როცა სხვები ბავშვს დედის ან მამის გვერდით ხედავენ, რაღაც საერთო თვისებებს ამჩნევენ და ამას მაშინვე ამბობენ. ნამდვილად, დაკვირვებისას მსგავსება შეიძლება დაინახოთ: ცხვირი, თვალი, ტუჩი, სახის ფორმა და რაღაც სხვა. ზოგჯერ „მსგავსება“ თვალშისაცემია, ზოგჯერ ძლივს შესამჩნევი. Vivien გიამბობთ, რა გადაეცემა ბავშვს მამისგან, რას იღებს ბავშვი დედისგან. ზოგჯერ სასაცილოა მამის პრეტენზიები, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ცუდი ბავშვს დედისგან ერგო. აქ მამაკაცის წილიც არის და თან მნიშვნელოვანი.
რა გადაეცემა მამისგან – „მამის ასლი ხარ“ ან „დედის ასლი ხარ“ – ეს ორი საპირისპირო, მაგრამ მცდარი მოსაზრებაა. ბავშვი ორივე მშობლისგან ბევრს იღებს. ჩვეულებრივ, ქალიშვილი მამას ძალიან ჰგავს. ბავშვის ჩასახვამდე მამაკაცის კვების რეჟიმი და ცხოვრების წესი გავლენას ახდენს იმაზე, რა საფუძველი ექნება მის შვილს (სქესის მიუხედავად).
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ბავშვები პირდაპირ მშობლებისგან იღებენ ცხვირის წვერის, ყვრიმალების, ტუჩების და ნიკაპის ფორმას. საინტერესოა, რომ იგივე პარამეტრები სახის ამოცნობისას გამოიყენება. სწორედ ამიტომ, მშობლების და შვილების მსგავსება ძლიერ გვაოცებს. სამაგიეროდ, წარბებს შორის პატარა სივრცე ბავშვებსა და მშობლებს შორის განსხვავებულია, რაც თითოეულს უნიკალურობას მატებს.
რა თქმა უნდა, ბავშვის დნმ–ში დედის და მამის გენები თანაბრად არის. ამავდროულად, უნდა გახსოვდეთ, რომ მამაკაცის გენები უფრო აგრესიულია. ამის გამო მამაკაცის თვისებები უფრო ნათლად ვლინდება. აღსანიშნავია საინტერესო კანონზომიერება, რომ თუ მამაკაცს ბევრი ძმა ჰყავს, დიდი ალბათობით, ვაჟი ეყოლება. თუ მამაკაცს ბევრი და ჰყავს, ქალიშვილის ყოლის შანსი იზრდება. ეს კარგად ჩანს იქ, სადაც მამაკაცს ბევრი შვილი ჰყავს.
თუ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, მამაკაცის კბილების მდგომარეობა შვილების კბილების მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს. თუ მამაკაცი ახალგაზრდობაში პირის ღრუს ჯანმრთელობაზე არ ზრუნავდა, მის შვილებს სტომატოლოგთან ვიზიტი ხშირად მოუწევთ. ამავდროულად, კბილების და ყბის ფორმა მემკვიდრეობით დედისგან შეიძლება იყოს გადაცემული.
ვისგან გადაეცემა ჭკუა – ითვლება, რომ ვაჟს გონებრივი შესაძლებლობები დედისგან გადაეცემა. ხოლო ქალიშვილი ინტელექტის ნახევარს დედისგან, ნახევარს მამისგან იღებს. აქ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად ვითარდება ბავშვი, რამდენად კარგად მუშაობენ მასზე.
ბავშვის სიმაღლეზე მამა დიდ გავლენას ახდენს. ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანის სიმაღლის მხოლოდ 70% განპირობებულია გენეტიკით, ხოლო დანარჩენი კვების რეჟიმზე, ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობაზე. უმეტესად გვხვდება ტენდენცია, როცა უმცროსი ბავშვები უფროსებზე დაბლები არიან.
თუ ახალგაზრდა ოჯახი მხოლოდ გეგმავს შვილის ყოლას, დაახლოებით შეუძლიათ გამოთვალონ ბავშვის სიმაღლე. მაგალითად, ვაჟის სიმაღლის გასარკვევად დედის და მამის სიმაღლე უნდა დააჯამოთ, 13 სმ დაუმატოთ, შემდეგ მიღებული რიცხვი 2-ზე გაყოთ. ხოლო ქალიშვილის სიმაღლის გასაგებად მამის და დედის სიმაღლე უნდა დააჯამოთ, 13 სმ გამოაკლოთ და შემდეგ 2-ზე გაყოთ. შეგიძლიათ ქალიშვილის სიმაღლე 18 თვისას გაზომოთ და ეს რიცხვი 2–ზე გაამრავლოთ. ზუსტად იმ რიცხვს მიიღებთ, რომელიც ქალიშვილს ზრდასრულ ასაკში ექნება. მეთოდი ბიჭის შემთხვევაშიც მოქმედებს, მაგრამ სიმაღლე 2 წლისას უნდა გაზომოთ და 2–ზე გაამრავლოთ.