შეუდარებელი ბლინები ყველიერის კვირისთვის: 5 რჩეული რეცეპტი

228

წელს ყველიერის კვირა 20 თებერვალს იწყება და 26 რიცხვამდე არომატული ბლინები სინდისის ქენჯნის და სხეულის ფორმებზე ფიქრის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ. დღესასწაული ისე უნდა აღნიშნოთ, როგორც საჭიროა. თუ დღემდე არ იცით, როგორ მოამზადოთ ბლინები ყველიერის კვირისთვის, დღევანდელი ნაკრები დაგეხმარებათ.

Vivien ცნობილი მზარეულების საუკეთესო რეცეპტებს გთავაზობთ. ასე თქვენი სადღესასწაულო სუფრა უკონკურენტო გახდება. ევგენი კლოპოტენკო გიზიარებთ კლასიკური რძიანი ბლინების რეცეპტს, რომლის სინაზე ნებისმიერს დაიპყრობს. ელისაბედ გლინსკაია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ უჩვეულოდ გემრიელი ფორთოხლის კარამელი ამ კერძისთვის. ჯეიმი ოლივერი გთავაზობთ სასარგებლო ბლინების რეცეპტებს (ისპანახით და გლუტენის გარეშე), რომელთაც სწორი კვების მიმდევრები დააფასებენ.

1. წიწიბურას ბლინი ვეგანებისთვის

ინგრედიენტები:

  • 300 მლ ნუშის რძე
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 100 გ წიწიბურას ფქვილი
  • 100 გ ბრინჯის ფქვილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ბანანი
  • მცენარეული ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ნუშის რძე და ვანილის ექსტრაქტი თასში ჩაასხით. წიწიბურას და ბრინჯის ფქვილი დაუმატეთ.
  2. ქერქგაცლილი ბანანი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მისაღებად დააბლენდერეთ.
  3. ზეთი ტაფაზე გააცხელეთ. ბლინები ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით. გემრიელად მიირთვით.

2. კლასიკური ბლინი ევგენი კლოპოტენკოს რეცეპტით

ინგრედიენტები:

  • 30 გ ხორბლის ფქვილი
  • 340 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 2 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, მარილი და შაქარი ღრმა თასში მოათავსეთ. მცენარეული ზეთი ჩაასხით.
  2. ხორბლის ფქვილი გაცერით, კვერცხს დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მისაღებად სათქვეფით აურიეთ.
  3. რძე ჩაასხით და აურიეთ. ბლინის ცომი ოთახის ტემპერატურაზე 10 წუთით გააჩერეთ.
  4. მზესუმზირის ზეთი ტაფას წაუსვით და გააცხელეთ. ბლინები ორივე მხრიდან შეწითლებამდე აცხვეთ. მზადაა!

3. ისპანახის ბლინი ჯეიმი ოლივერის რეცეპტით

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 100 გ ისპანახი
  • 1 კვერცხი
  • 0,25 ჩ/კ მარილი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 ჭიქა რძე
  • მცენარეული ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხორბლის ფქვილი და კვერცხი კარგად აურიეთ.
  2. ცალკე რძე და ისპანახი აურიეთ. მარილი და შავი წიწაკა დაუმატეთ.
  3. რძე–ისპანახის მასა კვერცხისას დაუმატეთ და ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე აურიეთ.
  4. ტაფა გააცხელეთ, ზეთი წაუსვით და ისპანახის ბლინები ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. გემრიელად მიირთვით.

4. ბლინი ციტრუსის კარამელით ელისაბედ გლინსკის რეცეპტით

ინგრედიენტები:

  • 130 გ ხორბლის ფქვილი
  • 60 გ შაქარი
  • 300 მლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 10 გ ფორთოხლის ცედრა
  • 80 გ კარაქი
  • 70 მლ ფორთოხლის ლიქიორი
  • მწიკვი მარილი
  • 2 ფორთოხალი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და 20 გ შაქარი ღრმა თასში აურიეთ. 50 მლ ფორთოხლის ლიქიორი ჩაასხით. მარილი, ხორბლის ფქვილი და წვრილად გახეხილი ციტრუსის ცედრა დაუმატეთ.
  2. ცხელი რძე და 60 გ გამდნარი კარაქი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  3. ტაფა გააცხელეთ, ცოტა ზეთი წაუსვით. ბლინები ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
  4. ფორთოხლის კარამელი მოამზადეთ. შაქარი ქვაბში ჩაყარეთ და ქურაზე დადგით. შაქრის სრულად გადნობას დაელოდეთ.
  5. 20 გ გამდნარი კარაქი და 20 მლ ლიქიორი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  6. ციტრუსის რბილობი პატარა ნაჭრებად დაჭერით. 2 ფორთოხლის რბილობი და წვენი შაქარს დაუმატეთ. ნარევი სითხის სრულად აორთქლებამდე ცეცხლზე გააჩერეთ, მორევა არ დაგავიწყდეთ.
  7. ბლინებს ფორთოხლის კარამელი მოასხით და სუფრაზე გაიტანეთ!

5. სასარგებლო ბლინი ჯეიმი ოლივერის რეცეპტით

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 250 გ უგლუტენო ფქვილი
  • 300 მლ რძე
  • მცენარეული ზეთი გემოვნებით
  • მწიკვი ზღვის მარილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი ათქვიფეთ, რძე ჩაასხით, ფქვილი და ზღვის მარილი დაუმატეთ.
  2. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ, სათქვეფი გამოიყენეთ.
  3. ზეთწასმულ ცხელ ტაფაზე ბლინები ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. მზადაა.

ასეთი ბლინები სუფრაზე თაფლთან, კენკრასთან, მურაბასთან ან სხვადასხვა სოუსთან (შოკოლადის, კარამელის და სხვა) ერთად გაიტანეთ. მაგალითად, ვაშლის სოუსი მარტივად და სწრაფად მზადდება, თან ძალიან გემრიელია. ასეთი დანამატი მდიდრული ბლინის გემოს წარმატებით ავსებს და სადღესასწაულოს ხდის.