6 სწრაფი რეცეპტი, როგორ მოამზადოთ არომატული ღვეზელი

206

ჩვენს ოჯახში ღვეზელი ყოველთვის უნდა იყოს. ეს კერძი ნებისმიერი შიგთავსით როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს ძალიან უყვართ. ბუნებრივია, წლების განმავლობაში ბევრი წარმატებული რეცეპტი შევიძინე. ზოგი ინტერნეტში ვნახე, ზოგი მეზობელმა მირჩია, ბევრი დედისა და დედამთილისგან მემკვიდრეობით მივიღე. გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ღვეზელი ნებისმიერი ინგრედიენტით და ნებისმიერი გემოვნების.

უშაქრო ღვეზელი წასახემსებლად ან წვნიანის და სალათის მისაყოლებლად კარგი ვარიანტია. ტკბილი ცომეული ფინჯან ჩაიზე და ყავაზე დესერტად გამოგადგებათ. გიზიარებთ ღვეზელის ცომის სწრაფ და მარტივ რეცეპტებს, ხოლო შიგთავსი თავად შეარჩიეთ!

1. ბუმბულივით ფაფუკი ღვეზელი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 0,5 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 11 გ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 3 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 1 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

  1. მზესუმზირის ზეთი და კეფირი აურიეთ. ნარევი მიკროტალღურ ღუმელში ან ქვაბში ოდნავ შეათბეთ.
  2. გაცრილი ფქვილი, შაქარი, მარილი და საფუარი აურიეთ.
  3. კეფირი–ზეთის ნარევს თანდათან მშრალი ინგრედიენტები დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. პარკი დააფარეთ და 30 წუთით თბილ ადგილას დადგით.
  4. ცომის ნაჭერი მოწყვიტეთ, შიგთავსით გაავსეთ და ღვეზელის ფორმა მიეცით.
  5. ღვეზელები პერგამენტდაფარებულ და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე ნაკერით ქვემოთ დააწყვეთ. 10 წუთით გააჩერეთ.
  6. ღვეზელებს კვერცხი წაუსვით და 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ.

2. ღვეზელები ხაჭოს ცომით 15 წუთში

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 500 გ ხაჭო
  • 3 ს/კ შაქარი
  • 2 მწიკვი სოდა
  • 10 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 2 მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი შაქრის გახსნამდე აურიეთ.
  2. დაუმატეთ ხაჭო, შემდეგ ფქვილი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. მარილი და სოდა დაუმატეთ და ცომს კარგად აურიეთ.
  4. ცომი ნაჭრებად (დაახლოებით 20) დაყავით, თითოეულს კვერის ფორმა მიეცით, შიგთავსი გაავსეთ და კიდეები შეკარით.
  5. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით, ღვეზელები დააწყვეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

3. პატარა ღვეზელები რძეზე

ინგრედიენტები:

  • 580 გ ხორბლის ფქვილი
  • 250 მლ რძე
  • 1 ს/კ შაქარი
  • 11 გ მშრალი საფუარი
  • 200 გ კარაქი
  • 0,5 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. რძე და კარაქი აურიეთ და ოდნავ შეათბეთ. მასა ერთგვაროვანი და თბილი უნდა იყოს.
  2. მარილი, შაქარი და მშრალი საფუარი დაუმატეთ. აურიეთ და 5 წუთით გააჩერეთ.
  3. რძიან ნარევს ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
  4. ცომი 6 ნაჭრად გაყავით, თითოეული მართკუთხედად გააბრტყელეთ. ერთ კიდეზე შიგთავსი დაუმატეთ, რულეტივით დაახვიეთ და კიდე შეკარით.
  5. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. 180 გრადუსზე 25-30 წუთით აცხვეთ.

4. საფუვრიანი ღვეზელები რძეზე

ინგრედიენტები:

  • 600 გ ხორბლის ფქვილი
  • 4 ს/კ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 50 გ მარგარინი
  • 250 მლ რძე
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ/კ ვანილი

მომზადების წესი:

  1. ცოტა რძეში საფუარი გააზავეთ, 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ.
  2. როცა საფუარი აქაფებას დაიწყებს, კვერცხი, დარჩენილი რძე და შაქარი, მარგარინი (ალტერნატივა კარაქი), ვანილი, ფქვილი და მარილი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ, 2 საათით თბილ ადგილას დადგით.
  3. ცომი ჩაზილეთ და მასთან მუშაობა დაიწყეთ: ნაწილებად დაყავით, გააბრტყელეთ, შიგთავსით გაავსეთ და ღვეზელები გააკეთეთ.
  4. საცხობ ფორმას პერგამენტი დააფინეთ და 200 გრადუსზე შეწითლებამდე აცხვეთ.

5. ბლინი–ღვეზელი მჟავე რძესა და ხაჭოზე

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 500 მლ მჟავე რძე
  • 200 გ ხაჭო
  • 1 ჩ/კ სოდა
  • მარილი გემოვნებით
  • შაქარი გემოვნებით
  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, ხაჭო და 250 მლ მჟავე რძე ათქვიფეთ. შაქარი და მარილი დაუმატეთ, ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  2. სოდა და დარჩენილი რძე აურიეთ, შემდეგ ხაჭოს ცომს ჩაასხით. მასა სათქვეფით ან მიქსერით ათქვიფეთ, რომ სქელი არაჟნის მსგავსი მასა მიიღოთ.
  3. ტაფაზე ზეთი კარგად გააცხელეთ. ცომი პორციებად დაასხით, ცეცხლს დაუწიეთ და ტაფას თავსახური დაახურეთ.
  4. როცა ბლინები შეწითლდება, შიგთავსი დაუმატეთ, ფრთხილად გადაკეცეთ, სპატული გამოიყენეთ. თავსახური დაახურეთ და კიდევ 1 წუთით აცხვეთ, შემდეგ გადააბრუნეთ.

6. საფუვრიანი ღვეზელი მდუღარე წყალზე

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა წყალი
  • 50 გ საფუარი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 4 ჭიქა ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი:

  1. 1 ჭიქა თბილი წყალი, მარილი, შაქარი, ფქვილი და მზესუმზირის ზეთი აურიეთ. 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ცომი მოზილეთ.
  2. მაშინვე ღვეზელების გამოძერწვა დაიწყეთ. ცომი ნაჭრებად დაყავით, შიგთავსით გაავსეთ, კიდეები შეკარით და ტაფაზე შეწვით.

მოწითალო ღვეზელები ნებისმიერი ინგრედიენტებით შეგიძლიათ მოამზადოთ. საფუძვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე, კეფირი, მჟავე რძე, ხაჭო ან უბრალო წყალი. საფუარით ან მის გარეშე გააკეთეთ, ზეთზე შეწვით ან ღუმელში გამოაცხვეთ. თუ ღვეზელი არასდროს მოგიმზადებიათ, ახლავე სცადეთ. ნამდვილად გამოგივათ!