ხაჭოს მომზადების ოსტატობა. დროში გამოცდილი რეცეპტების ნაკრები

301

ნაყიდი რძის პროდუქტების ხარისხში იმედგაცრუებული დიასახლისები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ, როგორ მოამზადონ ხაჭო სახლში. მომზადების ბევრი მეთოდი არსებობს, ამიტომ თავად უწევთ არჩევანის გაკეთება. Vivien რამდენიმე რეცეპტს გიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ ხაჭო სახლის პირობებში – ხაჭოს მომზადების უმარტივესი მეთოდისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი ინგრედიენტი, კარგად დამჟავებული რძე (რაც მეტი, მით უკეთესი).

მომზადების წესი:

  1. მჟავე რძე ქვაბში ჩაასხით და გააცხელეთ. აკონტროლეთ, რომ მასა არ გადახურდეს. რაც უფრო რბილი ხაჭოს მიღება გსურთ, მით უფრო დაბალი უნდა იყოს ტემპერატურა. მჟავე რძეს პერიოდულად ნაზად აურიეთ, შრატის ხაჭოს მასისგან გამოყოფის პროცესს დააკვირდით.
  2. ქურა გამორთეთ და მასას ოდნავ შეგრილება აცადეთ, რომ არ დაითუთქოთ.
  3. მარლა რამდენიმე ფენად გაკეცეთ და მიღებული ხაჭო რაიმე ჭურჭლის ზემოთ გაფილტრეთ. შრატი არ გადაასხათ, ცხობისას გამოგადგებათ.
  4. ხაჭო მარლაზე მთელი ღამე გააჩერეთ, რომ კარგად დაიწუროს. 10 საათში ხელნაკეთი ხაჭო მზად იქნება.

ხაჭოს მომზადების დაჩქარებული მეთოდი

ინგრედიენტები:

  • 3 ლ რძე
  • 120 მლ ლიმონის წვენი (ან 2 ჩ/კ ლიმონმჟავა)

მომზადების წესი:

  1. რძე სუსტ ცეცხლზე გააცხელეთ, რომ ოდნავ შეთბეს.
  2. რძეს ლიმონის წვენი თანდათან დაუმატეთ და მუდმივად ურიეთ. ლიმონმჟავა მასას შეადედებს.
  3. რძე ძალიან არ გააცხელოთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით უფრო ნაზი ხაჭო გამოვა.
  4. როცა ხაჭო შრატს მოშორდება, 2–3 ფენად გაკეცილ მარლაში გადაწურეთ.
  5. ხაჭო მთელი ღამე დასაწურად გააჩერეთ.

ხაჭო მაწვნის დედით

ინგრედიენტები:

  • 3 ლ რძე
  • მაწვნის დედა

მომზადების წესი:

  1. რძე აადუღეთ და 40 გრადუსამდე გააგრილეთ. მინანქრის ჭურჭელი გამოიყენეთ.
  2. თბილ რძეს მაწვნის დედა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. ჭურჭელი ძველ პირსახოცში გაახვიეთ და კარგად შეფუთეთ. ფერმენტაციისთვის გააჩერეთ. პროცესი 20 საათი გრძელდება.
  4. მიღებული მასა სუსტ ცეცხლზე დადგით. მუდმივად ურიეთ და დააკვირდით, რომ არ დაიწვას.
  5. შრატისგან დაცალკევებული ხაჭო რამდენიმე ფენა მარლაში გადაწურეთ და დილამდე დაწურვა აცადეთ.

როგორ მოვამზადოთ ხაჭო სახლში: კიდევ ერთი რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 3 ლ ახალი რძე
  • 6 ლ მჟავე რძე

მომზადების წესი:

  1. 3 ლ ახალი რძე დიდ ქვაბში ჩაასხით, აადუღეთ და ქურიდან გადმოდგით.
  2. ადუღებულ ახალ რძეს 6 ლ მჟავე რძე დაუმატეთ და აურიეთ. ქვაბი გვერდზე გადადეთ, რომ შრატი წარმოქმნილ ხაჭოსთან ერთად გაგრილდეს.
  3. მარლა რამდენიმე ფენად გაკეცეთ და დიდი ქვაბის ზემოთ მასა გადაწურეთ.
  4. ხაჭო დილამდე დასაწურად გააჩერეთ.

ხაჭო კეფირის და არაჟნისგან

ინგრედიენტები:

  • 4,5 ლ რძე
  • 250 მლ კეფირი
  • 400 მლ არაჟანი
  • 1–2 ს/კ ძმარი მინარევების გარეშე (ლიმონის წვენი)

მომზადების წესი:

  1. რძე ქვაბში ჩაასხით და ქურაზე დადგით.
  2. როგორც კი, რძე ადუღებას დააპირებს, ქილა არაჟანი და კეფირი დაუმატეთ. მასას ფრთხილად აურიეთ.
  3. თბილ მასას თანდათან ლიმონის წვენი ან ძმარი დაუმატეთ, მუდმივად ურიეთ. სიმჟავისგან რძე შედედდება და ხაჭო შრატს გამოეყოფა. მასა ოდნავ შეაგრილეთ.
  4. მარლა რამდენიმე ფენად გაკეცეთ და ხაჭო შრატისგან დაწურეთ.
  5. დილამდე დაწურვა აცადეთ.

ხაჭოს სახლის პირობებში მომზადება სცადეთ და დარწმუნდებით, რომ ძალიან მარტივია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს