დატოვოთ. გათბობის ბატარეაზე გააშრეთ.
მიიღეთ D ვიტამინი – D ვიტამინი კანში მზის სხივების ზემოქმედებისას წარმოიქმნება. ის ორგანიზმში სხვადასხვა პროცესზე, მათ შორის იმუნიტეტზე გავლენას ახდენს. ამ ვიტამინის დეფიციტის დროს ადამიანს რესპირატორული დაავადებები ხშირად აწუხებს. ახლა, როცა გაზაფხულის მზე მხოლოდ ხურდება, ექიმები D ვიტამინის კაფსულების, წვეთების ან აბების მიღებას გირჩევენ. (პრეპარატების ბოროტად მიღება არ შეიძლება. გადაჭარბება დაუშვებელია. მიღებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ). კარგია, თუ D ვიტამინით მდიდარ პროდუქტებს მიირთმევთ. ესაა კვერცხი, ხაჭო, ყველი, თევზი და თევზის ქონი.
შეიკავეთ სუნთქვა, თუ ვინმე თქვენ გვერდით ახველებს ან აცემინებს – დაცემინება არის ნამდვილი ტორნადო მრავალი წვეთებით და უხილავი ვირუსებით, რომელიც სწრაფად მოძრაობს, წამებში ისეთ მანძილს ფარავს, რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ. თუ გვერდით ვინმე აცემინებს ან ახველებს, ექიმები გირჩევთ, რომ ზურგი შეაქციოთ და სუნთქვა 10-15 წამით შეიკავოთ.
ოთახი გაავსეთ „სამკურნალო“ არომატებით – არომათერაპია ორგანიზმის გასაძლიერებლად და ლორწოვანი გარსების ვირუსებისგან გასაწმენდად შესანიშნავი საშუალებაა. რომელი სუნი აშინებს გრიპს და გაციებას? პირველ რიგში, ესაა ჩაის ხის, ლავანდის, ევკალიპტის და სოჭის ეთერზეთები. არომათერაპიას უკუჩვენება თითქმის არ აქვს, თუმცა ორსულები ფრთხილად უნდა იყვნენ! პიტნის და სალბის ეთერზეთებმა ნაყოფის მოშორება შეიძლება გამოიწვიონ. სუნი ძლიერი რომ არ იყოს და თავის ტკივილი არ გამოიწვიოს, არომანათურას ბევრი წვეთი არ დაუმატოთ. პატარა ოთახს 2–3 წვეთი ყოფნის. სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად რამდენიმე წვეთი აურიეთ (მაგალითად, ევკალიპტის არომატი ჩაის ხის არომატს ეთავსება). თუ არომანათურა არ გაქვთ, ზეთი ცხვირსახოცს დააწვეთეთ და პერიოდულად ცხვირთან მიიტანეთ.
მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას – ერთი მხრივ, სპორტი სასარგებლოა (დამტკიცებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშობენ, იმუნურ სისტემაში უჯრედების რაოდენობა 2–3–ჯერ ეზრდებათ), მეორე მხრივ, ზედმეტი დატვირთვა ორგანიზმს გრიპის და გაციების ვირუსების მიმართ დაუცველს ხდის. მეცნიერებმა დათვალეს: აქტიური ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ სრულად აღდგენას საშუალოდ 72 საათი სჭირდება. სავარაუდოდ, მთელ დროს სავარჯიშო დარბაზში არ გაატარებთ, არამედ გარეთ გახვალთ, სადაც ცივი ჰაერი ნავარჯიშები სხეულის სითბოს მაშინვე წაგართმევთ, სანაცვლოდ გაჩუქებთ ხველას, სისველეს ცხვირში და სხვა „დაავადებებს“.
დალიეთ ბევრი წყალი – აბა როგორ უწყლოდ? აქაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ცივ სეზონზე წყალი სჯობს არა ქუჩაში, არამედ სახლში დალიოთ. გათბობის სეზონზე ოთახში ჰაერი მშრალი ხდება, რის გამოც სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსები შრება. ამ მდგომარეობაში ვირუსების და მავნე მიკრობების მიმართ მგრძნობიარეა. თუ წყალს საკმარისად სვამთ (მინიმუმ 4–5 ჭიქა სუფთა წყალი დღეში), გრიპი და გაციება ნაკლებად გესტუმრებათ.
სექსი საუკეთესო წამალია – იცით, სიყვარულით დაკავება ორგანიზმში იმუნომასტიმულირებელი ანტისხეულების რაოდენობას ზრდის? ადამიანი სექსის დროს გახშირებულად სუნთქავს და ამით ფილტვებს წმენდს, რაც ბრონქიტის სახით გართულებას თავიდან გაცილებთ. არაფერს ვამბობთ სიამოვნების ჰორმონზე (ენდორფინზე), რომელიც სიახლოვის დროს გამოიყოფა. მეორე მხრივ, სექსის დროს პარტნიორი შეიძლება დააინფიცირიოთ. სექსი კარგი წამალია, მაგრამ ურთიერთშეთანხმებით და შესაძლო რისკების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ეს უკანასკნელი პროფილაქტიკის ყველა მეთოდს ეხება. რომელი მეთოდიც არ უნდა გამოიყენოთ, ყველგან ზომიერება უნდა დაიცვათ. თუ მაინც ავად გახდით, თვითმკურნალობას მოერიდეთ, ექიმს მიმართეთ.