ნაპოლეონის ფავორიტმა, პანი ვალევსკამ მხოლოდ 31 წელი იცოცხლა, მაგრამ დღემდე მისი სახელი ასოცირდება დახვეწილ არომატებთან, ამაღელვებელ სასიყვარულო ისტორიასთან, იებთან, თავისუფლების სიმბოლოსთან და პოლონური პლიაცოკის „პანი ვალევსკა“ დაუვიწყარ გემოსთან. პოლონელები პლიაცოკს უწოდებენ ტკბილ პეროგს, კვერს, ოლადს.
„პანი ვალევსკა“ – პირდაპირ გეტყვით. უსიამოვნო სიურპრიზები არ გელოდებათ. პირიქით, არა პეროგს, არამედ ტორტს მოამზადებთ, რადგან პლიაცოკში „პანი ვალევსკა“ არის ნაზი პლომბირის კრემი, ბეზე, კენკრის შიგთავსი. მის მომზადებაზე ნაკლებ დროს და ძალას დახარჯავთ, ვიდრე სხვა მრავალფენიან დესერტზე. დროის დაზოგვის საიდუმლო მარტივია. პლიაცოკი ერთი ფენით ცხვება. სანამ ღუმელშია, კრემის მომზადებას მოასწრებთ.
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 200 გ კარაქი
- 4 კვერცხის გული
- 100 გ შაქარი
- 50 გ არაჟანი (20%)
- 360 გ ფქვილი
- 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
ცილოვანი მასის ინგრედიენტები:
- 4 კვერცხის ცილა
- 180 გ შაქარი
- 1 პაკეტი ვანილი
- 30 გ სიმინდის სახამებელი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 300 გ შავი მოცხარის მურაბა
- 100 გ ნიგოზი
პლომბირის კრემის ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 130 გ შაქარი
- 1 პაკეტი ვანილი
- 40 გ სიმინდის სახამებელი
- 0,5 ლ რძე
- 200 გ კარაქი
- 1 ს/კ კონიაკი
მომზადების წესი:
- პროდუქტების რაოდენობა გათვლილია სტანდარტულ საცხობ ფორმაზე, 30×40 სმ. რბილი კარაქი, შაქარი, კვერცხის გულები, არაჟანი მიქსერით ათქვიფეთ. როგორც კი მასა ერთგვაროვანი გახდება, პროცესი შეწყვიტეთ.
- გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ელასტიური, რბილი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელზე არ მიგეკვრებათ. ზედმეტი ფქვილი რომ არ მოაყაროთ, ბისკვიტი ორ პერგამენტის ფურცელს შორის მოაქციეთ და საცხობი ფორმის ზომაზე გააბრტყელეთ. ზედა ფურცელი მოაშორეთ და ქვედა ფურცლით საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ასე ფორმაზე ცხიმის წასმა და ფქვილის მოყრა არ მოგიწევთ. ცომს კიდეებში მსუბუქად დააჭირეთ, რომ დაბალი გვერდები გაუკეთოთ. ასე მურაბა არ დაიღვრება.
- გაბრტყელებულ ბისკვიტს შავი მოცხარის მურაბა (სხვაც გამოგადგებათ. მთავარია, მომჟავო იყოს) უხვად და თანაბრად წაუსვით. მაცივარში შეინახეთ.
- ცილოვანი ქაფი მოამზადეთ. მნიშვნელოვანია, რომ კვერცხის ცილებს წყლის ან გულის მიკროწვეთები არ მოხვდეს. გარეცხილი კვერცხი, თასი კარგად გაამშრალეთ. ამის შემდეგ ცილა და გული დააცალკევეთ და ცილები ათქვიფეთ. ათქვეფამდე ცოტა მარილი დაუმატეთ. ჯერ ცილები ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ, შემდეგ შაქარი და ვანილი დაუმატეთ და მყარი პიკის მიღებამდე ათქვეფა გააგრძელეთ. სიმინდის სახამებელი დაუმატეთ და სუსტ სიჩქარეზე მიქსერით ათქვიფეთ.
- საცხობი ფორმა ცომით და მურაბით მაცივრიდან გამოიღეთ და ზემოდან ცილოვანი მასა მთლიანად დაასხით. თანაბრად გაანაწილეთ და დაქუცმაცებული ნიგოზი მოაყარეთ.
- ტორტი 160 გრადუსზე 60-70 წუთით აცხვეთ. ამ დროში ცილოვანი მასა კარგად გამოშრება და გამაგრდება. ღუმელიდან გამოიღეთ, ოთახის ტემპერატურაზე შეაგრილეთ და ორ თანაბარ ნაწილად დაყავით.
- პლომბირის კრემი მოამზადეთ. კვერცხი, შაქარი და ვანილი სათქვეფით ღრმა ქვაბში აურიეთ. სიმინდის სახამებელი დაუმატეთ და მორევა გააგრძელეთ, რომ არ დაკურკუტდეს. რძე ჩაასხით, აურიეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით, მუდმივად ურიეთ. გასქელებული კრემი ქურას მოაშორეთ, შესაფუთი პარკი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე გაგრილება აცადეთ.
- რბილი კარაქი გათეთრებამდე ათქვიფეთ. კარაქი და მოხარშული მასა ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
- თანდათან 1–2 კოვზი მოხარშული მასა კარაქს დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. ბოლოს სუფრის კოვზი კონიაკი დაუმატეთ. აურიეთ და ფაფუკი, სქელი კრემი მიიღეთ.
- მთელი კრემი პლიაცოკის ერთ ნახევარს თანაბრად წაუსვით და მეორე ფენა, კაკლით ზემოთ, დააფარეთ. დანით, სპატულით ან კოვზით ტორტის გვერდებზე გამოსული კრემი გაასწორეთ და დესერტი მაცივარში შეინახეთ. მინიმუმ 6 საათით. სუფრაზე გატანამდე ულუფებად დაჭერით.
მოგვიანებით გაიხსენებთ, რომ მაღაზიაში ნაყიდზე გემრიელი ტორტის მომზადებაზე ვერც იფიქრებდით. არადა გამოვიდა. ყველა როგორ გაქებდათ, როგორ დაიტაცეს. კმარა ოცნება. „პანი ვალევსკა“ აუცილებლად გამოგივათ!