ერთხელ ჩემთან კონსულტანციაზე 34 წლის ლევანი მოვიდა. მამაკაცი დაქორწინებული იყო და ქალიშვილს ზრდიდა. დედასთან ურთიერთობის სირთულეებს უჩიოდა. მისი თქმით, დედამისი კლიმაქსის პერიოდში მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა. ჯერ შვილის ოჯახის მართვას ცდილობდა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. შვილთან ურთიერთობისას ხშირად ტიროდა. ჩიოდა, რომ მისი არავის ესმის, მის რჩევებს არავინ უსმენს, ყურადღებას არავინ აქცევს (განსაკუთრებით, რძალი), არ იცის, როგორ იცხოვროს და ა.შ. მისი განწყობის ხშირი ცვლილების და ცრემლიანობის გამო ლევანის ცოლმა დედამთილთან დარეკვა შეწყვიტა და შვილიშვილს იშვიათად უტოვებს.
ეს მამაკაცის შფოთვის მიზეზი გახდა. დაინახა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ორი ქალის, დედის და ცოლის ურთიერთობა გაუარესდა. დაუფიქრებლად რომ არ მოიქცეს, რჩევისთვის მოვიდა. საუბრისას შევამჩნიე, რომ ხელში გამუდმებით ატრიალებს სიგარეტის კოლოფს, რომელზეც კალმით რაღაც ეწერა. როცა დავინტერესდი, რამე ისეთი ხომ არ ეწერა, რაც ფსიქოლოგს აუცილებლად უნდა ჰკითხოს, გაეცინა და მიპასუხა:
– მეორედ დაოჯახებული ვარ. პირველმა ქორწინებამ მხოლოდ 6 წელი გაძლო, ცოლს შვილების ყოლა არ შეეძლო და დიდად არც სურდა. შემდეგ ამჟამინდელი მეუღლე, ლიზა გავიცანი. შეხვედრები დავიწყეთ, ცოლს გავშორდი. ლიზასთან ერთად ცხოვრება დავიწყე, შემდეგ დაორსულდა, ვიქორწინეთ, ქალიშვილი დაიბადა. ზოგადად, კარგად ვცხოვრობთ., მაგრამ ბევრი სხვადასხვა ყოფითი და სამსახურებრივი პრობლემაა, ძალიან ვიღლები, დამატებით, დედაზე ვნერვიულობ. ცოლი ჩემს გამხნევებას ცდილობს. სადაც შეუძლია, ყველგან წერს: „გახსოვდეს ძვირფასო: მე შენ მიყვარხარ“. სიგარეტის კოლოფზეც. – შეფუთვის მეორე მხარეც მაჩვენა, სადაც ეწერა: მე და ბავშვი გიყვარდეს: მამა, მოწევას თავი დაანებე!“ – მეც შესაძლებლობის მიხედვით ცოლის მიმართ ყურადღებით და საჩუქრებით სიყვარულის გამოხატვას ვცდილობ.
პირადად, ცოლ–ქმარს შორის ასეთი თბილი ურთიერთობა მომეწონა. როცა ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ, ბავშვის დაბადების შემდეგ, ცოლი და ქმარი პოულობს შესაძლებლობას, რომ ერთმანეთს უთხრას „მიყვარხარ“, ეს მშვენიერია. ოჯახის მთელი სიღრმის და თბილი ურთიერთობის გარკვევისას, ლევანს ერთ პარადოქსზე მივაქცევინე ყურადღება: სწორედ ამ, გარეგნულად ყველასთვის სასიამოვნო გარემოებას ნეგატიური მხარე შეიძლება ჰქონდეს, ღვიძლი დედის, ამავდროულად, ლიზის დედამთილის დეპრესია.
ჩემს პრაქტიკაში ასეთი ბევრი ისტორიაა. სქემა მარტივია: დედა ლევანს მარტო ზრდიდა, განქორწინების შემდეგ მთელ დროს შვილს უთმობდა. მას შემდეგ, რაც ზრდასრულმა შვილმა ცალკე ცხოვრება დაიწყო, დედა არ გათხოვილა, დიდი მიზანი არ დაუსახავს, ინტერესები არ შემატებია. სანამ ვაჟი პირველი ქორწინებით ნაკლებად კმაყოფილი იყო, დედა ეხმარებოდა, უკავშირდებოდა და მხარს უჭერდა. მოსიყვარულე დედა დაეხმარა, რომ განქორწინება გაებედა. ახალი ქორწინების დარეგისტრირებაში მხარს უჭერდა. როცა გაირკვა, რომ მეორე ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა, ეს მოსიყვარულე დედასთვის სასურველი, მაგრამ მოულოდნელი აღმოჩნდა. გარეგნულად სასიხარულო, მაგრამ სინამდვილეში – სამწუხარო. ასე ყოველთვის ხდება: ახლობლების წარმატება მათ ხშირად გვაშორებს. შვილი ახალგაზრდა ცოლის საიმედო ხელში აღმოჩნდა. ჩაცმული, ნაჭამი, ინტიმურად ბედნიერი, ბავშვზე და ლამაზ ცოლზე გიჟდება. ჯანმრთელია, საკუთარი ბინა, სტაბილური სამსახური და კარგი შემოსავალი აქვს.
აი, ყველაზე სამწუხარო: ლევანის ამ ბედნიერ ცხოვრებაში არ აღმოჩნდა ერთი უბედურება, სადაც გულწრფელად მოსიყვარულე დედა საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. ესეც კანონზომიერია: ეგოისტების გარდა, საკუთარი თავი არ გვჭირდება, როცა სხვებს არ ვჭირდებით. ლევანის დედა შვილის დახმარებას ცდილობდა, თუნდაც შვილიშვილზე ზრუნვით, მაგრამ აი, უბედურება: რძალი შესანიშნავი დედა აღმოჩნდა, თან მძახალი პენსიაზე გავიდა და შვილიშვილთან დღედაღამ სიამოვნებით იჯდა.
ასე ოჯახის ფსიქოლოგიის სტანდარტებით კლასიკური სქემა ჩამოყალიბდა. ქალი, რომელიც ჯერ ძალიან ასაკოვანი არაა, 50 წელს ახლა გადააცილა, არავის სჭირდება. ქმარი ან მეგობარი არ ჰყავს, ინტიმური ცხოვრება არ აქვს, დაქალი – არა, კარიერა, ფინანსური, საზოგადოებრივი, სამეცნიერო, პოლიტიკური, საქველმოქმედო და სამეცნიერო მიზნები – არა, სპორტული, შემოქმედებითი ან სხვა გატაცება – არა. ზრდასრულ შვილს თითქმის არ სჭირდება, მის ცოლს და ახალგაზრდა შვილიშვილსაც არა. მორჩა! მის თვალწინ მთელი სამყარო იშლება. საწყენია ის, რომ ზოგადი კეთილდღეობის ფონზე, არც ერთ ახლობელს ლევანის დედის სულიერი ტრაგედიის, მისი განვითარებადი დეპრესიის ნამდვილი მიზეზის გაგება არ შეუძლია. მიღწეული მიზნის უკან ყოველთვის არის სიცარიელე, თუ ახალი მიზანი არაა. როცა ცხოვრების მთავარი მიზანი შვილის გაზრდაა, ამ უკანასკნელის მიერ ოჯახის შექმნის შემდეგ, დეპრესია ხშირად ვითარდება.
ამ ნიუანსის არ ცოდნის გამო, ექიმები და ახლობლები ლევანის დედის ცრემლებს მარტივი მეთოდით, კლიმაქსით ხსნიდნენ. რა თქმა უნდა, დეპრესიის განვითარებაში მასაც თავისი წვლილი აქვს, მაგრამ ყოველთვის ძირითადი არაა. იგივე კლიმაქსი, როცა ქალი გარემომცველ ცხოვრებაში ჩართულია, ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზე ნაკლებ დამანგრეველ ეფექტს ახდენს. ასობით ქალი წარსულში, რომლებიც შვილებისა და შვილიშვილებისთვის ცხოვრობდნენ, კლიმაქსს ყოველგვარი დეპრესიის გარეშე ხვდებოდნენ.
გახსოვდეთ: დეპრესია ადამიანის ცხოვრებაში ორ უკიდურესობაში მოდის. ზედმეტი დატვირთვის და სტრესის ან მოთხოვნადობის ნაკლებობის გამო. დეპრესია სიგნალია, ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც განიშნებთ, რომ ადამიანის ცხოვრება არასწორად მოწყობილია და ეს მისი როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სახიფათო შეიძლება იყოს. თუ საყვარელი ადამიანის გადაჭარბებული დატვირთვა, მისი აშკარა ობიექტურობის გამო, ადვილად დიაგნოსტირებადია, პირადი მოთხოვნადობის ნაკლებობა, მისი სრული სუბიექტურობის გამო, რთული ამოსაცნობია. ლევანის დედის ახლობლების თვალსაზრისით, მოხუც ქალს ყველაფერი რიგზე აქვს. შვილი განათლებული, უზრუნველყოფილი, შემოსავლით, ბინით, ცოლით, შვილით, ჯანმრთელი. თავად ქალს ბინა, აგარაკი, სამსახური, პენსია, უნარშეზღუდული არაა. მოხუცი დედის შესაძლო დეპრესია უკავშირდება კლიმაქსს ან უზრუნველ ცხოვრებას.
ცალკე პრობლემაა ისიც, რომ დაავადებული ადამიანიც დეპრესიის მიზეზს ვერ ხვდება. უთხრა საკუთარ თავს, რომ ცხოვრების აზრს კარგავ იმის გამო, რომ ახლობლებს არ სჭირდები და ისინი თავს კარგად გრძნობენ, ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელია. ეს რაღაც ნონსენსია. ჩემს პრაქტიკაში იშვიათია, როცა დედები თვითკრიტიკულები და გამჭრიახები იყვნენ. ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანს დედამიწაზე მცხოვრებ ყველა არსებაზე უფრო ძლიერი დედობრივი გრძნობები აქვს.
ვინაიდან ადამიანის ბავშვობა პლანეტაზე ყველაზე გრძელია. საშუალო და დიდი ძუძუმწოვრების უმეტესობაში შთამომავლობა სრულად მომწიფებული, ზრდასრული და დამოუკიდებელი დაბადებიდან რამდენიმე თვეში, მაქსიმუმ 2–3 წელიწადში ხდება. ახალი ბავშვების ყოლით მდედრი და მამრი თავის ცხოვრებას აახლებს, წინა შვილებს ივიწყებს, ისინიც მშობლებთან ყოველგვარ კონტაქტს კარგავენ. პრიმატებსა და ადამიანებში სხვაგვარადაა. ბავშვები იშვიათად იბადებიან და ზრდასრულები მხოლოდ 15-20 წლის შემდეგ ხდებიან. ჩვენი ბავშვების ბავშვობა ჩვენი ზრდასრული ცხოვრებაა, მისი განთიადი და დაისი. აქედან მოდის დედასა და შვილებს შორის უწყვეტი კავშირი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება, თუ შვილი ერთია, ხოლო დედას პირადი ცხოვრება მოწყობილი არ აქვს, საკუთარი ინტერესები და მიზანი არ აქვს. როცა ერთადერთი შვილი ოჯახს ქმნის და მიდის, დედისთვის „შავი“ დღე ხდება, მისი გარეგნული ზეიმის მიუხედავად.
ჩვეულებრივ, როცა მოხუცი დედა მარტო არაა, არამედ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, ყველაფერი 6 სცენარის მიხედვით ვითარდება.
- სცენარი 1. დედობრივი სიყვარულისგან დაღლილი არშემდგარი ქალი ვაჟის ან ქალიშვილის ბედნიერი ქორწინების განადგურებას იწყებს. აღწერილ ამბავში, თუ ლევანის ცოლი დედამთილს შვილიშვილთან ურთიერთობას აუკრძალავს, ის შვილს რძლის წინააღმდეგ განაწყობს. არა მხოლოდ შვილიშვილის, არამედ ღვიძლი შვილის გამო ბრძოლას დაიწყებს. შედეგად, მეორე ქორწინებაც კრახით დასრულდება. ასე ისევ საჭირო გახდება. შვილს ანუგეშებს, განქორწინების შემდეგ ქალიშვილთან ურთიერთობაში დაეხმარება. ყველას შეიცოდებს, თავს საჭიროდ ჩათვლის. შვილის უბედურებასთან კონტრასტში რეალიზებული და ბედნიერი გახდება.
- სცენარი 2. დედა შვილის ქორწინებას ანგრევს, მაგრამ შვილი სიმტკიცეს ავლენს და დედასთან დისტანციას ინარჩუნებს. მისი რჩევებით ცხოვრებაზე უარს ამბობს. ქორწინებას ინარჩუნებს. როცა შეტევით საქმეს ვერ აღწევს, დედა ან ზრდასრული შვილის ცხოვრებაში ჩარევას გონივრულ დონემდე ამცირებს ან წლები მასთან კონტაქტს წყვეტს. ამის შემდეგ დედა–შვილის ურთიერთობა მაინც ლაგდება.
- სცენარი 3. ნამდვილად კეთილი, მზრუნველი და მოსიყვარულე მოხუცი ქალი, რომელსაც არავის შეწუხება სურს, დეპრესიასა და თანმხლებ დაავადებებში ჩუმად ქრება. ყველასთვის საყვარელი და მონახულებადი, მაგრამ მაინც მარტო.
- სცენარი 4. მოხუცი ქალი მშვიდად და გონივრულად სადღაც სხვაგან ცხოვრებას პოულობს. სამსახურში, გატაცებაში, საკუთარ ცხოვრებაში და ა.შ. თუ მარტოა, ახალ სიყვარულს იპოვის, მამაკაცთან ურთიერთობას ააწყობს. იშვიათად, ყოფილ ქმართან ურთიერთობას ალაგებს.
- სცენარი 5. ბრძენი ქალი, მისი შვილი და რძალი, მათი ნათესავები ხანდაზმული მოსიყვარულე დედისთვის ადგილს პოულობენ. სამუშაოს ქმნიან შვილიშვილებთან ერთად, სახლში, აგარაკზე, ოჯახურ ბიზნესში, სადაც დედა თავს საჭიროდ და მნიშვნელოვნად იგრძნობს. მეორე ახალგაზრდობას იძენს, დეპრესიას ამარცხებს და არა მხოლოდ შვილიშვილების, არამედ შვილთაშვილებზე ზრუნვასაც ასწრებს.
- სცენარი 6. შერეული ვარიანტები. ყველაზე ოპტიმალური მე-4 და მე-5 ვარიანტების ნარევია. ოჯახის ფსიქოლოგი ყოველთვის მე-4, მე-5 ან მათი ნარევის ვარიანტებს ემხრობა.
მშობლების კომუნიკაციის წესები ერთადერთ ზრდასრულ შვილთან:
- მშობლების სიყვარულმა შვილებს და მშობლებს ტკივილი არ უნდა მიაყენოს.
- ზრდასრულ შვილს და მის მეორე ნახევარს მხოლოდ მაშინ ურჩიეთ, თუ ამას გთხოვენ. როცა თანახმა არიან, მოგისმინონ და გაითვალისწინონ.
- შვილის გაზრდის, მისი წარმატებული ცხოვრების მოწყობის შემდეგ, როცა შვილს დახმარება აღარ სჭირდება, ახალი მიზნები დაისახეთ, თქვენი სურვილების მიხედვით იცხოვრეთ.
- შვილიშვილების გაჩენის შემდეგ ბებია–ბაბუა შვილების ცხოვრებაში ჩარევას ამცირებენ. მთელ დროს შვილიშვილებს უთმობენ. თუ შვილების დახმარება გსურთ, შვილების აღზრდაში დაეხმარეთ.
- ზრდასრული შვილის ვალია, რომ ეგოისტი არ იყოს, მშობლები ანგარებით არ გამოიყენოს, არამედ უფლება მისცეს, რომ ნებისმიერი ფორმით საკუთარი თავი იპოვოს (სახიფათო დამოკიდებულების გარდა).
- ზრდასრულმა შვილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პენსიონერ მშობლებს ცხოვრების ხალისი და მიზანი დაუბრუნოს. მათ შორის, შვილების და შვილიშვილების ცხოვრებაში კომფორტული ადგილის დაკავებაში.