დაკვირვებიხართ, როგორი მიმზიდველი ხდება სახის ნაკვთები ჭაღარა თმის და ულტრამოკლე ვარცხნილობის კომბინაციით? ჭაღარა მოკლე თმა ძალიან მიმზიდველად, მდიდრულად შეიძლება გამოიყურებოდეს. გაიხსენეთ ფილმში „ეშმაკი ატარებს პრადას“ მერილ სტრიპის გმირი, მირანდა პრისტლი, მოდის ჟურნალის მთავარი რედაქტორი.
ჭაღარა მოკლე თმა – დიდი ალბათობით, ფილმში მირანდამ სპეციალურად შეიღება თმა ისე, რომ რთული გასარკვევია, ჭაღარაა ეს თუ ქერის ცოცხალი ელფერი. ცნობილი ფილმის გადაღებიდან (2006) დღემდე ქერა და ჭაღარა თმა ტრენდულია.
იმის მიუხედავად, რომ ბევრი ქალი დღემდე ცდილობს სიბერის დამალვას და თმას იღებავს, ბუნებრივი ჭაღარა სულ უფრო პოპულარული ხდება. ჭაღარა მოკლე თმა აქვს მერილ სტრიპს, შერონ სტოუნს, ჰელენ მირენს, ემა ტომპსონს, ჯეიმი ლი კერტისს, გლენ კლოუზს და ჯუდი დენჩს, ხოლო საშუალო სიგრძის ვარცხნილობა თმაში ნაცრისფერით ვანესა რედგრეივს, ენდი მაკდაუელს, სალმა ჰაიეკს და დაიან კიტონს – არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ ცხოვრებაში. ჭაღარა თმა მათ ხიბლს მატებს. აღფრთოვანებას იწვევს მათი გულწრფელი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ცხოვრებისადმი, სადაც მოწიფულობა და სიბერე ორგანულია და სილამაზის უფლება აქვს.
ჯეინ ფონდამ დაახლოებით 2 წლის წინ თქვა: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საკუთარ თავს გაჭაღარავების უფლება მივეცი. კმარა ამდენი დროის, ამდენი ფულის, ამდენი ქიმიკატების ხარჯვა. ეს უკვე შევწყვიტე“. სხვათა შორის, მამაკაცები უფრო ადრე მიხვდნენ, რომ მოვლილი ჭაღარა ყოველთვის მიმზიდველია. მნიშვნელოვანია, რომ სახე ინტერესს, ჭკუას, გრძნობას და კეთილგანწყობას ასხივებდეს.
თმა, რომელსაც შემღებავი პიგმენტი, მელანინი დაკარგული არ აქვს, ჭაღარისგან მხოლოდ ფერით არ განსხვავდება. თვისებაც იცვლება. ჭაღარა თმა შიშველი, უხეში, მტვრევადი და მშრალი ხდება. თითოეული ღერი თავისებურად ცხოვრობს: დაუმორჩილებელია, დავარცხნისას იშლება, იწეწება, უწესრიგობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
რატომ იჭრიან ჭაღარა თმას – სწორედ ამიტომ, ჭაღარა თმის შეჭრა რეკომენდებულია. მოკლე თმის მოვლა და დავარცხნა უფრო ადვილია. ბევრი ოსტატის და კლიენტის მიერ გამოცდილებით დამტკიცებულია: რაც უფრო მოკლეა ვარცხნილობა და მოცულობა დიდი, მით უფრო ახალგაზრდული იერი იქმნება. მოკლე ვარცხნილობა თმის ძირების მოცულობას ზრდის, ვიზუალურად აახალგაზრდავებს. თუმცა შესაფერისია მხოლოდ მათთვის, რომელთაც სახის სწორი ნაკვთები აქვთ, ვინც მშვიდად და მადლიერებით იღებს ასაკობრივ ცვლილებებს და თითოეულ დღეში კარგის დანახვა შეუძლია.
რა თქმა უნდა, საკმარისია გაიხსენოთ თქვენი საყვარელი მოხუცები, რომლებმაც პლასტიკური ქირურგიის და ახალგაზრდობის ნემსების შესახებ არაფერი იცოდნენ, რომ მაშინვე სიბრძნის „ინექციები“ მიიღოთ: მოსიყვარულე ადამიანი ყოველთვის მშვენიერია. რა საჭიროა დაკომპლექსება ცხოვრების შემოდგომის გარეგნული ნიშნების გამო, თუ ნაოჭები და ჭაღარა შვილიშვილების ან შვილთაშვილების ნახვის ფასია, თუ ხარკია მიზნების მიღწევის, სიყვარულის და მეგობრობის მიღების, შესაძლებლობის გაღების გამო, რომ ყველაზე დიდი სასწაული ცხოვრებაა. ამ გაგების მიღებისას ნებისმიერი ვარცხნილობა შესაფერისი გახდება. მთავარია, რომ ოსტატი კარგი და მარჯვე ადამიანი იყოს.
რა შეეფერება ლამაზ მოწიფულ ქალს – სერიოზულად რომ ვთქვათ, ჭაღარა თმას კარე იდეალურად უხდება. ყველას უხდება. კარეს დავარცხნა ადვილია. ამ მიზნით მრგვალი ჯაგრისი და ფენი საკმარისია. ვარცხნილობის მრავალი ვარიანტი იმიჯის განახლების საშუალებას გაძლევთ.
ვარცხნილობები, რომლებიც როგორც მოკლე, ასევე საშუალო სიგრძის ჭაღარა თმაზე იდეალურია:
- პიქსი
- ბობი
- კასკადი მხრებამდე
- კარე
- გრძელი პიქსი
სხვათა შორის, ბობი უკვე 100–ზე მეტი წლისაა. ბობი–სოკო, სოკო ასიმეტრიული წინამოთი, აჩეხილი ბობი, ბობი კულულებით, ეს მისი ვარიანტების სრული ჩამონათვალი არაა.
ჭაღარა მოკლე თმის მოვლა – გთხოვთ, ჭაღარა თმაზე ზრუნვისას გაითვალისწინეთ რჩევები:
- ფენი, თმის დასასწორებელი ან დასახვევი იშვიათად და თერმოდამცავი საშუალებით გამოიყენეთ.
- გამოიყენეთ ჭაღარა თმის კოსმეტიკა: შამპუნი, კონდიციონერი, დამატენიანებელი შრატი.
- თმა მზის სხივებისგან დაიცავით.
დარწმუნებული ვართ, როცა საღებავების თაროსთან კონსულტანტი გკითხავთ, რისი ყიდვა გსურთ, აუცილებლად უპასუხებთ: „თმის შეღებვა? აღარასდროს!“