მოჩი, უნაზესი იაპონური დესერტი, რომელსაც სახლში ნახევარ საათში ვამზადებ

617

იაპონური დესერტი მოჩი უფრო კერძების მთელი კატეგორიაა, ვიდრე ცალკე კერძი. თითოეულის საფუძველია წებოვანი ბრინჯისგან დამზადებული ცომი. ასეთი ცომის თავისებურებაა განუმეორებელი მოტკბო გემო, რომელსაც ხანგრძლივი ნაყვის შედეგად იძენს. ჩვეულებრივ, მოჩის ცომისგან ტკბილეულს ამზადებენ, რომ შექმნან ჰარმონია ან კონტრასტი ცომის გემოსა და საინტერესო შიგთავსს შორის. დღევანდელი კერძიც გამონაკლისი არაა.

იაპონური დესერტი მოჩი. მთელი საიდუმლო ბრინჯის ცომშია!

სწრაფი, მარტივი, გემრიელი – მსგავსი დესერტის მთავარი უპირატესობა მომზადების სიმარტივეა. ნახევარი საათი და 12 ულუფა დესერტი მზადაა. დიეტის მოყვარულებისთვის აღვნიშნავ, რომ წებოვანი ბრინჯის ცომი დაბალკალორიულია. მთელი მუჭა ასეთი კერძი შეგიძლიათ მიირთვათ.

ინგრედიენტები:

  • 220 გ წყალი
  • 100 გ შაქარი
  • 100 გ წებოვანი ბრინჯის ფქვილი
  • 50 გ მდნარი ყველი
  • 50 გ ნაღები (33-35%–იანი)
  • ხილი ან კენკრა გემოვნებით
  • სიმინდის სახამებელი ცომზე მოსაყრელად და გასაბრტყელებლად

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, შიგთავსი მოამზადეთ, რადგან კერძში მანამ უნდა მოათავსოთ, სანამ ცომი ჯერ კიდევ თბილია. ცივი ნაღები და ცივი ყველი კარგად ათქვიფეთ. მიღებული შიგთავსი საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ და გვერდზე გადადეთ. თუ ხილის დამატებას გეგმავთ, პატარა ნაჭრებად დაჭერით. თუ კენკრაა, უფრო წვრილად დაჭერით.
  2. ცომზე მუშაობა დაიწყეთ. წყალი, შაქარი და ფქვილი აურიეთ, პარკი დააფარეთ, მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ და მინიმუმ 800 სიმძლავრეზე 2 წუთით ჩართეთ. გამოიღეთ, აურიეთ და ისევ 1 წუთით ღუმელში მოათავსეთ.
  3. ახლა ცომში წყალი აღარ უნდა იყოს, შესაგრძნებად ოდნავ წებოვანი უნდა იყოს. სამუშაო ზედაპირს სახამებელი მოაყარეთ და ცომი გადაიტანეთ. ფრთხილად იყავით: ცომი ძალიან ცხელია!
  4. ცომი ხელებით ან საგორავით 2–3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. ცომიდან 10 სმ დიამეტრის რგოლები გამოჭერით. რგოლებს წინასწარ მომზადებული შიგთავსი დაუმატეთ, ზემოდან ხილის ან კენკრის ნაჭერი დაადეთ. მოჩი წრიულად ფრთხილად შეკარით. მანამ გაიმეორეთ, სანამ ცომი არ დამთავრდება.
  5. ახლა წვრილი საცერიდან მოჩებს სახამებელი მოაყარეთ და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ. სანამ ტკბილეული გრილდება, ჩაი მოადუღეთ. გემრიელად მიირთვით!

ესეც ასე, იაპონური დესერტი მოჩი მზადაა. ისიამოვნეთ, როგორ დნება ახლახანს მომზადებული მინი ფუნთუშა პირში. სანაძლეოს ვდებ, ხშირად მოამზადებთ.