მე და ჩემი და გადავრჩით გულისხმიერი მეზობლების და სუპერმარკეტის გამყიდველების წყალობით

764

ანა და მისი ტყუპისცალი და 2 წლის იყვნენ, როცა ბავშვთა სოფლის ოჯახში მოხვდნენ. ეს 24 წლის წინ მოხდა. ახლა ანა შუროვა ცნობილი სილამაზის ოსტატია, საკუთარი კაბინეტით და კლიენტების რიგით.

„ვინ ფუნთუშას გვაძლევდა, ვინ სოსისს“ – მანამდე დები ქუჩაში მეთვალყურეობის გარეშე იყვნენ. ზოგი ფუნთუშას აძლევდა, ზოგი სოსისს, ასე გადარჩენას ახერხებდნენ. ბოლოს დედას მშობლის უფლება ჩამოართვეს და გოგონები ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ ბავშვთა სოფლის აღმზრდელ ოჯახში მოხვდნენ. – ჩვენთან მელოტები მოიყვანეს, საავადმყოფოში თმა შეჭრეს, გამხდრები და შეშინებულნი იყვნენ, – იხსენებს მათი აღმზრდელი დედა ლარისა. – დირექტორმა ფეხსაცმელი მიუტანა, ისინი კი კუთხეში ისხდნენ და ჩაცმის ეშინოდათ.

უსაფრთხო გარემოში, დედობრივი სიყვარულის და მზრუნველობის წყალობით გოგოების გული სწრაფად გალღვა და ჩვეულებრივ ორი წლის ბავშვებად გადაიქცნენ: მხიარულები, ცნობისმოყვარეები და ანცები. წლების შემდეგ გაიგეს 3 უფროსი ტყუპი ძმის შესახებ, რომლებიც ინტერნატში ცხოვრობდნენ. შუათანა შაქრიანი დიაბეტით გარდაიცვალა, უმცროსი ციხეში ზის. მხოლოდ უფროსი ძმის ცხოვრება შედგა. სამსახური, ოჯახი და შვილები ჰყავს. დებს მასთან ურთიერთობა აქვთ.

ასობით წრეს დაესწრო და სამი სპეციალობა მიიღო – ახლა ტყუპები 26 წლის არიან. ანამ ახლახანს სახელმწიფოსგან ერთოთახიანი ბინა მიიღო და დაქორწინდა. საკუთარი სილამაზის კაბინეტი გახსნა და პერმანენტული მაკიაჟის ოსტატობის უნარებს მუდმივად ავითარებს. ირინამაც ბინა მიიღო და სილამაზის სფეროში მუშაობს.

როგორც ლარისა ამბობს, ანა ხასიათით ცეცხლი, სუპერ აქტიური და შეუპოვარია. მუდმივად რაღაცით გატაცებულია, სადღაც ეჩქარება. თუ რაღაც გადაწყვიტა, აუცილებლად მიაღწევს. – ბავშვობაში რომელ წრეზე არ დადიოდა: ცეკვა, სიმღერა, ხატვა, ხელსაქმე, ჭადრაკი. გაიზარდა, მოხალისე გახდა, უსახლკარო ცხოველებს უვლის. 50-ზე მეტი კატა და ძაღლი კომფორტულად მოაწყო! – ამბობს ლარისა.

– სკოლაში ქიმია და ანატომია ყველაზე მეტად მიყვარდა. სწორედ ამიტომ ფარმაცევტის სპეციალობის მიღება არ გამჭირვებია, მაგრამ აფთიაქში მუშაობა არ დავიწყე. კომუნიკაბელური და ემოციური ადამიანი ვარ, ეს სამსახური მშვიდად მომეჩვენა. უნივერსიტეტის დამთავრება გადავწყვიტე, სანამ სახელმწიფოსგან დახმარება მქონდა, – ამბობს ანა.

ანას სამედიცინოზე ჩაბარება სურდა. ეს მისი ღვიძლი დედის აუხდენელი ოცნება იყო, მეგობრებმა, რომლებიც იქ უკვე სწავლობდნენ, დიდი დატვირთვით შეაშინეს. – ახლა დარწმუნებული ვარ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს კარგად დავამთავრებდი. ვეტერინარია ავირჩიე. სანამ აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ლექტორებმა შემამჩნიეს და სამსახური შემომთავაზეს. უკვე იმ დროს გამიჩნდა ახალი ჰობი, რომელიც ჩემი პროფესია გახდა.

წარბების გამო დედა დისკოთეკაზე არ უშვებდა – ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ანას წარბების ლამაზად გაფორმება უყვარდა. ერთხელ თავის დას წარბები ისე ამოუღო, რომ დედამ ორივე დასაჯა და დისკოთეკაზე არ გაუშვა.

– ირა 14 წლის იყო და ისე დავუწვრილე წარბები, როგორც ზრდასრულ ქალს. ოჰ, როგორ გვეჩხუბა დედა!,– იცინის ანა. – შემდეგ წარბების შეღებვას მეგობრებზე ვვარჯიშობდი. ჩემი ჰობი იყო. თანდათან ხელი გავიწაფე და როგორც ოსტატს რეკომენდაციას მიწევდნენ. დამატებითი შემოსავალი გაჩნდა. მაშინ ვეტერინარობას ვსწავლობდი, სტიპენდიას ვიღებდი და ვფიქრობდი: ხომ არ ვისწავლო წარბების გაკეთება? პერმანენტული მაკიაჟის კურსები დავამთავრე. ქალაქში ამ მომსახურებაზე ნამდვილი ბუმი დაიწყო. ჰობი მაღალანაზღაურებადი პროფესია გახდა. პერმანენტული მაკიაჟის მსოფლოს საუკეთესო ოსტატებთან ვისწავლე. გავიზარდე, როგორც სპეციალისტი, ჩემს კაბინეტში ვმუშაობ, კლიენტების რიგი მაქვს. ჩემი საქმის წინსვლაზე ვმუშაობ, ტრენინგებს გავდივარ. ჩემი მიზანია პერმანენტული მაკიაჟის საკუთარი ცენტრის გახსნა, ოსტატების მომზადება, ახალი ტექნიკის და მოწყობილობის გამოგონება. ვნახოთ, რას გვიჩვენებს მომავალი, – ამბობს ანა.

„ყველაფერი, რაც მასწავლეს, გამომადგა“ – ერთი შეხედვით, ფარმაცია, ვეტერინარია და პერმანენტული მაკიაჟი ერთმანეთისგან შორსაა. ანა ამბობს, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ისწავლა, გამოადგა.

– ბავშვთა სოფელი ჩემი სახლია. ადგილი, სადაც ჩემში ბევრი ინვესტიცია ჩადეს. დედაჩემის, პედაგოგების და ფსიქოლოგების დამსახურებაა, როგორ ვგრძნობ თავს, რა მინდა ცხოვრებისგან. ყველა წრეს, რომელზეც დავდიოდი, ტყუილად არ ჩაუვლია. ცეკვამ თავდაჯერებულობა და ფიზიკური აქტივობა მომცა, ხელსაქმე – ბეჯითობა. ხატვა ძალიან მიყვარდა, ახლა სახეზე ვხატავ. ფარმაცია და ვეტერინარია რომ არ მესწავლა, ხელსაწყოების სტერილიზაციას და კლიენტების უსაფრთხოებას ამდენ ყურადღებას არ მივაქცევდი. ყველაფერი გამომადგა – ამბობს ანა.

სხვათა შორის, ანა ვეტერინარიას არ დამშვიდობებია. მთელ მის ოჯახს ცხოველები უყვარს: ლარისას და მის 14 შვილს, რომელთაგან 9 უკვე ცალკე ცხოვრობს. ანას სახლში სამი კატა ჰყავს, დედამის – სამი, სხვა და–ძმებსაც ცხოველები ჰყავთ. თუ რომელიმე ცხოველი ავად ხდება და გადასხმა სჭირდება, იციან ვის მიმართონ.

ანა და მისი ქმარი ოცნებობენ დიდი სახლის ყიდვაზე, რომ იქ ადგილი ჰქონდეთ მომავალი ბავშვებისთვის და პატარა თავშესაფრისთვის, სადაც უსახლკარო ძაღლებს და კატებს განკურნავენ, შემდეგ ოჯახებს უპოვნიან.

– ჩვენი ოჯახის ბავშვებს, რომლებიც ჯერ კიდევ დედასთან ერთად ცხოვრობენ, ყოველთვის ვეუბნები: კარგად ისწავლეთ, რაც შეიძლება მეტი რამ გაიგეთ, ძალა და დრო არ დაზოგოთ, რომ ყველა წრეზე იაროთ! ეს ყველაფერი აუცილებლად გამოგადგებათ. ბავშვთა სოფელმა ყველაფერი მოგვცა, რომ ცხოვრების მაღალი დონე გვქონდეს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ასე ღირსეულად ცხოვრებას გააგრძელებთ თუ არა.

ბავშვთა სოფლის ფსიქოლოგები ბავშვებს ტრავმების გადატანაში ეხმარებიან, მასწავლებლები მომავალი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს ასწავლიან. რაც მთავარია, მათ მოსიყვარულე ოჯახი ჰყავთ. ასევე ბავშვებს ახალ ოჯახებთან შეგუებასა და აღმზრდელი მშობლების მიღებაში ეხმარებიან. ბავშვთა სოფლის დედები და მამები ერთდროულად ზრდიან რამდენიმე ბავშვს, რომელთაც მშობლების პოვნის ნაკლები შანსი აქვთ: ბევრი და–ძმა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, მოზარდები.